თამთა ჩაჩანიძე
08.07.2019

 რუსეთმა საქართველოს მისამართით არაორაზროვანი, მოკლე და ხისტი მესიჯები გააჟღერა - „ეს საქართველოს უბედურებაა", „რაც მოხდა, ეს დიდი სირცხვილია საქართველოსთვის"... ამის მიზეზი კი გუშინ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა „პს"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მისამართით გააჟღერებული შეურაცხყოფა გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს, რომ გაბუნიას გუშინდელი გამოსვლა ქვეყნის მოძულის და მტრის ქცევას გავდა.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ გიორგი გაბუნიას გუშინდელ გამოსვლას?

ნუკრი ქანთარია: სამშობლოს და ქვეყნის მოძულე მტერი, იმ წყურვილით შეპყრობილი, რომ ზიანი მიაყენოს ქვეყანას - ისიც კი ალბათ ვერ იკადრებდა ასეთ უმსგავსო საქციელს. ეს არ არის მხოლოდ გიორგი გაბუნიას ქმედება, მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში გაბუნია ამის შემსრულებელია.

საერთოდ ეს ტელეკომპანია არასდროს არ გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი მიდგომით და პიოზიციით, ეს ტელევიზია რომ „ნაცმოძრაობისაა", ესეც მემგონი ყველასთვის ნათელია, ვფიქრობ, რომ გუშინდელი გიორგი გაბუნიას გამოსვლა ჟურნალისტიკასთან საერთოდ შორსაა, ეს არის ზიანის წყურვილით შეპყრობილი, შეპყრობილი იმით, რომ თუნდაც ყველაფერი მოხდეს და ალბათ მათი გარკვეული მიზნები ამით დაკმაყოფილდეს.

რაც გუშინ გაბუნიამ გააკეთა ძალიან ძნელია სახელი დაარქვა.

„რ": თქვენი აზრით, ამაზე როგორი რეაქცია ექნება რუსეთს?

ნ.ქ: რუსეთის მხრიდან ზიანის მომტანი ქმედებები მოჰყვება, ალბათ, ზარბაზანს არ გაისვრიან - ამის იმედი მაქვს, (არც საჰაერო ხალიჩას არ დაგვიგებენ) მაგრამ, ფაქტიურად რაც კი შესაძლებელი იქნება, გააკეთებენ, ყველაზე რთული მდგომარეობა შეექმნებათ იქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც მოსკოვში საკმაოდ ბევრნი არიან, მათ ამით ძალიან დიდი დარტყმა მიადგებათ და მუდმივად მოუწევთ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×