რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაფაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს, და დაამატა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამყარებს კონტროლს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მასაც ისეთივე ძვრები ელოდება, როგორიც უკრაინაში იყო.
ექსპერტი საერთაშორისო სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან"ამბობს, რომ რუსეთისგან ყველანაირ საფრთხეს შეძლება ველოდოთ, რადგან მასთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
„არ გვაქვს სამშვიდობო ხელშეკრულლებაზე ხელი მოწერილი, რუსეთის მხრიდან არის საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია, რომ გააგრძელოს თავისი სამხედრო კამპანია.
„ალბათ ვლადიმირ ჯაფაროვი გულისხმობდა რომელიმე ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონის ანუ დონბასის ვარიანტში აფეთქებასაც. სხვა მეტი რა უნდა ვივარაუდოთ, როდესაც ის აცხადებს, რომ საქართველო მიიღებს უკრაინაზე უარესს სიტუაციას?! როგორც ჩანს ტერიტორიის ანექსიაზეა საუბარი ამ კუთხით და შესაძლოა რუსეთმა გარკვეულწილად საქართველოს სხვა რეგიონებშიც მოახდინოს ერთგვარი ჩარევა, ერთადერთი ინტერპრეტირება ჯაფაროვის განცხადების ეს არის.
„ეს მათი აშკარა მუქარა და ულტიმატუმია, მაგრამ როგორ შეძლებენ ამის რეალიზაციას და შესრულებას, ეს მეორე საკითხია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღვსდგეთ ამის წინააღმდეგ და რაღაცნაირად ეს პროცესები შევაჩეროთ,"- თქვა ექსპერტმა.
მაისაიას მოსაზრებით, რუსეთის განცხადებაში ნატოს ფაქტორიცაა, და ის შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეჩერებას შეეცადოს, რადგან ალიანსის ნებისმიერი ინფრასტრუქტურის მოახლოვება რუსეთის საზღვართან, მოსკოვში სამხედრო საფრთხედ აღიქმება.
„რა თქმა უნდა ამაში ნატოს ფაქტორიც არის, აქ ორი აზრი არ არსებობს, ახალი ცივი ომია, რუსეთი მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების შეჩერებას შეეცადა სწორედ იმ გადატრიალების მეშვეობით, რომელიც მან 2017 წელს დააპირა და არ გამოუვიდა. ის სცენარი ერთი ერთზე ჰგავს საქართველოში 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, რუსეთი თუ მონტენეგროს ეპოტინება და იმას უშლიდა ხელს, რომ არ შესულიყო ნატოში, საქართველოს დაივიწყებს თუ უარყობს? რა თქმ უნდა არა! ახლა არის უფრო მეტად მკაცრი, უფრო მეტად სასტიკი ცივი ომი, ვიდრე კლასიკური ცივი ომია. კლასიკურ ცივ ომში იცავდნენ თამაში წესებს და აქ ეს წესები უკვე აღარ არის.
„ნატოს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის მოახლოვება რუსეთის საზღვრებთან, ეს არის მათთვის სამხედრო საფრთხე და რუსეთი ყველა ზომებს მიიღებს ამის თავიდან ასარიდებლად. რუსეთს ეს გაწერილი აქვს შავი თეთრზე თავის სამხედრო დოქტრინაში, რომელიც არის ისეთივე აუცილებელი შესასრულებელი დოკუმენტი, როგორიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და ა.შ. რუსულ სამხედრო დოქტრინაში ეს პირდაპირ წერია, როგორც სამხედრო საფრთხე," - აცხადებს მაისაია „რეზონასთან" საუბრისას.