ირაკლი ცქიტიშვილი: ,,შეგნებულად დაამთხვიეს მიმდინარე სეზონს, რომ მოხუცებისა და ბავშვების გარდა, მიმოსვლის საშუალება სხვა მოქალაქეებს არ ჰქონოდათ".
მარი ჩიტაია
02.07.2019

 აფხაზეთის საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვამ მოსახლეობას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მაქსიმალურად შეიზღუდა ქართული სურსათი, სადაც კი შესაძლებელი იყო, დახლები მასიურად რუსული პროდუქციით შეივსო. როგორც გალელებმა ,,რეზონანსს" განუცხადეს, ისედაც ძვირი პროდუქტი უფრო მეტად გააძვირეს, რის გამოც ხალხს საკვების ყიდვა უჭირს.  

ცალკე პრობლემაა ისიც, რომ საზღვარზე გადაადგილება შეეზღუდათ აბიტურიენტებს, თუმცა უმეტესობამ ოკუპანტის მიერ დაწესებული ბარიერის გადალახვა ეროვნულ გამოცდებზე დასწრება შეძლო.

მიუხედავად ამისა, როგორც აფხაზეთის ექსპერტთა წრეში აცხადებენ, გალი ბლოკადაში არ მოქცეულა და ბავშვებს, მოზარდებს და მოხუცებს ენგურს აქეთ გადაადგილების უფლება ჯერ კიდევ აქვთ. რაც შეეხება ახალგაზრდებს და საშუალო ასაკის მოქალაქეებს, დაახლოებით 1 კვირაა, რაც მიმოსვლა შეეზღუდათ.

ყველაზე მეტი პრობლემა, როგორც ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, ხალხს სურსათის გაძვირების გამო შეექმნა.

,,წარმოდგენაც არ მინდა იმაზე, რა ეშველება იმ ხალხს, რომელიც სისტემატურად გადაადგილდება. გალელებს ზუგდიდში სამსახური აქვთ, ზოგიც მკურნალობის მიზნით გადმოდის, ზოგიც საკვებს ყიდულობს, ახლა ეს ყევლაფერი შეეზღუდათ. ვერ ვიტყვი, რომ ბლოკადაა, რადგან საზღვარი ცალხმრივად გახსნილია, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს მიმოსვლის უფლებაც დართეს, მაგრამ რაც ხდება, დიდი ფსიქოლოგიური წნეხია. მასთან გამკლავება ადვილი არ არის, რეალურად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, ამიტომ ცენტრალური საზღვრის ჩაკეტვა სერიოზული პრობლემაა იმ ხალხისთვის ვინც გალში ცხოვრობს. აბიტურიენტებსაც შეეშალათ ხელი, შეგნებულად დაამთხვიეს ამ პერიოდს, რომ მოხუცებისა და ბავშვების გარდა, მიმოსვლის საშუალება სხვა მოქალაქეებს არ ჰქონოდათ. ყველაზე მეტად ახალგაზრდები დაზარალდნენ. ეკონომიკურ პრობლემას რაც შეეხება, კრიზისზე საუბარი ჯერ ადრეა, ყოველ შემთხვევაში, გალელები სურსათის დეფიციტს არ განიცდიან. ქართული პროდუქცია თუ შემცირდა, სამაგიეროდ, რუსულით ჩაანაცვლეს. იქ ისედაც საკმაოდ დიდი წილი უკავია რუსულ პროდუქტს, ამ მხრივ საზღვრის ჩაკეტვამ პრობლემა არ უნდა შექმნას. 

ცნობილია, რომ გალი ძირითადად სოხუმიდან მარაგდება, განსაკუთრებული დეფიციტი არ უნდა შეიქმნას როგორც სურსათის, ასევე მედიკამენტების მხრივ, თუმცა ხალხს გაძვირებულ პროდუქტის ყიდვა უწევს, რის შესაძლებლობაც არ აქვთ", - განუცხადა ,,რეზონანსს" ირაკლი ცქიტიშვილმა.

გალელების ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან რუსები ამით საქართველოში მიმდინარე მოვლენების ანტიოკუპაციური გამოსვლების საპასუხოდ მოიქცნენ.

