თამაზ ვაშაკიძე: ,,მთლიანად შეიძლება არ არის ეკონომიკა ჩრდილში, მაგრამ მომსახურების სფეროსთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 75%-ს აღწევდეს".
მარი ჩიტაია
01.07.2019

 საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი 50%-ს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ეკონომიკური ურთიერთობის ჩრდილიდან გამოვიდეს, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთი ჯერ კიდევ იმდენად მძიმეა, რომ მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ იძლევა. ამ მხრივ სერიოზულ დაბრკოლებად რჩება ლარის კურსი, რაც ქვეყნის ეკონომიკას დიდ საფრთხეს უქმნის. რეალურად რა მასშტაბისაა ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკა უცნობია. ოფიციალური სტატისტიკა ამის შესახებს არაფერს გვეუბნება. არაოფიციალური მონაცემი კი, რომელიც ეკონომიკის სფეროს წამყვან სპეციალისტებს გააჩნიათ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

ბოლო კვლევა, რომელიც ამ მიმართულებით 2018 წელს ჩატარდა,  საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეკუთვნის, რომლის მიხედვით საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან 64.9%-ია. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ რეალურად ეს მაჩვენებელი მეტია, ნაწილის შეფასებით კი, მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავებულია და სინამდვილეში ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე საქართველოში 25%-ს არ აჭარბებს.

ასე ფიქრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელიც თვლის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში შემცირდა და დაახლოებით 23-25%-ია ფარგლებშია. 

,,ჩრდილოვანი ეკონომიკის კვლევა, 2018 წლის მიხედვით, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთმა სტრუქტურამ ჩაატარა. რატომღაც დაასკვნეს, რომ საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკა 50%-ის ფარგლებშია, რაშიც ვერ დავეთანხმები. თამამად შემიძლია თქმა, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. გლეხი რომ საკუთარ ეზოში მოიყვანს სიმინდს და თვითონ მოიხმარს ან გაყიდის და გადასახადს არ გადაიხდის, ეს არაფორმალური ეკონომიკაა. თუმცა ყველა სფერო რომ ავიღოთ, ჩრდილოვანი ეკონომიკა დაახლოებით 23-25%-ია. სოფლის მეურნეობაში, რასაც ემატება არაფორმალური წარმოება, მომსახურების სფეროში, ტურიზმი, ბინების გაქირავება, ტაქსის მომსახურება და სხვა, ესეც არაფორმალური და ჩრდილოვანი ეკონომიკაა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი წილი 25%-ს არ აღემატება. ეს უფრო მიახლოებითი და პირობითი შეფასებაა", - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა ძალიან მაღალი იყო 90-იან წლებში, მაგრამ შემდეგში მან კლება დაიწყო, რაზეც ადმინისტრირების გაუმჯობესებაც მეტყველებს. 

,,მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც ჩრდილოვანი ეკონომიკა არ აქვს. აშშ-შიც კი მას სხვადასხვა მეთოდოლოგიის მიხედვით ითვლიან და 3-დან 8%-მდეა. წარმოიდგინეთ აშშ-ში თუ ეს ვითარება გვაქვს, სხვა ქვეყნებში რა იქნება?! მსოფლიო ბანკის კვლევის პარალელურად მე წარმოვადგინე შედარება ბიზნესის წამოწყების სიმარტივის და სხვა პრიორიტეტების გათვალისწინებით. ჩემი აზრით, საქართველოში შეუძლებელია ჩრდილოვანი ეკონომიკა 50% -ის დონეზე იყოს. ქვეყანაში არსებობს მაღალი კორელაცია ბიზნესის წარმოების, გადასახადების გადახდისა და ტრანსფარენტულობის მაჩვენებელსა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს შორის. რაც უფრო ცუდადა საგადასახადო კულტურა, იქ უფრო მეტია ჩრდილოვანი ეკონომიკა, ამიტომ ვერ მოდის შესაბამისობაში ეს მონაცემი და მათ გამოყენებას მოვერიდებოდი. ამიტომ არ ვეთანხმები წარმოდგენილი კვლევის ანგარიშს, ჩრდილოვან ეკონომიკაში თუ ჩავთვლით არაფორმალურ მეურნეობასაც, რომელშიც დიდი წილი სოფლის მეურნეობას უჭირავს, ეს მაჩვენებელი შეიძლება ბევრად დაბალია", - ამბობს სოსო არჩვაძე. 

