საჯარო სექტორში კორუფციის ფაქტები გახშირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელის პირველ 6 თვეში 56%-ით გაზრდილი ქრთამის აღების ფაქტები საჯარო სექტორშიხ ხოლო კრიმინალის სტატისტიკამ 19.3%-ით მოიმატა. არასამთავრობო სექტორი და სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში ბევრად დიდი პრობლემა ,,ელიტური კორუფციაა” ვიდრე საშუალო და დაბალ სამოხელეო ფენაში არსებული ქრთამის აღების ფაქტები.
2019 წლის იანვარ-მაისში პოლიციამ სულ ასეთი 36 საქმე აღრიცხა, მათგან 11 საქმე ანუ 30% არის გახსნილი.
ჯამში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში საჯარო მოხელეთა მხრიდან ქრთამის აღების ფაქტები პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით არის გაზრდილი.
როგორც წესი, ქრთამის აღება სამოხელეო დანაშაულების კატეგორიაში გადის. ამ კატეგორიაში ასევე შედის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი გულგრილობა, სამსახურებრივი სიყალბე და სხვა კატეგორიების დანაშაულები.
შსს-მ 2019 წლის იანვარ-მაისში ამ ჯგუფის სულ 248 საქმე აღრიცხა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება მთლიანად კრიმინალის სტატისტიკას, პირველ ხუთ თვეში 28,290 დანაშაული აღირიცხა, რაც 2018 წელთან შედარებით 19.3%-ით მეტია.
მაღალი დონის ე.წ ელიტურ კორუფციას მიიჩნევს პრობლემად ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი ერეკლე ურუშაძე. მისი თქმით, საშუალო და დაბალ რგოლში კორუფცია ბოლო წლების განმავლობაში 1%-ის ფარგლებშია.
,,არსებული სტატისტიკა, არ იძლევა საშუალებას, დასკვნები გავაკეთოთ ქვეყნაში არსებულ კორუფციულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ან თუნდაც, მხოლოდ საჯარო სექტორში, ქრთამის სიხშირესთან მიმართებაში. ზოგადად, კრიმინალური სტატისტიკა არ არის კარგი მეთოდი გაზომვის, რადგან გასული წლის ანალოგოურ პერიოდში თუ 23 ფაქტი გაიხსა, წელს, ეს მაჩვენებელი უკვე 36-ს აღწევს, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ ფაქტები გახშირდა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, სამართალდამცველები უკეთესად მუშაობენ და ხსნიან დანაშაულებს. ამიტომაც, რთულია სტატისტიკაზე საუბარი და შეფასება.
ზოგადად რაც ეხება ქრთამს, მაგალითად, საჯარო სერვისების სფეროში, ის ძალიან იშვიათია ჩვენი კვლევების თანახმად. საერთაშორისო გამჭვირვალობას ჰქონდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რასაც ყოველ წელს ვაკეთებთ, როცა მოქალაქეებს ვეკითხებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში, მათ ან მათი ოჯახის წევრებს ჰქონიათ თუ არა მსგავს ამბებთან შეხება. ეს მონაცემები, ყველა კვლევით დაბალია ბოლო წლებში საქართველოში და 1%-ის ფარგლებში მერყეობს", - ამბობს ერეკლე ურუშაძე და დასძენს, რომ მეზობელ ქვეყნებში კორუფციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
,,შედარებისათვის, ჩვენი რეგიონის ქვეყნებს თუ ავიღებთ, რუსეთს უკრაინას, თურქეთს და აზერბაიჯანს, იქ კორუფციის მაჩვენებელი 20-40%-ია. რასაკვირველია, ხდება მსგავსი შემთხვევები და კარგია, რომ ეს სამართალდამცველების ინტერესის სფეროა, მაგრამ მთლიანობაში უნდა ითქვას, დაბალ და საშუალო რგოლში, ამ ტიპის სამოხელეო დანაშაული იშვიათია. კორუფციის მხრივ ჩვენთან სხვა პრობლემა დგას, არსებობს ადამიანთა წრე, რომლებიც გარკვეული იმუნიტეტით სარგებლობენ. მაშინაც კი, როცა ჟურნალისტები, არასამთავრობოები ან ნებისმიერი სხვა პირები სარწმუნო ფაქტებზე დაყრდნობით ეჭვს გამოთქვამენ და დაასაბუთებენ მათ არაკეთილსინდისიერებას, ამ შემთხვევაშიც კი არ ხდება ამ ინფორმაციის სათანადო გადამოწმება და არ იწყება გამოძიება. საუბარია, მაღალი თანამდებობის პირებზე, გავლენიან ადამიანებზე და მათზეც, რომლებიც მმართველ პარტიასთან არიან აფილირებულნი“, - აცხადებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი.
,,ბოლო პერიოდში გაჩნდა ინფორმაციული ნაკადები, რომ კორუფციამ ქვედა დონეებზეც გადაინაცვლა", - ამბობს სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი.
,,პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ყველა სტატისტიკის მიხედვით, მაღალ რეიტინგებში ვიყავით, თუმცა სრულად უმაღლესი ქულის ხელის შემშლელი, კორუფციის ელემენტები, მაღალ ეშელონებში იყო. დაბალ და საშუალო რგოლში კი თითქმის 0-ზე იყო დასული. სანამ შსს ამ ინფორმაციას გამოაქვეყნებდა, ეს სამწუხაროდ ისედაც იგრძნობოდა. პატარა ქვეყნაა, ჩვენს აქ ვცხოვრობთ და განწყობები მარტივად აღქმადია. არაერთხელ იყო ამ ბოლო დროს ინფორმაციული ტალღა, რომ ქვედა დონეებზე, სერვისულ დონეზეც გაჩნდა კორუფციის ნიშნები, ”- განაცხადა ჩარგეიშვილმა ,,რეზონანსს”.