,,რუსები ყველა ღონეს და ხერხს მიმართავენ, რომ მუდმივად ოკუპაციაში გვამყოფონ. საზღვრის ჩაკეტვა არც პირველი შემთხვევაა და ალბათ, არც უკანასკნელი ქინება. თვითონაც ზარალდებიან ამით, ამიტომ საზღვარს დიდი ხნით არ ჩაკეტავენ. თუმცა რაც ახლა ხდება, მოსახლეობისთვის რთულად გადასატანია. კვირა ისე არ გავა, რომ ოჯახს ზუგდიდში გადასვლა არ დასჭირდეს, ზოგიც საქართველოს სხვა ქალაქებში დადის. ავიტანთ, თუკი ქართული პროდუქტი შემოგვაკლდება, მაგრამ სამკურნალოდ ვინც დადის, სერიოზულ პრობლემას წააწყდა. ზოგს გადაუდებელი დახმარება სჭირდება, რასაც ადგილობრივი ექიმები ვერ გაუწევენ. ადგილობრივი საავადმყოფო ძველი, ყავლგასული აპარატურის იმედადაა, კადრებიც არ ჰყავთ, რომ პაციენტებს ნორმალურად მოემსახურონ", - ამბობს სოფელ ბარღების მკვიდრი ნონა გელენავა.

მიმოსვლის გამკაცრებულმა რეჟიმმა და ,,ფაქტობრივი საზღვრის” ცალმხრივად ჩაკეტვამ გალის მოსახლეობა ადგილობრივ ბაზარს იძულებით მიაჯაჭვა. 

მოსახლეობის ინფორმაციით, ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, მათ შორის ხილსა და ბოსტნეულზე, რომელიც ძირითადად ზუგდიდიდან შეჰქონდათ. 

სოფელ ოტობაიაში მცხოვრები ცისანა ცირდავა ამბობს, რომ სოფელში სავაჭრო ჯიხური აქვს, სადაც ზუგდიდიდან შემოტანილ პროდუქტს ჰყიდის. მისი თქმით, ახალი პროდუქტი ჯერჯერობით არ შემოუტანია, ხოლო ძველი მარაგი ამოეწურა.

,,თავს წვრილი ვაჭრობით ვირჩენთ. შემოტანილ პროდუქტს ჩემი თანასოფლელები ყიდულობენ, ზოგჯერ რუს ჯარისკაცებსაც მიაქვთ. რუსულ სურსათის გაყიდვა არ მიცდია, რადგან ისედაც ძვირია და ცოტა მეც რომ დავამატო, ხალხი ვერ იყიდის. ამიტომ კვირაში ერთხელ ზუგდიდიდან შემომქონდა საქონელი, იაფი ნამდვილად არ ჯდება, რადგან საზღვარზე დამატებით თანხას მახდევინებენ, მაგრამ მაინც ღირს. ასაკობრივი შეზღუდვის გამო უკვე ზუგდიდშიც ვერ მივდივარ, ოჯახის უფროსი რომ გავაგზავნო, მეცოდება, 70 წელს გადაცილებული მოხუცია და ტვირთი როგორ უნდა ზიდოს?! დავაკვირდები სიტუაციას და უკიდურეს სიტუაციაში, გალიდან შემოვიტან პროდუქტს. თუმცა ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვა ძალიან გამიჭირდება. რუსეთიდან რაც შემოდის, ძალიან ძვირია, ბაზარსაც დაეტყო, ყველაზე მეტად სწორედ ეს პროდუქტი გაძვირდა, 4-5 ლარზე იაფად ვაშლს ვერ იყიდი, ძალიან რთული სიტუაციაა", - ამბობს დევნილი მოვაჭრე. 

ამდენად, პოლიტიკურად მოუწესრიგებელმა გარემომ ადექვატური ასახვა ჰპოვა დე-ფაქტო რაიონის ეკონომიკაზეც. პირველ რიგში კი, ფასებზე აისახა. ზუგდიდიდან სურსათი აღარ შედის, რუსეთიდან შემოტანილი საკვები პროდუქტის ადგილზე შეძენა კი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მძიმე მატერიალური პირობების გამო უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×