ელზა პაპოშვილი
01.07.2019

 პროპორციული საარჩევნო სისტემა და ნულოვანი ბარიერი - "გავრილოვის ღამის" ერთ-ერთი  შედეგი,  "ქართული ოცნება" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განხილვის თემა იქნება პარტიების დაფინანსებასთან ერთად უფასო საეთერო დრო და თავისუფალი მანდატების გადანაწილება. 

სიახლის პრეზენტაცია უმრავლესობამ ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე ჩაატარა. ამის შემდეგ კი, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი დადგება და საჯარო განხილვის პროცესი დაიწყება. 

შეხვედრას ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრნენ. სასტუმრო „შერატონში“ შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ ესწრებოდნენ. 

"ქართულ ოცნებას" უნდა საკუთარი მარცხი გამარჯვებად წარმოაჩინოს - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მმართველი გუნდის ინიციატივას. ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს სრულად უჭერს.

"მიზანი არის იაფფასიანი პიარსვლა, უნდათ საკუთარი წარუმატებლობა გაასაღონ გამარჯვებად. „ქართული ოცნება“ დამარცხდა საზოგადოებასთან, დამარცხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ქუჩაში აპროტესტებენ "ქართული ოცნების" უმსგავსობებს და დანაშაულს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაუჭერს ნებისმიერ ვარიანტს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას, იქნება ბარიერით თუ უბარიეროდ, იქნება ბლოკებით თუ უბლოკოდ. მაგრამ ჩვენ მივიღებთ ყველა კანონით გათვალისწინებულ პროცედურაში მონაწილეობას, შევთავაზებთ ყველა პარტიას მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, თუ რომელი არის საუკეთესო,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

 „დღეს არის პროპორციული არჩევნების ძეობა და ნუ ჩამოგტირით სახეები," - ასე მიმართა დავით უსუფაშვილმა „ოცნების“ ლიდერებს პრეზენტაციაზე.  „შენების მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, რა პრობლემაც არ უნდა დადგეს დღის წესრიგში, უმთავრესია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ შეფერხდეს.

„პროპორციული არჩევნების ძეობისთვის გავიღიმოთ. მერე გაგვახსენდება ბევრი სხვა პრობლემა და ისევ დაღვრემილები გავალთ აქედან მაგრამ ამ ნაწილში გაღიმება შესაძლებელია. მე არ ვიცი, როდის გადადგება შს მინისტრი, არადა მგონია, რომ უნდა გადადგეს. მე მინდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რა პრობლემაც არ უნდა გაჩნდეს, რა პრობლემაც არ ვერ უნდა მოგვარდეს დროულად ამ პროცესს ხელის არ შეუშალოს ამ ყველაფერმა. ის გაუნაწილებელი თითო მანდატი ერგოს არა ყველაზე უფრო ძლიერ პარტიებს, არამედ იმათ ვისაც ვისაც მეტი ნაშთი დარჩა მანდატების მიღების შემდეგ,“ -განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მიუხედავად ოპოზიციის მზაობასა და ერთიანი პოზიციისა, არასამთავრობოები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში არსებობს რისკი იმისა,  მოხდეს პარტიების მოსყიდვა . „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახლა მთავარია ვისზე გადანაწილდება გადაუნაწილებელი ხმები. ასევე ეკა გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დააფინანსებს კონკრეტულ პარტიებს, რათა მოხდეს რისკების თავიდან აცილება.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვისზე გადანაწილდება გადაუნაწილებელი ხმები. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ვიცოდეთ, ვინ დააფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს. იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ სატელიტური პარტიები შეიქმნას. ცხადია ყველაზე საუკეთესო პრაქტიკა საუბრობს იმაზე, რომ 3%-იანი ბარიერი მაინც უნდა იყოს, თუმცა ჩვენს პირობებში მგონია, რომ იმასთან შედარებით რაც ჩვენ გვქონდა ნულპროცენტიანი ბარიერი არის ყველაზე დიდი მიღწევა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ნულოვანი ბარიერი მეორეხარისხოვანია სულხან სალაძისთვის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განსახილველია ძალიან ბევრი თემა, მათ შორის პარტიების დაფინანსება და ცესკოს დაკომპლექტება.

„ამომრჩევლის ნებას ყველაზე უკეთ საკანონმდებლო ორგანოში,  რა თქმა უნდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა გამოხატავს. პირველი რაც მინდა  ვთქვა, რაც უფრო მალე დაასრულებენ პოლიტიკური პარტიები დისკუსიას იმაზე ნულოვანი ბარიერი უნდა იყოს თუ 2 ან 3 პროცენტიანი ბარიერი, მით უფრო უკეთესი იქნება.  რადგანაც პროპორციულ საარჩევნო სისტემის მიღმაც კი ძალიან  ბევრი საკითხი რჩება, რომელიც არის აუცილებლად გასავლელი. პირველი ეს ეხება პარტიების დაფინანსებას საკითხს,  ცესკოს დაკომპლექტებას, კვოტირებას. ესაა თემები რომელზეც ცხარე დისკუსია იქნება, მიუხედავად იმისა, რომელ პროპორციული სისტემას ავირჩევთ“, - განაცხადა სალაძემ. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×