(რეზონანსი) ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, შეერთებული შტატების საელჩოში მიღება ტარდება. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორისა და დიპკორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
სტუმრებს ჟურნალისტებმა 20 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს.
შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, უწყების ინტერესშია, რომ გამოძიება მალე დასრულდეს.
კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც.
„20 ივნისის მოვლენები საჭიროებს თანმიმდევრულ და დაბალანსებულ გამოძიებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. საქართველო ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოს შეუძლია, გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა.
20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.
მომხდარის გამო თანამდებობა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ დატოვა. სადეპუტატო მანდატი დატოვა ასამბლეის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა.