„წინა შემთხვევებში გვახსოვს, არანაირი მსვლელობა საქმეებს არ მიეცა. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი საქმეს აღძრავს, ბოლომდე უნდა მიიყვანოს, დააკავოს დამნაშავეები და ბრალი წაუყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლებისთვის შეიძლება სახრჩობელა გახდეს," - აცხადებს „რეზონანსთან" „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა 20 ივნისის „გავრილოვის ღამის" მოვლენების შესახებ საუბრისას.
ცნობისათვის, პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით აგრძელებს, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით. გენერალური პროკურატურის განცხადებით, 20 ივნისის ღამის მოვლენების საქმეზე უახლოეს პერიოდში ბრალდებულ პირთა რიცხვი აუცილებლად გაიზრდება.
კუკავას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებში სს დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იკვეთება, თუმცა ის ეპიზოდიც გამოსაძიებელია, თუ რატომ მივიდა საქმე აქამდე;
„წმინდა სამართლებრივად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არსებობს, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი; ამ დანაშაულამდე საქმე რომ მივიდა, ამის მიზეზი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" იყო თუ ხელისუფლებამაც შექმნა ამის წინაპირობები? უშუალოდ 20 ივნისის ღამეს პასუხისმგებლობის 99% „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებზე იყო, თუმცა იმაში, რომ აქამდე მივედით, მთელი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას" ეკისრება.
„20 ივნისის ღამით რაც მოხდა, იგივე რომ გაეკეთებინათ მაგალითად ამერიკაში, თეთრი სახლის აღება, ან საფრანგეთში პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღება, ანდა ლონდონში პარლამენტზე შეტევა, 5 ათას კაცს ჩასვამდნენ ციხეში და არავის შეკითხვა არ დაებადებოდა, მაგრამ იმ ქევყნებში არ არის კითხვები ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. საქართველოში არის სპეციფიური ვითარება, როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმურობა არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ," - აღნიშნა მან.
კუკავას თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა კონსტიტუციურ ჩარჩოში ნამდვილად არ ჯდება, თუმცა დღეს მმართველ გუნდს ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს.
„შესაძლებელი არის ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, თუმცა ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ კრიზისის გადაწყვეტის ძირითადი საშუალება მაინც პოლიტიკურია. თუ პოლიტიკურ რეფორმებს არ გაატარებენ და მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გააკეთებენ აქცენტს, ხელისუფლებისთვის ეს ცუდ შედეგს გამოიწვევს.
„პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა ანტიკონსტიტუციური იყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს ისიც, რომ დღეს საქართველოში პარლამენტიც ანტიკონსტიტუციურია. მთავრობასაც აკლია ლეგიტიმურობა და ხელისუფლების მიერ, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში გატარებული და მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებაში ასევე ლეგიტიმურობის და ნდობის ძალიან დიდ დეფიციტს განიცდის," - განაცხადა კახა კუკავამ.