ბიზნესი პანიკაშია - ,,ოქროს სიის" გაუქმებით მთავრობამ ბიზნესმენების ინტერესი უგულებელყო და მათი ნდობა საბოლოოდ დაკარგა. ,,ოქროს სიაში" შემავალი კომპანიებისთვის 30-დღიანი საგადასახადო შეღავათის გაუქმებას ბიზნესი მწვავედ აფასებს. ფინანსთა მინისტრის ბრძანებულებას, ალბათ, მელანიც არ შეშრობია, მაგრამ კომპანიებში ზარალს წინასწარ ითვლიან. სექტორში ფიქრობენ, რომ ფინანსურად
დააზარალდებიან, ხოლო მცირე კომპანიები შეიძლება საერთოდაც გაკოტრდნენ.
ხელისუფლება გადაწყვეტილებას ბიზნესის თანაბარ პირობებში ჩაყენების არგუმენტით ხსნის, ხოლო ბიზნესწრეებში აცხადებენ, რომ ამ გზით პრობლემა ყველა სახის ბიზნესს ერთნაირად შეექმნება. იმპორტიორების განცხადებით, ბიზნესს ქეშის სერიოზული დეფიციტი გაუჩნდება, რისთვისაც სესხების აღება მოუწევთ.
თავის დროზე, ათმა ბიზნესგაერთიანებამ ახალი რეგულაცია გააკრიტიკა და ოფიციალური წერილით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მიმართა, ისინი შეხვედრას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, ბიზნეს სექტორის უმრავლესობისთვის ახალი ცვლილების შედეგად რთულდება სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება არასაკმარისი საბრუნავი საშუალებების გამო. ასევე ზარალდება მცირე და საშუალო ბიზნესიც.
პრემიერთან შეხვედრა არ შედგა, იმედგაცრუებული ბიზნესმენები მოსალოდნელ პრობლემაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ისინი ამ პროცესს მოუმზადებელი შეხვდნენ, რაც მათ სამომავლო საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება და ნდობას ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის საბოლოოდ შეარყევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას დაეწყო კონსულტაციები ბიზნესთან და მანამდე, „ოქროს სიის“ მონაწილე სუბიექტებზე მოეხდინათ არსებული მოცემულობის შენარჩუნება. თუმცა ეს პოზიცია მთავრობამ არ გაითვალისწინა. „ეს არის ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნა კომუნიკაციაში ბიზნესთან“ - ასე შეაფასა ირაკლი ლექვინაძემ არსებული ვითარება.
მისივე თქმით, ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რაც ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე ვერ მიიღწევა.
„მსგავსი უცაბედი და ბიზნესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების პირობებში საქართველოში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ სუბიექტებს არ აქვთ სტაბილური განვითარების და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების საშუალება, რაც აზიანებს მოქმედ კომპანიებს", - ამბობს ბიზნესომბუდსმენი.
ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა. ბიზნესი მოსალოდნელ შედეგზე მსჯელობს.
იმპორტიორების შეფასებით, ე.წ „ოქროს სიაში“ იყვნენ ის კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი ბრუნვა და ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მსუყე ადგილი ეკავათ. ამ ეტაპზე კი, როცა შეღავათი გაუქმდა, ისინი ფიქრობენ, რომ ძალიან დაზარალდებიან, რადგან მათ უკვე გაწერილი აქვთ 2019 წლის გეგმა, გარკვეული ტვირთები აქვთ აღებული და ბევრი აწყობილი ბიზნეს მოდელი ჩამოიშლება.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ფიქრობს, რომ მთავრობამ ბიზნესისთვის მოსამზადებელი პერიოდი უნდა მიეცა, რადგან შეღავათის გაუქმება ფასებზე აისახება და საბოლოოდ მომხმარებელს დააზარალებს.