სტატისტიკოსის მოსაზრებას არ იზიარებს თამაზ ვაშაკიძე, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველოს" უფროსის მოადგილე. 

მისი შეფასებით, ქვეყანაში ჯერ მაღალ დონეზეა აღურიცხავი წარმოებული პროდუქტის და გამოწერილი ხელფასის ოდენობა. ბიზნესის უფრო მეტად ლეგალიზება რომ ხდებოდეს, დაბალი ჩრდილოვანი ეკონომიკა გვექნებოდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა რეალობაა.

,,3 წლის წინ ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ჩვენთან ბრუნვაშია 545 მლრდ ევრო და აქედან 260 მლრდ ევრო არის ჩრდილოვანიო, ეს არის ამოსავალი წერტილი, რითაც ჩრდილოვანი ეკონომიკის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ. შესაბამისად, აქ დაწევაზე და არდაწევაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. არც ერთი ორგანიზაცია, არც ერთი უცხოელი ექსპერტი არ იძახის, რა მეთოდით დაიანგარიშა ჩრდილოვანი ეკონომიკა ქვეყანაში. დარგობრივ ჭრილში თუ მიმოვიხილავთ, მომსახურების სფეროში შეიძლება იყოს მაღალი, მაგრამ წარმოების სფეროში - ნაკლები. ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, უამრავი მეთოდია სხვადასხვა დარგში, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ არაფერი დაგვიმალავს, გამოვიყენეთ ტრადიციული მიდგომა: მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, მოთხოვნა ნაღდ ფულსა და საგადასახადო ტვირთი. როგორც წესი, ამ სამი კომპონენტის გაანგარიშებით დგინდება ჩრდილოვანი ეკონომიკა. ვინაიდან მართვის სისტემა არ შეცვლილა, ვთვლი, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ნიშნული ძალიან არ შეიცვალა და ამ ეტაპზეც 70%-ის ფარგლებშია", - ამბობს ვაშაკიძე და დასძენს, რომ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ანტიკორუფციული მეთოდის გამოყენებით, რა მიმართულებითაც ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა.

,,თავის დროზე რატომღაც საკაშვილის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საქართველოში აღარ არსებობდა მცირე მეწარმეობისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემები. თუმცა, იმ პერიოდში მიმდინარე კვლევებმა მთავრობა აბსოლუტურად მოულოდნელი რეალობის წინ დააყენა, როცა ავსტრიული კომპანია "ეუობსერვიზის" ექსპერტებმა 2009 წელს საქართველოში დააფიქსირეს 68%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. ჩვენ ჩავატარეთ განსხვავებული კვლევა და ჩრდილოვანი ეკონომიკის გაცილებით უფრო მაღალი, 78%-იანი მაჩვენებელი დავაფიქსირეთ. ამ დავას კი საბოლოოდ დაუსვა წერტილი მსოფლიო ბანკმა, რომელმაც 2012 წელს საქართველოში ცალსახად ოფიციალურად დააფიქსირა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. ვითარება დღესაც მძიმეა. მდგომარეობა ჩრდილოვან ეკონომიკასთან დაკავშირებით შეიძლება გამოასწოროს  ანტიკორუფციული მეთოდის გამოყენებამ, რა მხრივაც წინ გადადგმული ნაბიჯი არ გვაქვს. ,,ეკონომიკის ანბანში" ერთ-ერთი უცხოელი ანალიტიკოსი წერს, რომ გადასახადები როცა შემოსავლების 50%-ს აჭარბებს, ეს არის პირველი ნაბიჯი, როცა ჩრდილოვანი ეკონომიკა იწყება. არც ერთი ნორმალური მეწარმე შემოსავლის ნახევარს სახელმწიფოს, არავითარ შემთხვევაში, არ გადაუხდის. მთლიანად შეიძლება არ არის ეკონომიკა ჩრდილში, მაგრამ მომსახურების სფეროსთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 75%-ს აღწევდეს. ამ დარგში შეუძლებელია სამუშაო თვითღირებულება დადგინდეს, შესაბამისად, მოთხოვნილი თანხა ბევრად აღემატება იმ გადასახადს, რასაც მეწარმე სუბიექტი იხდის", - ამბობს თამაზ ვაშაკიძე.  

