18 ივლისს გამოქვეყნდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სამ სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზეც. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალური შეტყობინება მიუვიდა.
„რუსთავი 2"-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მოლოდინი დადებითია, რადგან ტელეკომპანიას, ფაქტობრივად, წართმეული ჰქონდა სამართლიანი სასამართლო უფლება.
„საქმე უკვე ბოლო ეტაპზეა. ამიტომაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უკვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება. როგორც ვიცით, საქართველოსთან დაკავშირებულ სხვა საქმეებთან ერთად ვებსაიტზე განთავსდება.
„მოლოდინი, რა თქმა უნდა, დადებითია, რადგან ვფიქრობთ, რომ „რუსთავი 2"-ის პროცესები ძალიან უსამართლოდ მიმდინარეობდა. „რუსთავი 2"-ს სამართლიანი სასამართლოს უფლება ჰქონდა წართმეული და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამის შესახებ იტყვის, - ორ კერძო სუბიექტს შორის დავაზე, ჩვენი მფლობელებისა და ქიბარ ხალვაშის, ნამდვილად იყო დარღვეული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
„იმედი მაქვს. რომ ეს ნამდვილად იქნება დადასტურებული. წინასწარ ძალიან რთულია თქმა. სტრასტბურგის სასამართლოს განხილვას თავისი სპეციფიკა აქვს," - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.