,,ბიზნესი დღეს წარმოუდგენლად დიდი პრობლემის წინაშეა. ,,ოქროს წესით" დაახლოებით 220 კომპანია სარგებლობდა, პრივილეგირებული იყვნენ და 25 დღის შემდეგ უწევდათ გადასახადი, მესმის, რომ ადრე თუ გვიან, ეს შეღავათი მოიხსნებოდა. თუმცა, წინასწარ ინფორმირებული უნდა ვყოფილვიყავით. ამის შესახებ მინიმუმ 6 თვით ადრე მაინც უნდა გვცოდნოდა. ათობით მილიონ ლარზეა საუბარი, რომლის მობილიზებაც ბიზნესს უწევს. თუნდაც 1 თვეში ეს შეუძლებელია, ქეშის სერიოზული დეფიციტი გაუჩნდება ბიზნესს. ამასთან, მოუწევს სახსრების მოზიდვა, რისთვისაც უნდა მიმართოს ბანკებს, მსხვილი კომპანიებისთვის ეს ნაკლებად პრობლემური იქნება, რადგან ბანკების მხრიდან ნდობის ფაქტორი მაღალია, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესს შეიძლება დაბრკოლება შეექმნას. საბანკო პროდუქტი დამატებითი გადასახადია, რაც პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება, იმ ფონზე, როცა ლარი უფასურდება, საწვავზე ფასი მატულობს, ფასები გადახედვა მოუწევთ, ეს გარდაუვალია. გარდა ამისა, გაძვირდება ლოჯისტიკა მინიმუმ 5-15%-მდე. ლოგიკურად მივალთ იქამდე, რომ გაძვირდება პროდუქციის თვითღირებულებაც, რაც საბოლოო ჯამში სამომხმარებლო კალათაზე აისახება. როცა ფინანსთა მინისტრი საუბრობს, რომ თანაბარ პოზიციაში უნდა ჩააყენოს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი, ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის 98% სარგებლობდა 15 დღიანი საშეღავათო პერიოდით წინასწარი იმპორტით დეკლარირების შემთხვევაში. ახლა მათ 5 დღიან პერიოდზე უწევთ გადაწყობა, რაც ძალიან გაუჭირდებათ", - განუცხადა ,,რეზონანსს" ივა ჭყონიამ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ბრძანება მინიმუმ უნდა შეჩერდეს და 2-3 თვის განმავლობაში ბიზნესმა და სამინისტრომ ერთად იმსჯელონ იმპორტის გადასახდელების გადახდის ოპტიმალური ვადების შერჩევაზე.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, სასწორზე დგას ნდობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის.
როგორც მან ,,ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნებისმიერი რეგულაცია და ცვლილება რეგულაციაში, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ განახორციელოს, გარკვეულწილად უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი და სწორედ ამის შემდეგ უნდა მიიღებოდეს, რაც კომპანიები მოემზადებიან რეგულაციებისთვის.
„ჩვენი დამოკიდებულება მკაფიოდ ნეგატიურია ამ გადაწყვეტილების მიმართ და მიგვაჩნია, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება სულ მცირე უნდა შეაჩეროს, მაგრამ ყველაზე სწორი იქნება თუკი გაუქმდება და ერთად ვიფიქრებთ ახალ მოდელებზე. თუკი დღეს მოქმედი მოდელი ვიღაცისთვის პრობლემას წარმოადგენს და გვეუბნებიან, რომ არასამართლიან და არათანაბარ პრინციპს აჩენს ბიზნესსუბიექტებს შორის, კი ბატონო, მაშინ ვნახოთ რამდენი დღეა საუკეთესო პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში. აქ მხოლოდ იმ მილიონობით ლარზე არაა საუბარი, რომლის მობილიზებაც ბიზნესს სხვადასხვა წყაროებიდან მოუწევს ბიუჯეტში გადასახდელად, არამედ იმაზეცაა საუბარი, რომ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ნდობა უნდა არსებობდეს. მე თუ დღეს რაღაცას ვსაქმიანობ, უნდა ვიცოდე, რომ ერთ ღამეში მიღებული გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად არ შეიცვლება ჩემი ფინანსური მდგომარეობა,“-აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, გათანაბრება იმგვარად უნდა მომხდარიყო, რომ 5 დღე გაზრდილიყო 30-მდე და არა პირიქით. ამასთან, როგორც ბიზნესასოციაციის დირექტორი აცხადებს, ფინანსთა მინისტრთან გამართული შეხვედრით უკმაყოფილოა და მისთვის მინისტრის არგუმენტები მიუღებელია.
აღსანიშნავია, რომ ,,ოქროს სიაში", ჯამში, 217 კომპანიაა, რომელთაც მინისტრის ამ ბრძანებით გადასახდელის გადახდისას პრივილეგია აღარ ექნებათ. ამ კომპანიებს შორისაა: სს „გეფა“ (ჯიპისი); სს „თელიანი ველი“, შპს „თეგეტა მოტორსი“, შპს „ვიონი საქართველო“ (ბილაინი); ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში; „რომპეტროლი“, „მაგთიკომი“, შპს „ელიზი ჯგუფი“, გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში; „ენერგო პრო-ჯორჯია“, „ვისოლი“, „ლუკოილი“, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს „ავერსი-ფარმა“, შპს „კავკასუს ონლაინი“, „ელიტელექტრონიქსი“, „ელსივაიკიკი“, „ნიუ ჰოსპიტალს“, „სოკარი“ და ა.შ.