მე-4 და სამართალი - „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით უკვე მეოთხე გამოძიება დაიწყო. აქედან წინა 3 გამოძიება თაროზეა შემოდებული და როგორ დასრულდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. არცერთ საქმეზე დაკავებული ან ბრალდებული პირები არ ჩანან. 20-21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურამ გვამცნო, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და 315-ე მუხლით დაიწყო, რაც შეთქმულებასა და ამბოხებას ნიშნავს.
თუმცა პროკურატურას საზოგადოებისთვის რაიმე დამატებით მტკიცებულებები ჯერ არ წარუდგენია, რის საფუძველზე მოხდა მუხლის გადაკვალიფიცირება. საქმესთან დაკავშირებით ბრალი აქვს დეპუტატ ნიკა მელიას წარდგენილი და ის შინაპატიმრობაში იმყოფება. ხოლო გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძე უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა.
„ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ 20-21 ივნისს ვითარება არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც აირეოდა. ამტკიცებს, რომ რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ოპოზიცია დიდი ხნით ადრე ემზადებოდა. ამიტომაც გამოძიებამ ამ კითხვებს ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს.
2014 წელი, ე.წ. "საბურავების საქმე”. შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს. მისი თქმით, ენმ "ევრომაიდანის სცენარზე" მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. იმავე წლის სექტემბერში ჭიკაიძე კვლავ აკეთებს მსგავს განცხადებებს, თუმცა მთავრობა გამოძიების შესახებ ინფორმაციას არ აკონკრეტებს. გამოძიების ბედი ამ დრომდე უცნობია.
2015 წელი - "შეთქმულება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად". სუს-მა უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ გამოძიება 315-ე მუხლით დაიწყო. ჩანაწერი შეეხებოდა სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიას საუბარს, რომელიც უკავშირდებოდა „რუსთავი2“-ისთვის ბრძოლის გეგმას. გამოძიების შედეგი უცნობია.
2016 წელი - კიდევ ერთი 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიება. გავრცელდა ფარული აუდიო, რომლის ავტორის მტკიცებითაც, ენმ-ის ლიდერები შესაძლო გადატრიალების საკითხზე საუბრობენ. სუს-მა შეთქმულების საქმეზე გამოძიება 27 სექტემბერს დაიწყო, 29 სექტემბერს კი საზოგადოებამ მოისმინა შსს-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე დამარხული საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს. როგორ დასრულდა გამოძიება, უცნობია.
იურისტები და პოლიტოლოგები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებას 20 ივნისის საქმეზე ამბოხების ვერსიის დამტკიცება გაუჭირდება, რადგან აქცია გავრილოვის თემის ირგვლივ შუადღეს დაიწყო, ხოლო ვითარება პარლამენტთან საღამოს დაიძაბა. ამასთან, მათი თქმით, არსებობს წინა გამოცდილება, როდესაც გადატრიალების კონტექსტში გამოძიებები იწყება და, როგორც წესი, ლოგიკურ დასასრულამდე არ მიდის.
არ გამორიცხავენ, რომ ახლო მომავალში საზოგადოებამ გარკვეული “დაჭრილი ჩანაწერები” იხილოს, რითაც ხესლისუფლება ამ ვერსიის გამყარებას შეეცდება. თუმცა მათთვის გაუგებარია, 200 კაცი თუ ცარიელ პარლამენტში ღამის საათებში შევიდოდა, ხელისუფლების გადატრიალება როგორ მოხდებოდა.
იურისტი და საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ ამბოხებაზე აქცენტირებით ხელისუფლება ყუარდღების გადატანას ცდილობს. მისი აზრით, ხელისუფლება თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავიდა.
„ცხადია, წინასწარ იმაზე საუბარი, რეალურად ვინმე რამეს გეგმავდა თუ არა, ძალიან რთულია. თუმცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყურადღების გადასატანად კეთდება. ამ მუხლის დამტკიცება ძალიან გაუჭირდებათ. ამისთვის საკმაოდ მყარი მტკიცებულებებია საჭირო, რაც ჯერ არ ჩანს. ეჭვი არ მეპარება, რომ იმ დღეს საზოგადოების პროტესტი გულწრფელი იყო, რაც იმ უმსაგვსო ქმედებამ გამოიწვია, რასაც ადგილი ჰქონდა პარლამენტში, როცა გავრილოვმა დაიკავა სპიკერის სავარძელი. ამიტომაც სპონტანურად დაგეგმილი აღშფოთების სახელმწიფო გადატრიალებად გასაღება გაჭირდება”, – აცხადებს სალაძე.
ანალიტიკოს გია ხუხაშვილს კი ამ ამბებზე საქათმეში შეპარული მელიის მეტაფორა ახსენდება. ისიც ფიქრობს, რომ მალე შეიძლება რაღაც ჩანაწერები მართლაც მოგვასმენინონ.
„შეიძლება ეს იყოს ასეთი შინაარსის, როგორ თხრიდა მიშა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა ავლაბარში, რომელიმე შადრევანში ამოყვინთავს," - აცხადებს ის.
ხუხაშვილის შეფასებით, 21-ე საუკუნეში ცარიელი შენობის აღებით სახელმწიფო გადატრიალება სასაცილოდ ჟღერს. ეს უფრო მე-20 საუკუნის სცენარია.
"რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს, რომ კონტრ-შეტევაზე გადავიდეს. ეს არის სამართლებრივი და პოლიტიკური შეტევა. რაც შეეხება სამართლებრივს, რბილად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი არადამაჯერებელია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებას რამდენი გაუჭირდა, იმდენი სახელმწიფო გადატრიალებაზე საქმეები აღძრა. ტომები თაროზეა შემოდებული და მტვერი ედება.
ახლა ამ გამოძიებით მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაგვისროლეს, როდესაც ფოსტა-ტელეგრაფის აღება ნიშნავდა სახელმწიფო გადატრიალებას. 21-ე საუკუნეში, 200 კაცი ცარიელი შენობაში ღამის საათებში რომ შევა, ეს სახელმწიფო გადატრიალება რანაირად არის? - სასაცილოდ ჟღერს. პოლიტიკურ მოცემულობას ეს ვერანაირად ვერ ცვლის.
რაც დააშავა ოპოზიციამ, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, ვინც დასასჯელია, დაისაჯოს, მაგრამ ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურად რაც არ უნდა მომხდარიყო იმ ვითარებაში, თვითონ არის პასუხისმგებელი. ხელისუფლებამ ახალგაზრდებს უნდა დაანახოს, რომ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს ფუჭად არ ჩაუვლია და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.