სოსო არჩვაძე: ,,შემაშფოთებელია, რომ 100 ლარზე ნაკლებია ადამიანების ხელფასი, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია ეს უთანასწორობაა".
თამარ მუკბანიანი
04.07.2019

 საშუალო ფენის გაქრობა ოფიციალური სტატისტიკიტაც დადასტურდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით გაირკვა, რომ დასაქმებულთა 16%-ის ხელფასს მიზერულიც აღარ ეთქმის, რადგან მისი მოცულობა 100 ლარზე ნაკლებია. ხოლო 100-200 ლარი  110 ათას მოქალაქეს აქვს. ანალიტიკოსები ციფრებს შემაშფოთებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საშუალო ფენის გაქრობას სტატისტიკა ყველაზე უკეთესად ასახავს.

ქვეყანაში დეკლარირებული სახელფასო შემოსავალი მხოლოდ 1.13 მილიონ ადამიანს აქვს, მათი 16%-ის ანაზღაურება კი საშუალოდ თვეში 100 ლარზე ნაკლებია.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს 191 ათას მოქალაქეს აქვს თვეში 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი. 100-200 ლარი 110 ათას მოქალაქეს აქვს. რაც შეეხება ყველაზე მაღალ შემოსავალს - 100,000 ლარზე მეტი (ანუ თვეში 8333 ლარი) მხოლოდ 7.8 ათას მოქალაქეს ანუ მთლიანი მოსახლეობის 0.21%-ს აქვს. მთლიანობაში, ოფიციალური ხელფასების სახით ქვეყანაში 13,369,344,334 ლარი გაიცა. 

ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა BM.GE-სთან გაასაჯაროვა.

საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.69 მილიონი ადამიანი (2018) წელი, თუმცა, რეგისტრირებული ანუ დადასტურებული შემოსავლები ამ 1.69 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 1.13 მილიონს აქვს. შესაბამისად, ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს, ვისაც საქსტატი დასაქმებულად აღრიცხავს, წლის განმავლობაში არცერთი თეთრის შემოსავალი არ აქვს.  

ციფრები იმასაც აჩვენებს, რომ ქვეყნაში საშუალო ფენა ქრება და ასევე, რეგისტრირებულ დასაქმებლთა ოდენობა, 2018 წელს შემცირდა. 

ადამიანები, რომელთაც სტატისტიკა დასაქმებულად აღწერს, რეალურად კი ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, თვითდასაქმებულები არიან. მათი უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია თვითდასაქმებული. 

მონაცემები, შემოსავლების სამსახურიდან ,,ბიზნეს მედია საქართველომ” გამოითხოვა, სადაც ასევე ნათლად ჩანს, ის, ვის ,,ხარჯზეა” საშუალო სტატისტიკური ხელფასი აცდენილი რეალობას. 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი აქვს მოსახლეობის 0.57%-ს. წელიწადში 100,000 ლარზე (თვეში 8333 ლარი) მეტი შემოსავალი კი მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს. 

ანალიტოკოსი ირაკლი მაკალათია  ამბობს, რომ ეს ციფრები ბევრად რეალურია და ასახავს მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ვიდრე საქსტატის მონაცემი. მისი თქმით, სურათი, რომელიც ამ სტატისტიკით დაიდო, რეალურია და ქვეყნის მდგომარეობის იდენტური.

 

,,რეალური მონაცემები, რასაკვირველია არის ის, რასაც აქვეყნებს შემოსავლების სამსახური, რადგან მათ სახელებით და გვარებით, პირადი ნომრებით იციან, რეალურად ვინ რამდენ ხელფასს იღებს და სად არის დასაქმებული. საქსტატი კი 6 000 შინამეურნეობაზე დაკვირვებით აზოგადებს, ამიტომაც მათი კვლევები ხშირად უკმაყოფილებას იწვევს. ამ დროს მათ მეთოდოლოგიაზე ვერ მოედავები, რადგან ასე ითვლის ევროკავშირიც და სხვა გავლენიანი ინსტიტუტების რეკომენდაციაც ასეთია. უბრალოდ მისი ეკონომიკური შეფასება და რეალობასთან აცდენა საკმაოდ დიდია. 

სავარუდოდ, ის, რომ 100 ლარზე ნაკლები აქვთ დასაქმებულთა 16%-ს, არის სავარაუდოდ სეზონური დასაქმების გამო. ფაქტია, მონაცემი შემაშფოთებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაუშვებელია, მინიმალური ხელფასის დაწესება. ამას შეიძლება გაუძლოს, დიდმა ბიზნესმა, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესი რომ ამას ვერ გადაიტანს და დაიღუპება, ფაქტია. ასეთ რეგულაციებს, არა თუ ჩვენ, გერმანიის ეკონომიკაც კი პრობლემურად იღებს.  სურათი, რომელიც ამ სტატისტიკით დაიდო, რეალურია და ქვეყნის მდოგომაეობის იდენტურია - დაბალი დასაქმება, ძირითადი წილი თვითდასაქმებულებზე და სეზონური ანაზღაურება “-აცხადებს მაკალათია ,,რეზონანსთან”. 

,,შემაშფოთებელია, როცა 16%-ს 100 ლარზე ნაკლები აქვს და ტრაგიკულია, როცა შემოსავლების ამ დონის უთანასწორობაა ქვეყანაში" - ასე აფასებს მონაცემებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.  

,,ფაქტია, რომ საქართველოში ძალიან მაღალია საშემოსავლო დიფერენციაცია და ამ სტატისტიკით ეს ძალიან ნათლად არის ასახული. ჩვენ მივეკუთვნებით ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ასევე პოსტ საბჭოთა სივრცეში უდავო ლიდერს შემოსავლების უთანასწორობის კუთხით. არ შეძილება, ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე ადმიანის ჯამაგირი 10-ჯერ და მეტად აღემატებოდეს ყველაზე ღარიბისას. ასეთია მსოფლიოს ყველაზე სწორად განვითარებული ქვეყნების მიდგომა. ასეა, გერმანიაში და სკანდივავიაში. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 17,18-ჯე მეტია. 

შემაშფოთებელია ის, რომ 100 ლარზე ნაკლებია ადამიანების ხელფასი, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია ეს უთანასწორობაა. შეუძლებელია 100 ლარის და 100 000 ლარის მქონე ადამიანს ერთ ხედვა ჰქონდეს, თუნდაც სახემწიფოებრივ საკითხზე. ასე ქვეყენა არ შენდება, სამოქალაქო საზოგადოება არ იქმნება. ამ ხალხს მხოლოდ ჰაერი და საქართველოს მოქალაქის პასპოტი შეიძლება ჰქონდეთ საერთო” - აცხადებს სოსო არჩვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×