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ანზორ საკანდელიძის შეფასებით, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა და რეალურად 70%-ზე ნაკლები არ არის, რაზეც, მისი თქმით, საგადასახადო ტვირთის სიმძიმე მეტყველებს. 

,,2012 წელს მსოფლიო ბანკმა დააფიქსირა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. არ მესმის, რის ხარჯზე უნდა გაუმჯობესებულიყო ვითარება, როცა საგადასახადო კოდექსი კიდევ უფრო დამძიმდა საგადასახადო ტვირთით. ეკონომიკის სამინისტროში არსებობდა ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველო. ბენდუქიძემ პირველ რიგში სწორედ ეს სამმართველო გააუქმა. არ დასჭირდებათ სხვა ფინანსური ორგანზიაციების კვლევა, აღადგინონ ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველო და ის გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს. სხვათაშორის, როცა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა დააფიქსირა მსოფლიო ბანკმა, ეკონომისტების ნაწილი საუბრობდა, რომ ამ მიმართულებით მძიმე ვითარება გვაქვს. რეალურად დღეს 70-72%-ზე ნაკლები არ იქნება. ჩრდილოვანი ეკონომიკა რომ შემცირდეს, აუცილებლად უნდა შემცირდეს საგადასახადო ტვირთი. 2004 წელს, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსი მიიღეს, ნოღაიდელის პერიოდში, ითქვა, რომ 18 გადასახადი 6 გადასახადამდე შეამცირეს, რაც სიცრუე იყო. 12 გადასახადი, რომელიც ნოღაიდელმა ამოიღო ძირითადი გადასახადებიდან და მოსაკრებლებში გადაიტანა, ევროპამ საბოლოოდ ძირითად გადასახადებში ჩაგვითვალა. ამიტომ რეიტინგში 148 ქვეყანას შორის 92-ე ადგილზე ვიყავით გადასახადების რაოდენობის მიხედვით, ხოლო სირთულის მიხედვით, 145-ე ადგილზე აღმოვჩნდით. რა გავაკეთეთ ისეთი, რომ შემცირებულიყო ჩრდილოვანი ეკონომიკა? აბსოლუტურად არაფერი, პირიქით, მთლიანი საგადასახადო დატვირთვა, ჯამური გადასახადები, გაიზარდა, რის პარალელურადაც ყოველთვის მატულობს ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბიც, მაგრამ რეალობის არაირება უჭირთ", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ანზორ საკანდელიძემ.

სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით მსოფლიოს 158 ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 31.9%-ია. საქართველო კი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან მიმართებით ყველაზე მაღალია (თითქმის 65 %) . ამ მაჩვენებლით საქართველო ზიმბაბვესა (60.6%) და ბოლივიას (62.3%) გვერდით დგას.  რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანში შავი ეკონომიკის წილი 52.19%-ია, სომხეთში 42.59%, თურქეთში 31.38%, ხოლო რუსეთში კი 39.73%.

მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის ჩრდილოვანი ეკონომიკა შვეიცარიას (7,2%), ამერიკის შეერთებულ შტატებსა (8,3%) და ავსტრიას (8,9%) აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×