(რეზონანსი) მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს, დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, შევიკრიბოთ პუშკინის სკვერში, მშვიდობიანად, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა.
„ჩვენ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე წყდება, თუ ვის ეკუთვნის ქვეყანა - ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს. დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები, შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნის. დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას.
მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს, დღეს შვიდ საათზე, გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, შევიკრიბოთ პუშკინის სკვერში, მშვიდობიანად. ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით. ამავდროულად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს მისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება მანიფესტაციის მონაწილეთა, უსაფრთხოება და ამ უფლებით სარგებლობის სრულყოფილი შესაძლებლობა"- განაცხადა მშვილდაძემ.
ლევან ვასაძის მომხრეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აიკავეს. დეკანოზი დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს.