პაატა ბაირახტარი: ,,საწვავის გაძვირება არის ისტორიული გაუფასურების შედეგი, რასაც ლარი განიცდის".
თამარ მუკბანიანი
03.07.2019

 საწვავზე ფასმა 5 თეთრით მოიმატა. მიზეზად იმპორტიორები ლარის ისტორიულ გაუფასურებას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ფასის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ნავთობიმპორტიორები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე პერმანენტულად იმატებს ,,პლატცის" ფასიც, რამაც ასახვა ქართულ ბაზარზეც ჰპოვა. 

ამ ეტაპზე „სოკარის“ ქსელში ,,რეგულარის" ტიპის ბენზინის ახალი ფასი 2.48 ლარია, „ვისოლში“ – 2.54 ლარი, „ლუკოილში“ – 2.46 ლარი, „გალფში“ – 2.54 ლარი. 

იმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციითვე, 3-6 თეთრით გაიზარდა სხვა ტიპის ბენზინისა და დიზელის ფასიც.

საწვავის გაძვირებას საქართველოში ბოლო თვის განმავლობაში ჰქონდა ობიექტური მიზეზები, თუმცა მანამდე დადგენილ ფასთან და გაძვირების  პროპორციებთან დაკავშირებით კითხვები აქვს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს.  ანალიტიკოსი სავალუტო ბაზრის მდგომარეობასაც აფასებს და ამბობს, რომ ისტორიულ გაუფასურებაზე, უკვე ყველამ ხელი ჩაიქნია, აღარავინ უღებს პასუხისმგებლობას და ეს არის, ყველა პროდუქტისა და პროდუქციის გაძვირების მიზეზი. 

`ბოლო ერთ თვეში, საწვავის ფასი ოთხჯერ შეიცვალა. ცალსახაა, რომ კომპანიებს ობიექტური ფაქტორები ჰქონდათ, რათა პროდუქტი გაეძვირებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში იაფდებოდა ნავთობი მსოფლიო ბაზარზე, რასაკვირველია, ეროვნული ვალუტა ბევრად დიდ გავლენას ახდენდა საცალო ფასის ფორმირებაზე. უბრალოდ, იმას უნდა მივაქციოთ ყურადღეა, რომ იქამდე, ანუ 12 მაისამდე, როცა მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო ყველა ფაქტორი, კომპანიებმა ორჯერ გაზარდეს ფასები, რომელიც ატარებდა ბუნდოვან ხასიათს. ასევე კითხვის ნიშნებია ზრდის პროპორციებთანაც, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად გაძვირება არ იყო არალოგიკური. ჩემი პოზიცია ცნობილია იმპორტიორთა ფასების მიმართ, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, სწორი არ იქნება, ახლა ფასების ზრდა ამას დაბრალდეს. ეს ცალსახად არის ისტორიული გაუფასურების შედეგი, რასაც ლარი განიცდის. ამაზე, თითქოს ყველამ ხელი ჩაიქნია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და პასუხისმგებლობასაც არავინ იღებს. ცალსახაა, როცა ეროვნული ვალუტა ამ მდგომარეობაშია, გაძვირდება ყველა პროდუქტი, მომსახურეობა და ეს არის შეუქცევადი პროცესი~, - ამბობს, ბაირახტარი ,,რეზონანსთან”. 

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის თქმით კი, საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასმა 5 თეთრით მოიმატა როგორც საცალო, ისე საბითუმო ქსელშიც. მისი თქმით, ლარის ასეთი არასტაბილური მდგომარეობის გამო, მომავალი ძალიან ბუნდოვანია, თუ რა ეღირება საწვავი საქართველოში. 

,,მიმდინარე  ეტაპზე, საწვავზე ფასი, საშუალოდ 5 თეთრითაა მომატებული, ყველა კატეგორიის საწვავს შეეხო ფასების მატება როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრნდირებულ კომპანიებში. მიზეზი, გახლავთ, მნიშვნელოვნად გფაუფასურებული ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებაში და პარალელურად, საერთაშორისო ფასები, ,,პლატცის" ნავთობ პროდუქტებზე, ბოლო პერიოდში ფასების მატებით ხასიათდება. საუბარია ბოლო 15-20 დღეზე. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ფასების კორექტირება. 

სამომავლო ვითარება პირდაპირ კავშირშია როგრც ეგზოგენურ ფაქტორებთან, ასევე უმთავრესად, ლარის და დოლარის კურსთან. რა თქმა უნდა, ყველა ახალი პარტია და იმპორტი იქნება ამ ორი კომპონენტის მიხედვით განსაზღვრული. ამ ვითარებაში, მომავალი არის ძალიან ბუნდოვანი. ამ ეტაპზე შეუძლებელია პროგნოზირება”- აცხადებს მთვრალაშვილი ,,რეზონანსთან”.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, ანალიტიკოსები როგორც საწვავზე ასევე ლარზე სტაბილურ ფასს და სიმყარეს პროგნოზირებდნენ, დღეს ვითარება ორივე შემთხვევაში ცალსახად საპირისპიროა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე გაძვირებული საწვავი იქამდეა შეძენილი, სანამ ლარი ისტორიულ გაუფასურებას მიაღწევდა, სავაურადოა, რომ საწვავის ფასის მეტად ზრდას უნდა ველოდოთ. ეს მაშინ, როცა სწავავმაც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მაქსმიმალური ფასის ზღვარი გადალახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×