ელზა პაპოშვილი
07.07.2019

 „რუსთავი 2"-ისთვის ბრძოლაში ვინ დარჩება გამარჯვებული 2-წლიანი დავის შემდეგ, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამ გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილებას ამ დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ეცნობა იუსტიციის სამინისტროს წარმოამდგენელს სტრასბურგში. ეს საქმეებია: კორტების სპეცოპერაციის საქმე, 2008 წელს პოლიციის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობა და „რუსთავი2" საქმე.

„რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ორივე მხარეს პოზიტიური მოლოდინები აქვს. როგორც ქიბერ ხალვაშის ადვოკატი, ასევე ტელეკომპანიის იურისტი აცხადებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს.

ამჟამინდელი მდგომარეობით „რუსთავი2"-ის წილები ასე ნაწილდება:

ლევან ყარამანიშვილი - 22%; გიორგი ყარამანიშვილი - 18%; ნინო ნიჟარაძე (გოგი გეგეშიძის სამართალმემკვიდრე) - 9%; ტელეკომპანია „საქართველო" - 51 პროცენტი,

თავის მხრივ „საქართველოს" მფლობელები არიან: ნიკოლოზ ნაყოფია (დეპუტატ კობა ნაყოფიას ვაჟი) - 50%; ლევან ყარამანიშვილი - 25%; გიორგი ყარამანიშვილი - 25%;

იურისტები და პოლიტოლოგები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ორივე შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად ქვეყანაში გარკვეული პროცესების განვითარების და გარემოს შეცვლის წინაპირობა იქნება.

ჩნდება ყვეელაზე მნიშვნელოვანი კითხვა - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ „რუსთავი2"-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, ან პირიქით - გადაწყვეტილება ტელეკომპანიის სასარგებლოდ იქნა მიღებული. რა მოლოდინი აქვთ მხარეებს?!

ტელეკომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადოს, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მურადაშვილი აცხადებს, რომ მათთვის მთავარია ევროპულმა სასამართლომ დაადასტუროს შიდა სასამართლოებში არსებული დარღვევები, რადგან ამ საქმეზე ყველა უკანონობა სწორედ შიდა სასამართლოებს უკავშირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა. რის შემდეგაც საქმე ხელახლა განხილვის მიზნით შიდა სასამართლოში დაბრუნდება.

„სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი ადგენს, რომ თუ საქართველოს სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის დარღვევა, მხარეს შეუძლია ხელახლა მიმართოს შიდა სასამართლოს და წარადგინოს სტრასბურგის გადაწყვეტილება, როგორც ახლადაღმოჩენილი გარემოება".

„თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და სტრასბურგმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა, მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა დაგვრჩება დიდ პალატაში გასაჩივრების უფლება. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ძალაში შევა სამი თვის შემდეგ, ვინაიდან დიდ პალატაში გასაჩივრების ვადად დადგენილია სწორედ სამი თვე. ასე რომ, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმის განხილვა გადავა დიდ პალატაში",-აცხადებს მურადაშვილი

ქიბერ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი ფიქრობს, რომ ევროპის სასამართლოს არ უნდა ჰქონდეს საფუძველი, რათა მათი მოწინააღმდეგის დავა დააკმაყოფილოს. ადვოკატი ფიქრობს, რომ საქართველოში ახლანდელ ტელეკომპანიის მეპატრონეეებს სრული საშუალება ჰქონდათ იმისთვის, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ედავათ. მისი აზრით, სასამართლოს მიმდინარეობისას არ ჰქონია ისეთ დარღვევებს ადგილი, რაც მოწინააღმდეგის უფლებებს შელახავდა.

„ამ მიმართულებით არ მგონია, რომ სატრასბურგის სასამართლომ რაიმე ხარვეზები დაადგინოს. პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და სასამართლოს არა აქვს ხელჩასაჭიდი ისეთი არაფერი, რომ ჩვენი მოწინააღმდეგის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ჩვენი ყველა წერილი, სადაც მხარედ ჩათვლას მოვითხოვდით, უპასუხოდ დატოვა. ამიტომაც, საქმის მასალებზე არანაირი წავდომა არა გვაქვს. ჩვენც ინფორმაცია, რომ 18 ივლისს გამოცხადდება გადაწყვეტილება მხოლოდ მედიით შევიტყვეთ", - აცხადებს სალია.

ადვოკატისგან განსხვავებით "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სათავისოდ გამოყენებას მაინც შეეცდება. გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს: "ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, უზურპატორმა ქვეყნის ჩაკეტვის გზა აირჩია: "რუსთავი 2"- ის დახურვა (უტყუარად ვიცით, რომ აპირებენ ნებისმიერი მათთვის სასურველი ფორმით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის მათთვის სასურველი ინტერპრეტაციის მიცემას და არხის ქიბარ ხალვაშზე გადაფორმებას);

ისტორიის დასასრული. ამისაც და პროდასავლური საქართველოსიც. არ უნდა დავუშვათ. უზურპატორი უნდა წავიდეს!"- წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიის წილების უკანონოდ ჩამორთმევის საფუძვლით სასამართლო დავა წამოიწყო ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომლის სარჩელი საქართველის ყველა ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა და „რუსთავი2"-ის კანონიერ მესაკუთრედ აღიარა, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ამ დრომდე არ მომხდარა, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლომ აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოიყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×