თამარ შუკვანი
04.07.2019

 დაჭერების სერია გრძელდება; 20 ივნისის „გავრილოვის ღამის" გამო „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გამოკითხვაზეა დაბარებული. მასთან ერთად, შსს სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნითაც მიმართავს.

ამ ფაქტს გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ თუ გამოძიების ფარგლებში არის კითხვები ამა თუ იმ პოლიტიკურ ფიგურასთან, მათ უნდა დაიცვან კანონი.

„როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისადმი, ასევე პოლიციის მიმართ გვაქვს მოთხოვნა, რომ მათ დაიცვან კანონი, იყვნენ და მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, ასევე, ნებისმიერი პარტიის პოლიტიკურ ლიდერსაც უნდა ჰქონდეს ასეთივე პასუხისმგებლობის სტანდარტი. მათზეც ვრცელდება კანონი და მიმდინარე გამოძიება ადგენს იმას, რომ გამოძიების ფარგლებში აქვთ კითხვები ამა თუ იმ პოლიტიკურ ფიგურასთან, რა თქმა უნდა, მათ უნდა დაიცვან კანონი. მთავარია ის, რომ პოლიტიკურ ლიდერებზეც, მათ შორის ოპოზიციური პარტიიის ლიდერებზეც ვრცელდება კანონი და ისინი კანონზე მაღლა არ დგანან," - განაცხადა ცქიტიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ „არაფერი არ არის გამორიცხული ივანიშვილის პირობებში".

"თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ დაიჭიროს პოლიტიკური ლიდერები, ჩვენ მას წინ აღვუდგებით ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლით და საზოგადოებრივი აზრის მობილიზებით. საბოლოო ჯამში, ივანიშვილის ხელშია სასამართლოც პროკურატურაც და შსს-ც, რომ მოუნდეს ჩვენი დაჭერა, დღესვე დაგვიჭერს ყველას. უბრალოდ ამას ექნება თავისი რეაქცია და როგორც მელიას შემთხვევამ აჩვენა, რომ ამ ნაბიჯს რეაქცია მოჰყვა, რომელიც მისთვის იყო დამაზიანებელი, ასევე შევეცდებით, რომ გავუზარდოთ პოლიტიკური ფასი ყველა მსგავს ამბავს," - განაცხადა კაპანაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ შესაძლოა უგულავას, ოქრუაშვილს და ბარამიძესაც გაუკეთონ სამაჯურები, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

„რთული სათქმელია, მაგრამ მოვლენების რაღაც დრამატულ განვითარებას ნამდვილად არ ველოდები. ხელისუფლება იძულებულია ასეთ ნაბიჯებზე წავიდეს, რადგან თუ არ იძიებს, მან ილუზია მაინც უნდა შექმნას იმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს," - განუცხადა ძაბირაძემ „ინტერპრესიუსს."

მისი თქმით, ნიკა მელიას განცხადება მთელმა საზოგადოებამ მოისმინა, თუმცა ახლა მისთვის უცნობია, რომელი ქმედების ან განცხადების გამო დაიბარეს გამოკითხვაზე გიგი უგულავა, გია ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი.

„რამდენიც გინდა დაიბარე, აქედან რა გამოვა?! გამოძიება უნდა იყოს სანდო, ეს უნდა იყოს მთავარი. გამოძიების პროცესისადმი ნდობა თუ არ არის, ვინც არ უნდა იყოს, მართლაც დამნაშავე რომ იყოს, საზოგადოებრივი მხარდაჭერა ასეთ შემთხვევაში არ ექნება. ეს არის ფუჭი გასროლა ხელისუფლების მხრიდან. უბრალოდ მგონია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების ფარგლებში იკითხება ეს ხალხი. ალბათ, დაკითხვები გაგრძელდება ხმაურიანი, ცნობადი პირების, ვინც იქ, იმ მომენტში იყო ან რაღაცნაირად მონაწილეობდა.

„შესაძლოა გაუკეთონ მათაც სამაჯურები, მაგრამ ეს რას ცვლის?! აბსოლუტურად არაფერს, ექნებათ ეს სამაჯური ხელზე და ექნებათ. ჯერ ვნახოთ რა იქნება. მელიას, ფაქტობრივად, ბრალი წაუყენეს ორგანიზებაში. აქ ჯერ გამოკითხვაზეა საუბარი, გამოკითხვის შემდეგ თუ გადავლენ იმაზე, რომ ბრალი წაუყენონ ან რაღაც ასეთი, ეგ სხვა თემაა უკვე. ჯერ ისეთი არაფერია," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×