გელა ხანიშვილი: ,,ექსპორტში განსაკუთრებით ევროპის მიმართულება გვაინტერესებს, რადგან ეს არის მაღალი გადახდის ბაზარი, რაც ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია"
მარი ჩიტაია
04.07.2019

 ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. წელს მოსავალის რაოდენობა და ფასიც გაიზრდილია. პარალელურად აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ატმის რეალიზაცია უპრობლემოდ მოხდეს. ფერმერები იმედოვნებენ, რომ მათი მოსავლის ძირითადი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიყიდება. ტენდენცია არ შეცვლილა და ატმის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა კვლავ რუსეთია, თუმცა ქართული პროდუქტი გადის ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და ქუეითის ბაზრებზეც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გელა ხანიშვილის განცხადებით, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანში შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

ამ ეტაპზე 1 კგ. ატამი, ხარისხის შესაბამისად, საშუალოდ 1-1,50 ლარის ფარგლებში იყიდება. მოსალოდნელია, რომ პიკური მოთხოვნის შემდეგ პროდუქტის ღირებულება შემცირდება. თუმცა, როგორც გელა ხანიშვილი ამბობს, შარშანდელთან შედარებით ატმის ფასი შემცირების შემთხვევაშიც მაღალი დარჩება. 

,,მთელი კახეთი მოვიარეთ და თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ძალიან კარგი სეზონია. ატამი წარმატებით იყიდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საექსპორტოდ. მეწარმეებს, რომლებიც ორგანიზებულ ბიზნესს აწარმოებენ, შესამჩნევი ეფექტი აქვთ. ხილი დიდი მანქანებით იგზავნება ექსპორტზე, ხოლო შიდა გადაზიდვებით გამოიყენება მცირე მიკროავტობუსები, მაღალი აქტიურობა შეიმჩნევა. გასულ წელთან შედარებით, საკმაოდ კარგი ფასია როგორც ხარისხიან, ასევე ნაკლებადხარისხიან პროდუქტზე. სახელმწიფო ამ პროცესში ჩართულია აქტიურად, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სტრუქტურა ერთობლივად არის მობილიზებული, რომ ექსპორტი წარმატებით განხორციელდეს. ჯერჯერობით კარგი ტენდენციაა და სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება, მაგრამ შეიძლება ფასები შემცირდეს. ამ ეტაპზე მიწოდებაა დიდი და ეს ახდენს ფასზე გავლენას. როგორც კი ეს ფაქტორი მოიხსნება, ატმის ღირებულებაზეც ადეკვატურად აისახება, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, მაღალი ფასი შენარჩუნდება", - განუცხადა ,,რეზონანსს" გელა ხანიშვილმა.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ქართული ატმის ექსპორტი არ შეფერხებულა, თუმცა ამავე დროს ფართოვდება საექსპორტო არეალი. მოსავლის დიდი ნაწილი იგზავნება აზერბაიჯანსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. გარკვეული პარტია ყატარის ბაზარზეც შედის.

,,ვიმედოვნებთ, რომ ემბარგო არ დაწესდება, მაგრამ იმედისმომცემია ის ფაქტიც, რომ დივერსიფიცირების საკმაოდ მაღალი დონეა. ქართული ბიზნესი ყოველთვის მოძებნის გამოსავალს და სახელმწიფოს მხარდაჭერაც ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩვენ მოვლენებს ვერ გავუსწრებთ. რეალურად ემბარგოზე საუბარი არ არის, ატამი და ყველა პროდუქტი, რომელიც გადის რუსეთში, შეუფერხებლად იყიდება. დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა ბაზარი თავისუფალია, მუშაობს, პროდუქცია იტვირთება და იგზავნება შეფერხების გარეშე. 

ატამი 5-6 ქვეყანაში იგზავნებოდა, თუმცა ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები კვლავ რუსეთი და აზერბაიჯანია. ჯერჯერობით ყოველგვარი შეფერხების გარეშე ვმუშაობთ. ექსპორტთან დაკავშირებით უარყოფითი მოლოდინი ნამდვილად არ არის. არა მარტო ატამი, რუსეთში საქართველოს ძალიან ბევრი სასურსათო პროდუქცია გადის. 2012 წლამდე ბაზარი პრაქტიკულად იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები. 2012 წლის შემდეგ, როცა სახელმწიფომ აქტიური პოლიტიკა დაიწყო აგრარულ სექტორში, რომელიც გამოიხატა სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, ძირითადი გეზი ბაზრების დივერსიფიცირებისკენ ავიღეთ. პარალელურად ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზრის დახვეწაზე, ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც პროდუქტის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია. კახეთში კონკრეტულად 9 მაცივარი დაფინანსდა და ფუნქციონირებს. ასე რომ, საფუძველი ჩაყრილია და ექსპორტზე პრობლემა არ გვაქვს. ალბათ, მომავალ წლებში მეტ დივერსიფიცირებას მოვახდენთ, მარტო სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული, ბიზნესიც უნდა გადაერთოს ისე, რომ თანამედროვე მოთხოვნებს აუწყოს ფეხი, მეტ გამოცდილებას იძენს, მეტი რეგულაციები შედის ძალაში. მეტი ხარისხიანი და ბრენდირებული პროდუქციაა, რომელიც შეიძლება ბაზრებს მივაწოდოთ. განსაკუთრებით ევროპის მიმართულება გვაინტერესებს, რადგან ეს არის მაღალი გადახდის ბაზარი, რაც ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია. ასე რომ, დივერსიფიცირების ტემპი მატულობს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს რუსეთის ბაზრის არსებობსაც, რომელიც ახლო მეზობელია და ერთ-ერთი ბაზარი, რომელიც ასევე ჩართულია სავაჭრო ურთიერთობებში", - განაცხადა გელა ხანიშვილმა. 

ფერმერების თქმით, მოსავლის რეალიზაციას პრობლემა არ შექმნია და მოკრეფილი ატმის ნახევარზე მეტი უკვე ჩააბარეს.  

ფერმერ მამუკა ამონაშვილის ინფორმაციით, წელს ატამი 1 ლარზე ნაკლებად არ გაყიდულა.

,,კარგი მოსავალია, ამ მხრივ უკმაყოფილო ადამიანს კახეთში იშვიათად ნახავთ. რაიონში რამდენიმე ჩასაბარებელი პუნქტია და რეალიზაცია არ გვიჭირს. ფასიც მისაღებია. 1 კგ. ატამი სულ მცირე, 1-1,20 ლარად იყიდება. შარშან ამ დროს კი მისი ფასი 70-80 თეთრი იყო. თავის დროზე ძალიან დაგვეხმარა ისიც, რომ ბევრმა ადამიანმა ისარგებლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებით, იაფი კრედიტებით და თანადაფინანსების პროგრამებში მონაწილეობით ხალხს სტიმული მიეცა, ახალი ბაღები გააშენეს და უკვე მოსავალიც მიიღეს. ატმის დამზადებასაც უფრო ცივილური ფორმა მიეცა. ჭარბი მოსავალია და მთავარია რეალიზაცია ბოლომდე შეუფერხებლად შევძლოთ. კარგი იქნება, თუ სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით გააძლიერებენ მუშაობას. დეფიციტი არ არის, მაგრამ სასურველია, რომ მეტი ასეთი საწარმო გაიხსნას, რომ მოსავალი არ გაფუჭდეს", - ამბობს მამუკა ამონაშვილი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×