ლევან სილაგავა: ,,მუდმივად ასეთი ფორსმაჟორების წინაშე რომ არ ვიდგეთ, აუცილებელია როგორც მომწოდებლების, ასევე სატრანსპორტო გზების დივერსიფიცირება".
თამარ მუკბანიანი
02.07.2019

 მთავრობა ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირებაზე აქტიურ მუშაობას იწყებს. მთავარი სასურსათო პროდუქტის უდიდესი წილი კვლავ რუსეთიდან შემოდის. ტურისტული ემბარგოსა და ღვინის ხარისხის დაწუნების შედეგ, გაჩნდა შიში, რომ ოკუპანტი შეგვიზღუდავს ხორბლის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ბაზრების დივერსიფიცირებას მოვახერხებთ. მეპურეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ბოლო მოვლენები უკვე აისახა ფქვილზე და 50 თეთრით გაძვირდა. 

19 ივნისის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულმა მოვლენებმა კვალავ არასტაბილურობის განცდა გააჩინა ეკონომიკური კუთხით. პირდაპირი ფრენების შეწყვეტისა და ღვინის ხარისხის დაწუნების შედეგ, რაც წარსულის გამოცდილებით, ემბარგოს წინაპირობას წააგავს, გაჩნდა შიში, ხომ არ გამოიყენებს ოკუპანტი ქვეყანა ხორბალზე ჩვენს 90%-ით დამოკიდებულებას. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას 15 მაისს, ნურ სულთანში ვიზიტისას უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებელია. 

„დღეს ქართულ ბაზარზე, ძირითადად, რუსული ხორბალი დომინირებს, რაც არ ნიშნავს დივერსიფიკაციას და არ არის მაინცდამაინც სახარბიელო სტრუქტურა. ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით და ეს განმტკიცდა პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომ ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაასუბსიდირებს ხორბლის გადაზიდვებს საკუთარ ტერიტორიაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო დიდი მოცულობით შემოვიდეს საქართველოში ყაზახური ხორბალი, შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. ეს მოხსნის ამ სტრატეგიული პროდუქტის ბაზარზე მიწოდების პრობლემას“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, თბილისში დაბრუნებისთანავე დაიწყებს შეხვედრებს მეხორბლეებთან და ასოციაციებთან, რათა იმპორტიორებმა ისარგებლონ ამ ახალი შესაძლებლობით.  

იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ნამდვილად არის ჩანუშნული შეხვედრა უახლოეს დღეებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროში კი ,,ბიზნეს-რეზონანსის” კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით არ უპასუხეს. 

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ჩვენ ხორბლის გარეშე არ დავრჩებით, რადგან გვაქვს გზები უკრაინაში, რუმინეთში, უნგრეთში და ა.შ. უბრალოდ, აქ ფასის სერიოზული პრობლემა დგება.

,,გასაგებია, რომ თავისთავად ჩნდება არასტაბილურობის განცდა იმ მიმართულებით, რომელზეც დამოკიდებული ვართ რუსეთის მიმართ. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული აზრი ამასთან დაკავშირებით რუსეთში მუსირებს, მათ შორის, იმ კომპანიებში, საიდანაც ჩვენ ხორბალი შემოგვაქვს. პირდაპირ ემბარგოზე ალბათ საუბარი არ იქნება. გამომდინარე იქედან, რომ რუსეთი ამას უფრო სხვანაირად აკეთებს, ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. მაგალითისათვის, საბუთების რაღაც დროის განმავლობაში დაყოვნება. კერძოდ, თუ ტრანსპორტი საქართველომდე მოდის ერთ დღეში, ეს დაყოვნება იძლევა საშუალებას დრო გაწელოს და მოცდენა მოხდეს, რაც შედეგ აისახება საჯარიმო სანქციებში, რაც საბოლოოდ ხორბლის ღირებულებას ემატება და პროდუქტის გაძვირებას იწვევს. ეს არ არის პირდაპირი მექანიზმი, თუმცა წნეხი და ხელოვნური ბარიერია", - განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა ბაზრის დივერსიფიცირების მიმართულებით, რათა რუსეთთან დამოკიდებულება შემცირდეს. 

,,ცნობილია, რომ ხორბლის იმპორტში დღემდე დამოკიდებული ვართ რუსეთზე 90%-ზე მეტით. ყაზახეთის წილი ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ყაზახური ხორბლის წილის გაზრდაზე უფრო სერიოზული საუბრები ჩვენ გვექნება სექტემბერ-ოქტომბერში, რადგან გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყაზახეთში, სწორედ სექტემბრიდან იწყება ხორბლის მოსავლის მიღება, მაშინ როცა რუსეთში მოსავალს ახლა, სწორედ ამ დღეებში იღებენ. შესაბამისად, ახალი მოსავლის შედეგ გვეცოდინება ყაზახეთის ხორბლის ბალანსი და ისიც, რამდენში უღირთ მათ ძველი მარაგების გაყიდვა. შეიძლება თამამად ითქვას, ჩვენ ხორბლის გარეშე არ დავრჩებით, გვაქვს გზები უკრაინაში, რუმინეთში, უნგრეთში და ა.შ. უბრალოდ, აქ ფასის სერიოზული პრობლემა დგება. დივერსიფიცირებაზე მუშაობა მიდის, კერძო სექტორის მხრიდანაც და სახელმწიფოსიც. ერთი შეხვედრა უკვე გვქონდა ქალბატონ ნათიასთან და კიდევ ერთი გვექნება სულ რამდენიმე დღეში. უნდა აღნიშნოს, რომ მუდმივად ასეთი  ფორსმაჟორების წინაშე რომ არ ვიდგეთ, აუცილებელია როგორც მომწოდებლების, ასევე სატრანსპორტო გზების დივერსიფიცირება. არ შეიძლება მორატორიუმის გასვლის შედეგ აიკრძალოს სახმელეთო გადაზიდვები, ის უნდა გაუქმდეს, ასეთია ჩვენი პოზიცია,”-აცხადებს სილაგავა ,,ბიზნეს-რეზონანსთან”. 

მისივე თქმით, მარაგების გასაჯაროვება, კონკურენციის შესახებ კანონით აკრძალულია, ამიტომაც, ეს უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და მასზე მეთვალყურეობა უშიშროების საბჭოს უნდა ევალებოდეს.

,,რუსეთ-საქართველოს შორის გავითარებული ბოლო მოვლენები უკვე აისახა ფქვილზე და ის, 50 თეთრით მყისიერად გაძვირდა", - ამბობს   ,,მეპურეთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე. 

,,რამდენადაც ვიცი, ქვეყნაში სამი თვის მარაგი არის. ეკონომიკის მინისტრმა დაადასტურა, რომ შემოდგომიდან ყაზახეთიც ჩაერთვება ხორბლის მოწოდეობაში, რაც ძალიან კარგი ინფორმაციაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ ტრანსპორტირების ნაწილობრივ სუბსიდირებაზეა საუბარი. ეს არის მოლოდინი, მაგრამ პრაქტიკაში, ჯერ ისევ ვართ რუსეთზე დამოკიდებული. არსებობს შიში მოწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ბოლო მოვლენები უკვე აისახა ფქვილის ფასზე და 50 თეთრით მყისიერად გაძვირდა, ”- ამბობს მალხაზ დოლიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×