თამთა ჩაჩანიძე
07.07.2019

 სამოქალაქო პროტესტი უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება, თუმცა, მმართველ გუნდი ხალხის მთავარი მოთხოვნის (შსს მინისტრის გადადგომა) დაკმაყოფილებას არ აპირებს, აქციამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და საპროტესტო მსვლელობები უკვე რეგიონებშიც იმართება.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობა რთულ ვითარებებში არასწორ გადაწყვეტილებას იღებს და ზუსტად ამიტომაც ხალხის პროტესტმა ეს მასშტაბი მიიღო.

ბათუ ქუთელია: მთავრობა გავრილოვის გამოჩენის დღიდან, ყველა ეტაპზე არასწორად და დაგვიანებულ გადაწყვეტილებებს იღებს, შესაბამისად, ახლაც სახეზეა ზუსტად იგივე პროცესი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ზუსტად აღიქვამენ ამ პრობლემის და პროტესტის მასშტაბს,რამაც გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში და როგორც ჩანს ისევ არასწორ სვლას აკეთებენ იმაზე, რომ როდისღაც ეს ხალხი დაიღლება და მერე დაეზარებათ გამოსვლა, ესეც არასწორი გათვლაა, იმიტომ, რომ ეს დააზიანებთ მათაც და სახელმწიფოსაც.

რაც უფრო დროზე მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და გახარია დატოვებს თანამდებობას, მაშინ შანსი ექნებათ მათაც, რომ პროცესი პოლიტიკურ ჭრილში დააბრუნონ და ლეგიტიმურობის ხარისხი შეინარჩუნონ, სანამ ახალ არჩევნებამდე მივა ქვეყანა.

„რეზონანსი": როგიორ ფიქრობთ, თუ მმართველმა გუნდმა გახარიას გადაყენების (გადადგომის) დრო კიდევ გაწელა, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან და რა ფაზაში შევა პროტესტი?

ბ.ქ: ძნელია პროგნოზი გავაკეთო რა ეტაპზე გადავა პროტესტი, მაგრამ, ამ რეჟიმში ისინი ქვეყნის სწორად და ეფექტურად მართვას ვერ გააგრძელებენ, ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პროცესები მიმდინარეობს რეგიონებშიც და ამას ჭირდება ქმედუნარიანი ეფექტური მთავრობა და თუკი ისინი ამ პროცესს გაწელავენ, გაუჭირდებათ ქვეყნის ეფექტური მართვა და ამას სხვა კრიზისებიც მოჰყვება, გამომდინარე იქიდან, რომ არ მუშაობს გადაწყვეტილებების მიღების ინსტიტუციური მექანიზმები.

„რ":აქციებზე ხშირად ისმის მოქმედ მთავრობაზე უკმაყოფილო ხალხის განცხადებები, თქვენი აზრით თუ შს მინისტრი გადადგა, დაიშლება თუ არა აქცია, ან შემდეგ რა მოვლენები განვითარდება?

ბ.ქ:ეს აქციები კონკრეტულ საკითხზეა, შესაბამისად, გახარიას გადაგომა იქნება ამ აქციის მიზანი, და სხვა რამეებზე ხალხი თუ უკმაყოფილოა, ეს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, რა ფორმით მოხდება ამ უკმაყოფილობის გამოხატვა, ეს უკვე ამ ქვეყნის მოქალაქეებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ მთავრობა ვერ აღიქვამს ამ სირთულეს იმ დონეზე, რაც არის.

გახარია თუ გადადგა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი სხვა ყველაფერი ხალხს ამ მთავრობის მოსწონთ, მოქალაქეებს ექნებათ უფლება ყოველთვის პროტესტი გამოხატონ რა ფორმითაც ისინი საჭიროდ ჩათლიან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აკრიტიკებენ, რომ ძალადობაზე თქვან უარი, გამოიძიონ ყველაფერი და შესაბამისად პროცესები დაბრუნდეს პოლიტიკურ ჭრილში, და შემდეგ უკვე პოლიტიკური ცხოვრება გამოავლენს რაზე ექნება ხალხს პროტესტი.

2020-ში საპარლამენტო არჩევნებია და არჩევნებზე აისახება სწორედ ის განწყობები, რაც საპროტესტო უკმაყოფილებებით დაგროვდა საზოგადოებაში.

„რ": საზოგადოებას ეჭვი აქვს, რომ მმართველი გუნდი შს მინისტრის გადადგომას აჭიანურებს სწორედ იმის გამო, რომ ხალხი ოდესღაც დაიღლება აქციებზე აღარ გამოვა და ისევ დარჩება მინისტრად გახარია, თქვენ როგორ ფიქრობთ?

ბ.ქ: მთავრობა რეალურად არ ფუნქციონირებს ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს ინსტიტუციებით და პოლიტიკური პასუხისმგებლობებით, ეს არის არაფორმალური მმართველობის კლასიკური მაგალითი, სადაც სახეზეა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, როდესაც ერთი ადამიანის კლანი აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას და ამიტომაც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას.

შესაბამისად სწორედ ეს არის რეცეპტი იმისა, რომ მომავალშიც ბევრ შეცდომებს დაუშვებენ და ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმე ფორმის კრისზისები შეიძლება განვითარდეს, იმიტომ, რომ ინსტიტუციები არის აბსოლიტურად პარალიზებული.

„რ":როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობის მატარებელია გახარიას პიროვნება ბიძინა ივანიშვილისთვის?

ბ.ქ: გახარია პირველ რიგში პოლიტიკური პასუხისმგებელია იმაზე, რაც მოხდა, ივანიშვილისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს, როგორც ჩანს, რაღაცა რუსული კავშრების გამო და ძალისმიერი ავტორიტარული მართვისთვის გახარიასნაირი ტიპი სჭირდება და ვერ ელევა მას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი და შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობის მერე, რეალურად ექნება ლეგიტიმაცია გამოძიებასაც და შეიძლება სწორედ ეს შემდგომი გამოძიების პროცესი არის ის, რომელიც მთავრობას არ აწყობს და ცდილობენ, რომ რამენაირად ეს ჩაფარცხონ, ეს ბევრი სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×