ია აბულაშვილი
05.07.2019

 "ასეთი განცხადებები, საქმის გადაკვალიფიცირება 90-იანი წლებიდან ხელისუფლების მხრიდან მძიმე ვითარებაში მუდმივად ხდებოდა, მაგრამ მწვავე გაგრძელება არ მოჰყოლია. ვნახოთ, ამჯერად რა გზას აირჩევენ. ჩემი აზრით, ეს უფრო ფსიქოლოგიური შეტევაა როგორც საზოგადოებაზე, ისე აქციის მონაწილეებზე, დაიჯერონ, რომ ხელისუფლება ამ საქმეს იძიებს," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას.

პროკურტურამ 20-21 ივნისის მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გადაკვალიფიცირა. როგორც უწებაში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი კვალიფიკაცია დაზუსტდა და საგამოძიებო ორაგნოებში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი. 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ნიკა მელიას შემდეგ, საგამოძიებო ორგანოებში დაიბარეს გია ბარამიძე, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

"საქმის გადაკვალიფიცირება ნიშნავს, რომ პროცესი უფრო გამკაცრდება. მართალია 90-იანი წლებიდან ხელისუფლების მხრიდან მძიმე ვითარებაში საქმეების გადაკვალიფიცირება მუდმივად ხდებოდა, თუმცა მწვავე გაგრძელება არ მოჰყოლია. ასე იყო 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენების შემდეგაც. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება მძიმე გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, ვნახოთ რა გზას აირჩევს, მაგრამ კვალიფიკაციას - ამბოხება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, უტყურზე-უტყუარი ფაქტები დასჭირდება. ჩემი აზრით, ეს უფრო ფსიქოლოგიური შეტევაა როგორც საზოგადოებაზე, ისე აქციის მონაწილეებზე, ირწმუნონ, რომ ხელისუფლება ამ საქმეს იძიებს.

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერების დაბარებას გამოკითხვაზე, რა თქმა უნდა, გამოძიების პროცესში დაბარებული იქნებიან ის ცნობადი სახეებიც, რომლებიც ამ აქციაზე იმყოფებოდნენ. ნიკა მელიას მთელი ეპოპეა იმით დამთავრდა, რომ სამაჯური გაუკეთეს, ალბათ ამათაც სამაჯურს გაუკეთებენ.

ამიტომ, თქმა იმისა, რომ ხელისუფლების ნებისმიერი მოქმედება მიზნად ისახავს აქციის მუხტი ჩააქროს, ასე ვერ მოხდება, შეიძლება უფრო ახალი ენერგია შეიძინოს. მართალია გვინახავს ხანგრძლივი, სამთვიანი აქციებიც და მინელებულა. თავისი ბუნებით საპროტეტსო აქციები დიდხანს ვერ გრძელდება, მაგრამ პროტესტი არსად მიდის და ხალხში რჩება," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×