ტატა შოშიაშვილი
02.07.2019

 ტურისტების ნაკადის შეზღუდვის შემდეგ მოსკოვი კიდევ ერთ სანქციაზე ალაპარაკდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სერიოზულად განიხილავდნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების თემას, ახლა კი ეს საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

გრიგორი კარასინის განმარტებით, რუსეთი მზად იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გაეუქმებინა, მაგრამ თბილისში „რუსოფობიური" გამოსვლების გამო, ეს საკითხი დღის წესრიგიდან ჯერჯერობით მოიხსნა.

„ვიზების გაუქმება ნამდვილად განიხილებოდა. ამისთვის პრინციპულად მზად ვიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. მოგვიწევს უკეთეს დროს დაველოდოთ" - აღნიშნა კარასინმა.

„ჩემთვის მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა მოახერხეს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების მიტრიალება რუსეთის წინააღმდეგ. შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ყველაფერი პოზიტიური საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რასაც ერთობლივად ვქმნიდით 2012 წლიდან. ახალი ატმოსფერო უკვე მუშაობდა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ და უკვე მოჰქონდა შედეგები.

„საქართველოში ეტყობა დაავიწყდათ, რომ რუსეთს თავისი შეხედულება აქვს პატიოსნებასა და ღირსებაზე. ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა" ჩვენი ადამიანების მიმართ. იძულებული ვართ წინასწარ გავთვალოთ რისკები და გავანეიტრალოთ. იმედი მაქვს ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ ჭკუაზე მოიყვანა ისინი, ვისაც სურს ცინიკურად მოაგროვიოს ქულები პოლიტიკურ თამაშში ანტირუსული რიტორიკის და მუქარის ხარჯზე. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობისთვის. ჩვენს ხალხებს ეყოფათ მოთმინება და საღი აზრი, მხარი დაუჭირონ სწორედ კონსტრუქციულ მიდგომებს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მანამდე მწვავე განცხადება ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ გააკეთა. მან საქართველოს მთვარობას მოუწოდა, რომ ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, ხოლო რუსეთს ბოდიში მოუხადოს:

"სანამ ხელისუფლება არ გამოიჩენს ავტორიტეტს და ქვეყანაში მშვიდობას არ დაამყარებს, მანამ არ შეწყდება ეს რუსოფობიური ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოიწყეს, ჩვენ არაფერი გვექნება სასაუბრო - დაე ქვეყანაში წესრიგი დაამყარეთ, დაე ბოდიში მოიხადეთ იმისთვის, რაც მოხდა, მაშინ შესაძლებელი იქნება დიალოგი," - განაცხადა მატვიენკომ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარი განაცხადა ჯაზმომღერალმა ნინო ქათამაძემ, რამაც რუსი მსმენელის აღშფოთება და ასევე რუსი მაღალჩინოსნების მწვავე შეფასება დაიმსახურა.

პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა საპასუხოდ მოუწოდა რუსული ესტრადის წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში ჩამოსვლისგან:

„უბრალოდ ჩვენმა არტისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა ეს შეიძლება სახიფათო იყოს. ჩვენ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერ არ მოგვისმენია იმ ახალგაზრდების გაკიცხვა, რომლებმაც პარლამენტში შეჭრა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე თავდასხმა სცადეს.

„ნინო ქათამაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, ეტყობა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის საკითხებში. თუ მას ექნება კითხვები, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მას ავუხსნათ," - ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×