„სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანულ მხარეს დაუკითხვად გაჰყავს ბილიკი და სადელიმიტაციო კომისიის მუშაობის დასრულებას არ ელოდება," - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა.
მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის მიერ სამუშაოები სამშაბათს განახლდა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო და ასევე შეჩერდა კიდევაც.
„დაახლოებით ერთი თვის წინ მათ ოფიციალურად გამოაცხადეს დავით გარეჯი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად და ამას შემდგომში დაემთხვა უკვე იმ გზის გამოყვანა და ამ ბილიკის მიერთება ჩიჩხიტურის მონასტერთან. უდაბნოს მონასტერში მომლოცველებს არ უშვებენ და დღეს ეს სიტუაცია მიჩუმათებულია. ამ თემაზე ჩვენი მთავრობა დუმს. დელიმიტაციის კომისიიდან ახალი ამბავი არ გვაქვს და არანაირი განცხადებები ჩვენი მთავრობის მხრიდან არ კეთდება. არსებული მდგომარეობა მხოლოდ აქტივისტების იმედად არის დარჩენილი," - აღნიშნა ქაცარავამ.
მისი თქმით, დავით გარეჯში დღეს არსებულ ვითარებაზე ქართული მხარის დუმილი კარგს არაფერს ნიშნავს.
„ისინი ჩვეულებრივ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მათ საქმიანობას აგრძელებენ. მუშაობა დღეს განახლდა. რა მასალებიც მიიტანეს, იქვე, გზის ბოლოს დაყარეს, იქ, სადაც დაახლოებით ერთი თვის წინ სამუშაოები დაიწყეს. ხვალ დილიდან ჩვენი ორგანიზაციაც პატრულირებაზე კვლავ წავა და შევეცდებით, ამ პრობლემის მიმართ საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება მივაპყროთ. იქნებ მთავრობამაც როგორმე გაიღვიძოს.
„მთავრობა რატომ დუმს, ამ თემასთან დაკავშირებით ცუდი ვერსიები მაქვს და ემოციურ ფონზე არ მინდა ამის გაჟღერება. თუმცა არცერთი ვერსია ჩვენი მთავრობის სასარგებლოდ არ მეტყველებს. ძალიან დათმობითი პოზიცია აქვთ. მათი მხრიდან არანაირი განცხადება და მკაფიო პოზიცია არ ყოფილა. ეს პრობლემა კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების რეაგირების ამარა," - განაცხადა დავით ქაცარავამ.
ადგილზე მოღვაწე სასულიერო პირებიც ადასტურებენ, რომ უდაბნოს მონასტერთან მომლოცველებს და ადგილობრივებს აღარ უშვებენ. ბილიკს აკეთებენ იმ გზის მიმართულებით, რომელიც ტრაქტორებით გაიყვანეს. აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებმა ტომრებით მიიტანეს ქვები და ტერიტორიაზე დაყარეს.
თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას. უწყების ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს უკვე არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამ თემასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.