სახიფათო "თამაშები სიტყვებით", რომლის უკან ქვეყნის უსაფრთხოება დგას - რა მოიგო გაბუნიამ პუტინის გინებით და რა შეიძლება ქვეყანამ ამით წააგოს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი საზოგადოება შოკში ჩააგდო "რუსთავი 2"-ის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგმა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ღია ეთერიდან აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამას კი მყისიერი რეაგირება, როგორც საზოგადოების, ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდანაც მოჰყვა. გარდა ამისა, ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც გაბუნიას განცხადებებს გვიან ღამემდე აპროტესტებდნენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა კი მაყურებელს ბოდიში მოუხადა. სპეციალური განცხადება ტელეკომპანიამ 7 ივლისს, გვიან ღამით გაავრცელა. „რუსთავი 2" ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.
გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს და ქვეყანისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".
ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ პუტინის გინება მიუღებელი იმიტომ კი არ არის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ნაწილის ოკუპაცია არ განახორციელა და ჩვენი სავარაუდო მოწინააღმდეგე არ არის, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ქმედება სწორედ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველოს შეიძლება კიდევ ახალი საფრთხეები დაემუქროს.
კრემლში რუსეთის პრეზიდენტის მისამართით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის განცხადებებს "ქართველი ხალხის სირცხვილი" უწოდეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
"ამ შეურაცხყოფას ჩვენ მივიჩნევთ აბსოლუტურად მიუღებლად და ვგმობთ" , - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ასეთი საქციელი - იქნება ეს ვინმეს მიერ პროვოცირებული, ვისაც სურს კიდევ უფრო გაართულოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ან იქნება ეს სრული უგნურების შედეგი - არ ეკადრება ქართველ ხალხს. პესკოვის განცხადებით, ქართველ ხალხს ძალიან დიდი ხნის ისტორია გააჩნია და უმდიდრესი კულტურული ტრადიციები.
"რა თქმა უნდა, რაც მოხდა, დიდი სირცხვილია ქართველებისთვის" , - განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, კრემლში აღნიშნეს, რომ საქართველოს მთელი ხელმძღვანელობა გმობს ქართველი ჟურნალისტის ქმედებას.
მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში პუტინის გინებას აფასებს და ამბობს, რომ მისი რეპლიკა უხამსი იყო და ცუდია, როდესაც მედიასაშუალება სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებისას უარს არ ამბობს უხამსობაზე. ამაზე მუდმივად კამათი შეიძლება, თუმცა ეს საკითხი თვითრეგულირების სფეროს ვერ გასცდება.
„მიმაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, როგორიც დღეს გვაქვს, უკვე ცენზურის მცდელობა იქნება. ამიტომ არის სახიფათო ხელისუფლების წამომადგენელთა განცხადებები მედიის კონტროლისა და საპასუხო ქმედებების შესახებ.
"ხელისუფლებამ პოლიტიკური სასაუბროდან უნდა ამოაგდოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი. რამდენადაც ხშირად ვიტყვით, რომ "აიკრძალოს რუსთავი-2", "აეკრძალოს გაბუნიას სატელევიზიო ეთერში ყოფნა" და მსგავსი განცხადებები, მით მალე დავემსგავსებით ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორც თავად რუსეთია.
რუსეთთან ურთიერთობის საფუძვლებზე სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და მისი დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა", - აცხადებს ქორიძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთ ტესტს ვაბარებთ დემოკრატიაზე. მთავარია, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. ქორიძე ფიქრობს, რომ "რუსთავი-2"-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. „მსგავსი უხამსობა ჩემთვის პერსონალურ ურთიერთობებშიც მიუღებელია და პროფესიულ საქმიანობაშიც", - აღნიშნავს ქორიძე.