
"მე მგონი რომ ვერაფერს ვერ მიაღწევენ, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ თავს მოიჭრიან მთელს მსოფლიოში".
ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი პროკურატურის მიერ 20-21 ივნისის მოვლენების სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გადაკვალიფიცირებას, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით.
"რეზონანსი": პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმიდან გამომდინარე და იმ მტკიცებულებების თანახამად, რომელიც მათ გააჩნიათ, უახლოეს პერიოდში ბრალდებულ პირთა რიცხვი გაიზრდება. თქვენი კოლეგების აზრით, ხელისუფლების ეს ნაბიჯები მიზნად ისახავს საპროტესტო მუხტის ჩაქრობას, თქვენც ასე ფიქრობთ?
დავით ზურაბიშვილი: საბჭოთა კავშირის დროს გადიოდა ასეთი სერიალი "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირი მიულერი ამბობს, რომ არაპროგნოზირებადი ლოგიკის ცნობა შეუძლებელიაო. ასეა ჩვენი ხელისუფლებაც.
ხელისუფლებას კი ვამბობ, მაგრამ იგულისხმება ერთი ადამიანი, ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. ის იტყვის შეთქმულებაა და სახელმწიფო გადატრიალება და ესენიც დარბიან. ეტყობა, გავრილოვის შემდეგ შეშინდა და ახლა რუსებს უგზავნის მესიჯს, რომ მისი მტერი არ არის. რა შეიძლება ამაზე რომ თქვა.
რა შეთქმულება, რის სახელმწიფო გადატრიალება? ჩვენ გვინახავს სახელმწიფო გადატრიალება ტანკებით რომ მიადგნენ პარლამენტს, იყო ასეთი მომენტი საქართველოს ისტორიაში.
მეც ვიყავი შეთქმულებაში ეჭვმიტანილი "ნაციონალების" დროს, მაგრამ, იმათ იმდენი ჭკუა მაინც ჰქონდათ, რომ საქმე არ აღუძრავთ, იცოდნენ, რომ სერიოზული შედეგი მოჰყვებოდა, რადგან ეს არის უმძიმესი ბრალდება და ამის მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა. ეს რომ დაამტკიცო უტყუარი ფაქტები სჭირდება. მე მგონი რომ ვერაფერს ვერ მიაღწევენ, ბოლოს ისე იზამენ, რომ თავს მოიჭრიან მთელს მსოფლიოში.
"რ": არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ოპოზციია ცდილობს, როგორმე საპროტესტო მუხტი 18 ივლისამდე შეინარჩუნოს, ვიდრე ცნობილი არ გახდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო "რუსთავი 2"- ის საქმესთან დაკავშირებით, რომ შემიდეგ პროტესტი "რუსთავი 2-ის" თემაზე ააწყოს...
დ.ზ: არ ვიცი, ხალვაშის სასარაგებოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებული თუ არა, უფრო მგონია რომ არა, მაგრამ ხელისუთფლება მაინც შეეცდება თავის სასარგელოდ ინტერპრეტაციებს მაინც გააკეთებს. ეს ხელისუფლება წარმავალია და მალე დამთავრდება ეს მარაზმი იმ არჩევნებში, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარდება.