მეთორმეტე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის პარალელურად ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით 35 სტუდენტმა მიმართა, სადაც 2020 წელს პარლამენტის პროპორციული წესით არჩევასა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებას უწონებენ.
„ამ გადაწყვეტილებით თქვენ ანგარიში გაუწიეთ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას, რაც მისასალმებელია. გაჟღერდა ქვეყნისათვის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები.
ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის,"- წერია სტუდენტების მიერ გავრცელებულ წერილში.
წერილის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი გიორგი მამულაშვილია. ის ბიძინა ივანიშვილმა 2016 წელს “საზოგადოება 20/30”-ის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელადაც წარადგინა, თუმცა როგორც ამბობს, ეს იდეა ვერ განხორციელდა. მისი თქმით, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივა ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გაჩნდა, დაინტერესება მაშინაც იყო, თუმცა რეალიზება ვეღარ მოხერხდა. მამულაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ თითქოს ახალგაზრდები გაიყვნენ:
“დღეს რა ტენდენციაც დავინახეთ, თითქოს მცდელობა იყო, რომ ცალკე წარმოადგინონ ჩვენი ჯგუფი, და ცალკე ისინი, ვინც არიან აქციაზე. ჩვენ, ჩვენმა ჯგუფმა ამ შემთხვევაში, უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალეთ რომ გადავდგათ კონსტრუქციული ნაბიჯები“, - აცხადებს ის.
მამულაშვილი ამბობს, რომ მათი ჯგუფის წევრებიც მონაწილეობდნენ აქციებში.
30 ივნისს გამოქვეყნებულ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ღია წერილზე რეაგირებამ არ დაახანა. მართალია პირდაპირი ადრესატი არა, მაგრამ პრემიერი მამუკა ბახტაძე მათ რამდენიმე საათში გამოეხმაურა, თან ჩინეთიდან და განაცხადა, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში შეიქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც "გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას". თქვა, რომ მისასალმებელი და სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
35 სტუდენტის ინიციატივა მარცხისთვის განწირულად მიაჩნია სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს. მისი თქმით, თუკი ახალგაზრდების ალტერნატიული ჯგუფი შეიქმნა იმისთვის, რომ გადაიფაროს პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტი, მაშინ მისი მარცხი გარდაუვალია. მისი აზრით, ხელისუფლება ამით შეეცდება, რომ ის მუხტი დააგდოს, არც პარლამენტის წინ უკვე 12 დღეა მიდის. თუმცა კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ასეთი ალტერნატივა რომც შეიქმნას, ვერ იქნება ჩამნაცვლებელი იმ პროტესტისა, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე ამდენი ხანია მიდის.
„ხელისუფლებასთან ერთი რჩევა მაქვს, ნუ მოახდენს ასეთ სეგრეგაციას ე.წ. ცუდ და კარგ ახალგაზრდებს შორის, ნუ დაყოფს მათ ისე, თითქოს ერთი ჯგუფი კონსტრუქციულია, ხოლო მეორე დესტრუქციული. თუკი სამუშაო ჯგუფის შექმნაზეა ლაპარაკი, მაშინ ეს სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას იმ ახალგაზრდების მონაწილეობით, რომლებიც დღეს რუსთაველზე დგანან. ამგვარი პარალელური პლატფორმების შექმნა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას გააღვივებს. ახლა დუღს ტემპერატურა რუსთაველის გამზირზე და ამგვარი პლატფორმები ტემპერატურას კი არ დაუწევს, პირიქით, დუღილს მოუმატებს“, - აცხადებს კაჭკაჭიშვილი.