
20 ივნისის ამბებიდან 14 დღე გავიდა - დარბევაზე პასუხისმგებელი პირი, ან პირთა ჯგუფი კი დადგენილი არ არის. ასევე დღემდე პასუხ გაუცემელი რჩება კითხვა, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება და სპეცრაზმი ვისი დავალებით მოქმედებდა. მიუხედავად დაზარალებულების ნაწილის დაკითხვისა, შს სამინისტროს ან პროკურატურას ამ დრომდე არც იმ პოლიციელების შესახებ უთქვამს რაიმე, რომლებსაც უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდათ. ასევე არავინ იცის, ამ ადამიანების სს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება თუ არა. ოფიციალური მონაცემებით, გამოძიება 10 პოლიციელზეა დაწყებული.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გახარიას გადასარჩენად მმართველმა გუნდმა ახლი გეგმა შეიმუშავა და პასუხისმგებლობა შეიძლება სრულად სპეცრაზმს დაეკისროს. „ნაცმოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სცენარი, რომელიც „ოცნებამ“ შეიმუშავა ასეთია - იტყვიან, რომ სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებისგან საფრთხე დაინახეს, სროლა საკუთარი გადაწყვეტილებით დაიწყეს, ბრძანება კი არ არსებობდა.
„ყველამ კარგად იცის, რომ ბრძანების გარეშე სპეცრაზმი ვერანაირ ქმედებას ვერ განახორციელებს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ისინი დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, უტიფრობაა და გონიერებაზე საუბარიც კი ზედმეტია. უნდა ვიცოდეთ მარტივი ფორმულირება, ბრძანებას ექვემდებარება შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ბრძანების გამცემი ადამიანები იყვნენ ვერტიკალურად და წყობა არის შემდეგი: ეს არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია, ჩუბინიძე და კოორდინაციაში ყველა სამართალდამცველ უწყებასთან, ასევე რეალურად იმ სამმართველოს უფროსებთან, რომლებიც ასევე იდგნენ კორდონის მიღმა,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
უმრავლესობაში ოპოზიციის გან განსხვავებით შს მინისტრის პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ 10 პოლიციელის მიმართ დაწყებული მოკვლევა უკვე შედეგია.
„უკვე შედეგია ის, რომ შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, 10 პირთან მიმართებაში წარმოებს პროცესი, მიმდინარეობს როგორც სამსახურეობრივი შემოწმება გენინსპექციის მეშვეობით,რაიმე გადაცდომას ჰქონდა თუ არა ადგილი.თუ გამოიკვეთა ეს ნიშნები შემდგომ პროკურატურა უნდა ჩაერთოს, ორთან თუ სამთან მიმართებაში უკვე მიმდინარეობს პროკურატურაში დანაშაულის ნიშნებთან მიმართებაში გამოძიება,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
„კანონმდებლობა არ განიხილავს და არ ასხვავებს ადამიანებს პასუხისმგებლობის ნაწილში, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ყველამ უნდა აგოს პასუხი“, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე. მისი თქმით, აქციის დაშლა მოხდა ქაოტურად და სპეცრაზმი კონტროლიდან გამოვიდა.
“მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებას უკავშირდება, ეს არის კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და მათი პასუხისმგებლობა. აქ საუბარია,როგორც რიგითი სამართალდამცავების მხრიდან პასუხისმგებლობაზე, ასევე საუბარია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების პასუხისმგებლობაზე. პირველ რიგში, პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, ცხადია, მოიაზრება შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო თუ არა
მისი ბრძანება ეს არ ცვლის არაფერს, თუ არ იყო ეს მისი ბრძანება, ესეც პრობლემაა. მე მგონია, რომ პროცესი, რაც რუსთაველზე 20 ივნისის ღამეს განვითარდა, იყო ქაოტური პროცესი, რასაც მოჰყვა ის სავალალო შედეგები, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ,” - განაცხადა სალაძემ.