თამარ შუკვანი
06.07.2019

 „სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დაბლოკვის გარდა, რუსეთს შეუძლია მთლიანად სავაჭრო ემბარგოს შემოღება. ასევე, შესაძლოა მოახდინოს საზღვრის ჩაკეტვა, სავიზო რეჟიმის გამკაცრება და რუსეთიდან ფულად გადმორიცხვების შეზღუდვა.

"რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ე.წ. რბილი ძალით ნელ-ნელა მოახდენდა საქართველოში დაკარგული პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას," - აცხადებს „რეზონანსთან" „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია 20 ივნისის „გავრილოვის ღამის" შემდეგ, კრემლის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საუბრისას.

20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავირლოვის საქართველოდან გაძევების შემდეგ, კრემლის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში უფრო მკვეთრი და მკაცრი გახდა. „გავრილოვის ღამის" შემდეგ მოსკოვის ერთგვარი სანქციები არ წყდება. ეს იქნება ფრენების არძალვა, თუ ქართულ პროდუქტზე გარკვეული „კონტროლის" დაწესება.

იმ ეკონომიკური შეზღუდვების გარდა, რომელიც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში გაატარა, მოსკოვს კიდევ რა ბერკეტები გააჩნია, - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ კრემლს რიგი აკრძალვებისა და სანქციების გატარება შეუძლია, ეს იქნება საზღვრის ჩაკეტვა, სავიზო რეჟიმის გამკაცრება, თუ ფულადი გზავნილების აღკვეთა. მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია ერთგვარი წნეხის ქვეშ ამყოფოს ის ქართველები, ვინც დღეს რუსეთში ცხოვრობს.

„სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ერთგვარი დაბლოკვის გარდა, რუსეთს შეუძლია სავაჭრო ემბარგოს შემოღება, რაც მოლდოვაში ორჯერ უკვე გააკეთა. ამასთანავე, არ არის გამორიცხული, რომ მოახდინოს, როგორც საზღვრის ჩაკეტვა, ასევე სავიზო რეჟიმის გამკაცრებაც, რომელიც ბოლო პერიოდში შედარებით ლიბერალიზებული იყო. თუკი სიტუაცია ძალიან გამწვავდა, შესაძლოა ქართულ დიასპორაზე და ქართველებზე, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გარკვეული წნეხი მოახდინოს.

„არ არის გამორიცხული რუსეთიდან ფულად გადმორიცხვებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესოს. ევროკავშირის შემდეგ რუსეთი მეორე ქვეყანა, საიდანაც საქართველოში თანხა ამ გზით შემოდის და ამ ყველაფერმა ქართულ ეკონომიკას შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს. ჩვენ ერთგვარად დამოკიდებული ვართ ამ გადმორიცხვებზე," - ამბობს კაკაჩია.

რა გახდა კრემლის მკვეთრი გაღიზიანების რეალური მიზეზი, მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოდან რუსი დეპუტატი იქნა გაძევებული, თუ მოსკოვმა ერთგვარი იმედგაცრუება იწვნია საკუთარი გავლენების შესუსტების გამო?

კაკაჩიას აზრით, ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, რუსეთს ერთგვარი იმედი ჰქონდა, რომ საკუთარ გავლენებს საქართველოს პარლამენტში მოაძლიერებდა, რაც საბოლოოდ კრემლის იმედგაცრუებით დასრულდა.

„2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი მიხვდა, რომ ფიზიკური ძალით საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის შეცვლას ვერ მოახერხებს; „ქართულმა ოცნებამ," რომელიც 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა, ე.წ. ნორმალიზაციის პროცესის შესახებ განაცხადა, რასაც კრემლი საკმაოდ დადებითად შეხვდა, რადგან ეს მათთვის მისაღები იყო.

„რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ე.წ. რბილი ძალით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით, ნელ-ნელა მოახდენდა საქართველოში დაკარგული პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას.

"თანაც, ბოლო პერიოდში ყველაფერი სწორედ იქით მიდიოდა. გამოჩნდნენ პრორუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გააქტიურდნენ. მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ წყალი შეეყენებინა იმ საერთო კონსენსუსისთვის, რომელიც საქართველოში ევროატლანტიკური სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებობს.

„ამ დროს, როდესაც იმედი ჰქონდათ იმისა, რომ მომავალ პარლამენტში პრორუსული ძალები უფრო სოლიდურად იქნებოდნენ წარმოდგენილი და ფიქრობდნენ, რომ თანდათან მოხდებოდა საქართველოს შემობრუნება პოსტსაბჭოთა სივრცისკენ, 20 ივნისის მოვლენები მოხდა," - აღნიშნა მან.

კაკაჩიას განცხადებით, 20 ივნისს გავრილოვის ქვეყნიდან გაძევების ფაქტმა, თავად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმიჯს მიაყენა დარტყმა და სწორედ ამით აიხსენა ის ეკონომიკური შეზღუდვები, რაც კრემლმა საქართველოსთან მიმართებაში გაატარა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლებას ზღვარი დაუწესა, თუ სადამდე შეიძლება კრემლთან დათმობებზე წასვლა.

„ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთგვარი კონტროლი, არა შიდა პოლიტიკაზე, არამედ საგარეო პოლიტიკაზეც მოახდინა. ქართულმა საზოგადოებამ მთავრობისთვის გარკვეულწილად წითელი ხაზები გაავლო, სადამდე შეიძლება რუსეთთან დათმობის პოლიტიკის წარმოება.

"20 ივნისის ინციდენტს ორი მიზეზი ჰქონდა; უკმაყოფილო იყო მთავრობისა და მისი პოლიტიკის მიმართ და ასევე რუსეთის მიმართაც. ამით საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას" რუსეთთან დაახლოებასთან დაკავშირებით, საზღვარი დაუწესა. ეს დაახლოებას აღარ ჰგავდა, არამედ რუსულ თამაშში ჩაბმა გახლდათ.

„ბუნებრივია, რომ ამან მოსკოვის უკამყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით კი პუტინის, რადგან ეს ყველაფერი ძირითადად პირადად პუტინისკენ და მისი პოლიტიკისკენ იყო მიმართული, რაც მისი პრესტიჟისათვის ძალიან დამამცირებელია.

"რუსები ფიქრობდნენ, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში გარკვეული შემობრუნება მოხდებოდა, რაც უკრაინისთვის კარგი მოდელი იქნებოდა," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×