თამარ შუკვანი
02.07.2019

 „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია; მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს და დამატებითი კონტროლისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მოუწევს. მელია აპირებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა მანამდე შინ ჯდომას არ აპირებს. ამბობს, რომ პარლამენტმა უფლებამოსილება არ შეუზღუდა, ამიტომ ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს.

"როცა ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა," - უთხრა მელიამ ჟურნალისტებს.

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სააპალაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. ამავე დროს, თუ სასამართლოსა და პარლამენტის გადაწყვეტილება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, აუცილებელია საქმე გადაიხედოს.

„როგორც წესი, ამ ეტაპზე სააპალეციოს გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით შიდა კანონმდებლობით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ვინაიდან მას დეპუტატის მანდატი შეწყვეტილი არ აქვს, ეს ორი გადაწყვეტილება - სასამართლოს და პარლამენტის - თუკი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელსაც თვითონ (ნიკა მელია) გადაწყვეტს. შემდეგ უკვე სასამართლომ და პროკურატურამ უნდა იმსჯელოს, რომელია უპირატესი.

„რადგანაც ასეთი პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, დავის შემთხვევაში, მხარეები თავიანთ პოზიციას როგორ დაასაბუთებენ და ამ დასაბუთებიდან რას გაიზიარებს სასამართლო," - აღნიშნა მუხაშავრიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ის აუცილებლად დაესწრება, როგორც პარლამენტის სხდომებს, ასევე, ყველა იმ შეხვედრას, რომელსაც ამ დრომდე ესწრებოდა. მისი თქმით, სახლიდან გამოსვლის წინ ამის შესახებ პროკურატურას აცნობებს-ხოლმე.

ლია მუხაშავრია ამბობს, რომ შეზღუდვები, რომელიც სასამართლომ მელიას დაუწესა, შესაძლოა დარღვეულ იქნას, რასაც საბოლოოდ უფრო მკაცრი ზომა, დაპატიმრება მოჰყვება.

„სამაჯური აკონტროლებს მელიას ადგილსამყოფელს და თუკი პარლამენტში მისვლისათვის გამონაკლისი ექნება დაშვებული, მაშინ შეთანხმება იმოქმედებს, სხვაგვარად მას ხომ შეუძლია დაარღვიოს შეზღუდვები - შეხვდეს მომიტინგეებს, მოწმეებს და ამით მართლაც მოიწიოს ის, რომ აღკვეთი ღინისძიება გაუქმდეს და გამოყენებული იქნას უფრო მკაცრი ზომა. უფრო მკაცრი უკვე დაპატიმრება იქნება," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×