მერაბ ჯანიაშვილი: ,,აღმაშფოთებელია, რომ კანონპროექტში მხოლოდ რეკლამის აკრძალვაზეა საუბარი, ხელისუფლება ამაზე შორს ვერ მიდის".
მარი ჩიტაია
04.07.2019

 ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დროში ჭიანურდება. სავარაუდოდ, აზარტული თამაშებთან დაკავშირებით უმრავლეობა პოზიციას დათმობს. თუმცა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აზარტული თამაშების აკრძალვის იქით არ მიდის და ბიზნესს სრულ თავისუფლებას ანიჭებს. ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოს მიერ ერთხელ ჩაგდებული კანონპროექტი განხილვის მოლოდინშია. არ არის გამორიცხული, რომ აზარტული თამაშობების ან/და ტოტალიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება საბოლოოდ შეიზღუდოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში კონსესუსი მიღწეულია, თუმცა, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ამბობს, ეჭვი ეპარებათ, რომ წარმოდეგენილი რედაქცია დამტკიცდება.  

განახლებული კანონპროექტის ახალ ვერსიაზე სამმა პარლამენტარმა იმუშავა: გოგა გულორდავამ, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და რატი იონათამიშვილმა.

ეს მეორე მცდელობაა, პირველი შემთხვევა წარუმატებლად დასრულდა -კანონპროექტი, რომელიც უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა 6 კოლეგასთან ერთდ მოამზადა, საკანონმდებლო ორგანომ ჩააგდო.

„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ბერაიას თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ინიცირებულ კანონპროექტს აქამდეც განიხილავდა, თუმცა მისი მოლოდინები არ გამართლდა.

დეპუტატისთვის უცნობია, როდის განიხილავს პარლამენტი ახალ საკანონმდებლო პაკეტს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით სათამაშო ბიზნესთან კონსულტაციები არ ყოფილა. თუმცა, მისი თქმით, შეხვედრა  შედგა სარეკლამო ბიზნესთან. როგორც ირაკლი ბერაია ამბობს, ის ამ პროცესებში არ მონაწილეობდა. დეპუტატი არც იმას გამორიცხავს, რომ კანონპროექტი არ დამტკიცდეს. როგორც მან ,,კომერსანტს" განუცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში  კონსესუსი უკვე არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარმოდგენილი რედაქცია აუცილებლად დამტკიცდება.

„ძირითადად ცვლილებები შეეხო სპორტულ დაწესებულებებს ანუ რეკლამები არ აიკრძალება მაშინ, როდესაც სპორტული ორგანიზაციის საქმიანობა სპონსორობის სანაცვლოდ განხორციელდება. გარე რეკლამის განთავსების რადიუსი კი ზოგადსაგანმანათლებლო და რელიგიური დაწესებულებებიდან 200 მეტრიდან 100 მეტრამდე შემცირდა, ეს პრინციპული ცვლილება არ იყო ეს შეიძლებოდა  მეორე მოსმენითაც შეცვლილიყო. ახალი კანონპროექტის თანხმად,  დასაშვები იქნება რეკლამის ვიზუალურად განთავსება ობიექტზე, მაგალითად “კაზინო აჭარას“ რომ ეწეროს “კაზინო აჭარა“, თუმცა კანონით დაშვებული რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატებოდეს. ასევე იყო ცნება სპორტული დაწესებულებები, რაც ცოტა ბუნდოვანი იყო.  ახალი კანონპროექტის შემთხვევაში სიცხადე შევიდა და დაკონკრეტდა რას ნიშნავს სპორტული დაწესებულებები. ვთვლით, რომ სოციალური ტვირთი შემცირდება, რადგან რეკლამები თავისთავად იმ რაოდენობით აღარ იქნება, მეორეს მხრივ კომპანიების მხრიდან გაიზრდება ინტერესი დაასპონსორონ სპორტული ღონისძიებები,“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ,,რეზონანსს" განუცხადა, რომ კანონპროექტი აუცილებლად დამტკიცდება, თუმცა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან მან თავი შეიკავა. ამ შემთხვევაში დეპუტატის პოზიცია საკითხის დადასტურებით შემოიფარგლა.

სამაგიეროდ, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საკამოდ მწვავე მოსაზრება აქვთ ფინანსისტებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ბიზნესს ლობირებს და გვერდს უვლის თემას, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს. 

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ პრობლემასთან გასამკლავებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს.

,,ვისმენთ განცახდებებს, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ 7 წლის განმავლობაში ეს საკითხი ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა წინ, მიზეზი ჩემთვის გაუგებარია. პარლამენტარებისა და მთავრობის წევრებისგან ეს პასუხი ვერ მოვისმინე. ღარიბ ქვეყანაში აზარტული თამაშები უმაღლეს დონეზეა მიშვებული. ბიზნესის ბრუნვამ გასულ წელს 10 მლრდ ლარს გადააჭარბა. არაფერია რთული გასაკეთებელი, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს. არ მესმის, ვინ ლობირებს ისეთი, რომ ვერავინ შეძლო საჭირო ზომების მიღება?! აღმაშფოთებელია, რომ კანონპროექტში მხოლოდ რეკლამის აკრძალვაზეა საუბარი, ხელისუფლება ამაზე შორს ვერ მიდის. მსოფლიოში ცნობილი ყველა ავტორიტეტული კომპანია სათამაშო ბიზნესის ამსახველ რეკლამას არ უშვებს. აზარტული თამაშები გაიგივებულია ნარკოტიკებთან და მსოფლიო შეთანხმდა, რომ ამ სფეროში მკაცრი რეგულაციები გაატაროს. რეკლამის შეზღუდვაზე კი საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი, მით უმეტეს, რომ არანაირ შედეგს არ მოიტანს. ჩემი აზრით, ქალაქის ცენტრში კაზინოები უნდა აიკრძალოს და ამაზეც უნდა შეთანხმდეს მთავრობა, რადგან ამ ბიზნესს მოსახლეობისთვის უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. გარდა ამისა, სექტორში დაწესებული საგადასახადო ტვირთი უნდა იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე დღეს არსებობს. ნორმალურ ქვეყნებში მსგავსი ტიპის დაწესებულებებს სოციალურ პასუხისმგებლობას აკისრებენ. ჩვენთან პირიქითაა, ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების სამეულში ერთ-ერთი სწორედ კაზინოა, რაც დამღუპველია. რაც მახსოვს, ყველა პრემიერი საუბრობდა შეზღუდვაზე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა და დღესაც კი უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ფაქტია, რომ ამ ბიზნესს პარლამენტში ლობი ჰყავს", - აცხადებს ჯანიაშვილი.

ახალგაზრდა ფინანსისისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ კუკულაძემ ,,რეზონანსს" განუცხადა, რომ საეჭვოა, მოდმდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აზარტული თამაშების აკრძალვის მიმართულებით ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯი გადადგას.

,,უზარმაზარ პრობლემას ქმნის სათამაშო ბიზნესში მონაწილე კომპანიების საქმიანობა საზოგადოებაში მორალურად, ფსიქოლოგიურად და ეკონომიურადაც. ბილბორდების რეკლამის აკრძალვა, ისიც კონკრეტულ მონაკვეთზე, შედეგს რეალურად ვერ მოიტანს, მაგრამ ამასაც კი აქამდე მხარი არ დაუჭირეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ სიტუაცია რეალურად შეიცვლება. ფაქტია, რომ პარლამენტში ან უცოდინრები სხედან ან ამ მავნებლობას შეგნებულად უწყობენ ხელს", - ამბობს კუკულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×