"გაერთიანებული ოპოზიცია", რომელიც არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს პროპორციულ საარჩევნო სისტამაზე გადასვლის პროცესში, აცხადებს, რომ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც "ქოცების" უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს პარლამენტში და ეს თავყრილობაც საკუთარი "ოცნების" ახდენის მექანიზმად ჩათვალეს. ამ მოსაზრებას კატეგიორიულად არ ეთანხმება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ხელისუფლების ინიციატივა მიიღო. მათი აზრით, პროპორიცული არჩევნები არის პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების მონაპოვარი და ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული.
პოლიტოლოგ პაატა ზაქარეშვილის აზრით, მონაპოვარი მართლაც მნიშვნელოვანია და ცალკეული პოლიტიკური პარტიების კაპრიზების გამო ეს პროცესი არ უნდა ჩაიშალოს.
"შანსებზე, და იმაზე საუბარი, რამდენი პარტია შევა მომავალ პარლამენტში, ან ვინ რამდენ მანდატს მიიღებს, ნაადრევია. დღეს დღის წესრგიში დგას, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების კაპრიზების და პრანჭვა-გრეხის გამო ეს პროცესი დროში არ გაიწელოს, ან საერთოდ არ ჩაიშალოს. "ოცნებამ" ეს ვარიანტი თავისი ბუდიდან კი გადმოაგდო, მაგრამ თუ ჩაიშლება, ეცდება პასუხისმგებლობა სხვებს აკიდოს.
"რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", რა თქმა უნდა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება არ აწყობს და ლეგენდა "ოცნებას" აცოცხლებენ "ნაციონალები", ისევ არსებობს. ამიტომაც თქვა დავით უსუფაშვილმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ძეობაში ვართ თუ პანაშვიდზეო, ისე ჩამოსტირით სახეები ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს; და ძალიან კმაყოფილებიც იქნებიან, თუ ეს საკითხი საერთოდ არ გავა და 2020 წლის არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება. მერე კი ერთმანეთს გადააბრალებენ. ამიტომ, დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც მხარს უჭერს 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ფრთხილად უნდა იყოს, სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა და აიძულონ ხელისუფლება ეს საკითხი დროზე დადგეს კენჭისყრაზე," - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარიშვილმა.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა პროცესიის ჩაშლის საფრთხეს გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, საკითხი უკვე რეგისტრირებულია, ორ კვირაში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე კი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტმით ჩატარების საკითხს კენჭი ეყრება.
"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანი საკითხია და საქართველოს ისტორიაში პირველად შეიქმნა პრეცენდენტი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიმართა დიალოგი. ჩვენ უკვე დავიწყეთ კოორდინირებული მუშაობა. საკითხი უკვე რეგისტრირებულია. ორ კვირაში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე კი კენჭი ეყრება. რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში იქნება პრობლემები. პირველივე შეხვედრაზე უკვე იყო აზრთა სხვადასხვაობა, როგორც ბლოკებთან, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, იგი ვაჭრობს და თავის ამომრჩეველს ეთამაშება. გამორიცხული არ არის, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდეს ხელის შეშლას და უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდნენ, თუმცა ეს მომგებიანი ვერ იქნება და შეიძლება საერთოდ ამ პოლიტიკური ძალის მარგინალიზაციის პროცესი დაიწყოს. დაშლის ნიშნები უკვე სახეზეა, რადგან "გაერთიანებულ ოპოზიციაში" შემავალი პარტიების უმეტესობა მომხრეა 2020 წლის არჩევნების პროპორიცული სისტემით ჩატარების.
"ევროპულ საქართველოს" ხელს აძლევს, თუ "ნაცმოძრაობის" მარგინალიზაციის პროცესი დაიწყება, რაც საშუალებას აძლევთ გადმოიბირონ მათი ელექტორატი და შემიდეგ კი საერთოდ ჩაანაცვლონ. ამიტომაც ეუბნება, ძმებო, თქვენ მიხედეთ აქციებს, ჩვენ საწყალი ხალხი ვიქნებით პარლამენტშიო. ანუ "ნაციონალებს" უშვებს ექსტრემიზმზე, თავად კი კონსტრუქციული პოლიტიკური ძალის სახეს შეინარჩუნებს," - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.