
20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების მიზნით პარლამენტში ორი დოკუმენტია დარეგისტრირებული, რადიკალურად განსხვავებული სულისკვეთებით. ერთის ავტორი ოპოზიციაა, რომელიც არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს და იმათ დასჯას ითხოვს, ვინც "სასიკვდილო ტყვიების" სროლის ბრძანება გასცა. „ქართული ოცნება“ კი შეთქმულებაზე და კონსტიტუციური წესრიგის დამხობაზე აკეთებს აქცენტს.
„ოცნების“ დადგენილება ათი პუნქტისგან შედგება და მასში ნათქვამია, რომ კონსტიტუციური წესწყობილების დაცვა და პატივისცემა ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. პროექტში ასევე წერია, რომ ხელისუფლებამ 20-21 ივნისს დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
დადგენილების პროექტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პოლიტიკოსებმა მშვიდობიანი პროტესტი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენეს.
"ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული აქტის განსახორციელებლად, უხეშად ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკის მორალურ პრინციპებს.
აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მას წინ უსწრებს ცალკეული პოლიტიკოსების სისტემატური საჯარო მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესახებ;
საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა იქნეს განხილული კონსტიტუციით დადგენილი სახელმწიფო მმართველობის სისტემის ცენტრალური ორგანოს – საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რომელიც წარმოშობს უშუალო საშიშროებას, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი, ისე ცალკეული მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, რაც დადასტურდა კიდეც 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებით;
ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივ და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, საჭიროებს სათანადო რეაგირებასა და გამოძიებას სახელმწიფოს მხრიდან, სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად," - ნათქვამია დადგენილების პროექტში.
ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საპასუხოდ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ხოლო "ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის დროს" სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევები აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირებას.
პროექტში აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად.
10-პუნქტიანი დადგენილების ტექსტი 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ.
20-21 ივნისის მოვლენებზე დადგენილება ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამაც” დაარეგისტრირა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით, დღეს პარლამენტში რეგისტრირდება დადგენილების პროექტი, რომელიც შეეხება 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებას, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენას და გავრილოვის სიის შედგენის მოთხოვნით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის დადგენილების პროექტით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება მოამზადოს იმ რუსი პოლიტიკოსების სია, რომელთა ვიზიტი საქართველოში მიზანშეწონილი არ არის. პროექტი ითვალისწინებს, შეფასდეს 20 ივნისს გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული სხდომა, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.
“უნდა დადგიდნეს იმ პირთა წრე, ვინც გავრილოვი მოიწვია, უზრუნველყო სხდომის ჩატარება. ასევე, უნდა განისაზღვრის იმ პირთა წრე, ვინც არიან 20-21 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებელი. ამასთან, განისაზღვრის იმ პირთა წრე, ვინც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ხელი შეუწყო რუსული ინტერესების გატარებას”, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" დაკვეთა რუსულ გზავნილებს პირდაპირ ემთხვევა“. ამბობს, რომ „ოცნება“ გავრილოვის გზავნილებს იზიარებს და მისი ნების შესრულებას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ დეპუტაცია უკვე საქართველოს სირცხვილად იქცა. ეს ადამიანები უკანონო ბრძანებებს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ასრულებენ. აქ კიდევ ერთი რამეა ნიშანდობლივი, ორ კონკრეტულ საკითხში პირდაპირ ემთხვევა „ქართული ოცნების“ დაკვეთა რუსულ გზავნილებს. ერთი ეს არის გავრილოვის გზავნილი 21 ივნისის სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, რომელსაც შეუერთდა დღეს "ქართული ოცნების" პროკურატურა, მეორეა ცქიტიშვილის განცხადება, რომელმაც დაიწყო დღეს საუბარი, რომ რუსოფობიული განწყობებისკენ მიჰყავთ პარტიებს ეს აქციები, რაც უბრალოდ მტკნარი ტყუილი და რუსეთის დაკვეთაა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი ამბობს, რომ 20-21 ივნისს ვითარება არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც აირეოდა. ამტკიცებს, რომ რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ოპოზიცია დიდი ხნით ადრე ემზადებოდა. ამიტომაც გამოძიებამ ამ კითხვებს ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს.
"ყველამ ვიცით რა მოწოდებები კეთდებოდა, მათ შორის რეგიონების დონეზე. სიტუაცია უნდა ადუღებულიყო ბათუმში, შემდგომ ზუგდიდში იყო დაძაბულობის კერები. შემდგომ იარაღის ხელში აღებაზე, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, სხვადასხვა კონტექსტში, შემდგომ რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებაზე, დაუმორჩილებლობაზე, ეს სიტყვები გვესმის პერმანენტულად. ამის საბოლოო განვითარება ვიხილეთ რუსთაველზე პარლამენტის წინ როდესაც იყო პირდაპირი მოწოდება პარლამენტის შტურმით აღებასთან დაკავშირებით," - აცხადებს ოხანაშვილი.