2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. 20-21 ივნისის აქციების დარბევის და საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა გუნდმა დამთმობი ნაბიჯი გადადგა. თუმცა ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე გარკვეული დესტრუქციული ძალებისგან, რომ ხელისუფლებას ეს ნაძალადევად გადამდგარი ნაბიჯი, თავისი არასწორი განცხადებების შედეგად შეცვლევინონ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი უკვე დაიწყო. ინიციატივა ქართულმა ოცნებამ წარადგინა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი დაესწრო, მეორე ნაწილმა კი მათი კრიტიკა და ბრალდებები დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ იმ ოპოზიციის ლიდერებს აკრიტიკებენ, რომლებიც მათი აზრით შეერატონში „ოცნების“ პარტიულ პრეზენტაციას დაესწრნენ. მათი აზრით, უკვე გამოჩნდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებზეც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილმა გათვალა და მათი პარლამენტში შესვლის შემდეგ, კოალიციურ მთავარობას შექმნის და ამ ძალებთან ითანამშრომლებენ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციის ლიდერებს სამარცხვინოს უწოდებს.
„აი, ამ „ოცნების“ სამარცხვინო შეხვედრაზე ვინც მივიდა და სირცხვილის კორიდორი გაიარა, არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს და არც უნდა ქონდეს. “ოცნების პროექტები” სხედან, ვისთვისაც მოიგონა ბიძინამ ეს ნულოვანი ვარიანტი. ალექსანდრე ელისაშვილი, დავით უსუფაშვილი, რა პრეტენზიით გამოვლენ აწი და რა თემებზე ილაპარაკებენ, ძაან მაინტერესებს. რადიოქტიურ კობახიძეს რო ესხდნენ წინ და მადლობებს უხდიდნენ. გირჩიც ყოფილა იაგო ხვიჩიას სახით სახით წარმოდგენილი“, – წერს გვარამია.
ოპოზიციის ეს ლიდერები კი აცხადებენ, რომ ახლა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება ორპოლუსიანი სისტემის დასასრული იქნება. 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარება კი გულისხმობს, ასევე ნულპროცენტიანი ბარიერით ჩატარებას. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე, 0,67%-ს დააგროვებს. პარტიებს აკერძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად.
ოპოზიციის ნაწილისთვის ნულოვანი ბარიერი მისაღები არ არის და ამ მიმართულებით მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების წარმოებას ეცდებიან, თუმცა მათთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უპირველესი პრიორიტეტია.
თუმცა ანალიტიკოსები იმასაც აცხადებენ, რომ ნულპროცენტიან ბარიერთან დაკავშირებული გარკვეული რისკები არსებობს. ნულპროცენტიანი ბარიერი არსებულ სისტემას სჯობს, თუმცა რიგ საფრთხეებს ქმნის, მათ შორის უპირველესი ბიძინა ივანიშვილის მიერ პატარა პარტიების შესაძლო მოსყიდვაა. სწორედ ესაა ბრალდებები და დაპირისპირების მიზეზი, რომელიც ოპოზიციაში უკვე გაჩნდა.
"რისკია ის, რომ პატარა და ერთმანდატიან პარტიებს ივანიშვილი იყიდის. თუმცა პროპორციული ნებისმიერ შემთხვევაში 10 თავით სჯობს იმას, რაც არის დღეს - უძრაობა და ჭაობი პარლამენტში. კონსულტაციებში ჩავერთვებით, ვინაიდან ეს იყო ყველას მოთხოვნა. რაც შეეხება ბლოკებს ან მანდატების განაწილებას, ეს არის სამსჯელო. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ქართულმა ოცნებამ წაიღოს ყველაფერი", - ამბობს ალეკო ელისაშვილი, "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი.
რისკები უკავშირდება ასევე მთავრობის დაკომპლექტების წესს და საშუალებას. ანალიტიკსოების აზრით, ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში შეიძლება ეს გაურთულდეთ პოლიტიკურ პარტიებს და მათი პასუხისმგებლობა იქნება ამის გაკეთება. ზოგი პარტია, მათ შორის, „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ შექმნას სატელიტი პარტიები. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ გვეცოდინება, ვინ დგას კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების უკან, საზოგადოება ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.
საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მისი მისამართით ნათქვამ შეფასებებს ეხმიანება.
„ცოტა ტერმინებს უნდა გავუფრთხილდეთ და მე ასე ვიქცევი, როცა ვინმეს გადაწყვეტილებას თუ მოქმედებას არ ვეთანხმები. „მოღალატე“, „მოღალატეს“ ძახილში მთელი 30 წელი გავატარეთ. გუშინდელ ღონისძიებაზე ყველას მივმართე, რომ ვიყოთ ფხიზლად, ვინაიდან, ხელისუფლების ეს შემოთავაზება იყო იძულებითი ნაბიჯი და თუ საბაბი მიეცემა დაწყებული საქმის ბოლომდე არ მიყვანის, ის ამას გააკეთებს“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, საქმე ბოლომდეა მისაყვანი, თუმცა, ურთიერთ დაპირისპირებით ეს არ გამოვა.
„პროპორციული არჩევნების საქმე გასაგრძელებელია, გახარიას გადადგომის მოთხოვნაც გასაგრძელებელია. ვინც მონდომებულია განხეთქილებებზე, პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაყოფაზე, ეს მისი არჩევანია. ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, „ციციკორე გვარამიას“ , რომელიც ამ ქვეყანაში ყველას ჭკუის დამრიგებლად მოგვევლინა. გინდა მოღალატე მეძახოს ციციკორე გვარამიამ, და რაც უნდა ის მეძახოს. სადაც, პროპორციული არჩევნების თემაზე საჯარო ღონისძიება გაიმართება, მის ბოლომდე მისაყვანად, თუ ფეხზე ვდგავარ და ცოცხალი ვარ, ყველგან ვიქნები“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
აღნიშნა, რაც არ უნდა ეცადონ, დაპირისპირებაში ვერ ჩაითრევენ.
„მე ამ დისკუსიაში რომ შევიდე, გავაგრძელებ იმ ცუდ საქმეს, ვინც ასე ხელის აღებით ლაპარაკობს და ამ სიტყვებს ეძახის იმ ღონისძიების მონაწილეებს. მე რომ გავაგრძელო სატელიტობის თემა, მაშინ, ისიც უნდა ვთქვა, ვინც ამას ამბობს, ის თავად ვისი სატელიტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მეც უნდა ჩამითრიოს ამ ხალხმა ამ პროცესში, რომელიც შემდეგაც ჩვენ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ. ამიტომ. მე არ ჩავეთრევი ამ საქმეში,“ - ამბობს ის.