თამარ შუკვანი
08.07.2019

 რუსეთმა დღის წესრიგში დააყენა საქართველოდან გარკვეული პროდუქტის ექსპორტის აკრძალვის საკითხი; რუსეთის დუმის ფრაქცია, მმართველი პარტია „ედინაია რასია" საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. საუბარია ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებაც.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა კი მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა. „აუცილებელია მივიღოთ დამატებითი მკაცრი ზომები. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, უკვე გამოთქმულს სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია „ედინაია როსიას" ხელმძღვანელობის მიერ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის,ზოგიერთი სხვა საქონლის, რომელიც საქართველოში იწარმოება აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზე", - განაცხადა დუმის დეპუტატმა.

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ უნდა ველოდოთ საინფორმაციო პროპაგანდის უფრო მეტად გაძლიერებას და პრორუსული ორგანიზაციებისა და პარტიების გააქტიურებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

„თუკი რუსეთმა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი აკრძალა, ეს საქართველოს შიდა პროდუქტის ზრდაზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს. სამხედრო ჩარევა გამორიცხულია, საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო პროპაგანდის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. დამატებით, რუსეთი შეეცდება მაქსიმალურად გადაახალისოს პრორუსული ძალები საპარლამენტო არჩევნების წინ," - აღნიშნა ჩიტაძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ კრემლისგან ყველაფერია მოსალოდნელი და წინასწარ რაიმეს თქმა, რთულია.

„ამაზე კონკრეტული პასუხი უბრალოდ არავის აქვს, გარდა რუსეთის რეზიდენტისა. არ არსებობს ქმედება, რომელსაც რუსეთი ვერ ჩაიდენს. მე ვერ ვხედავ ზღვარს, რომლის იქითაც რუსეთი ფეხის გადადგმას არ იკადრებს. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი," - აცხადებს მენაღარიშვილი.

ჩიტაძე მიიჩნევს, რომ კრემლის მხრიდან უნდა ველოდოთ ერთგვარ შანტაჟსაც, რომელიც საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლის აკრძალვას ეხება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული სამხედრო დასწრების გაზრდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„რუსეთი შეეცდება მაქსიმალურად გადაახალისოს პრორუსული ძალები, ვგულისხმობ ქართულ ეკლესიაში მოკალათებულ პრორუსულად განწყობილ ე.წ. სასულიერო პირებს, რომლებიც მრევლზე ზემოქმედებენ, რომ მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთი გადაგვარჩენს. ასევე პრორუსული პარტიების წახალისებაც არ არის გამორიცხული, მაგალითად როგორიც არის „პატრიოტთა ალიანსს".

„ასევე უნდა ველოდოთ სხვადასხვა არასამათავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასაც. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟებას, რომ რუსეთს შეუძლია ჩაკეტოს რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის და რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალოს.

"დამატებით სამხედრო დასწრების ზრდა უნდა ველოდოთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, - ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც შეიძლება მოხდეს. რუსეთი უფრო მეტად ეკონომიკურ და საინფორმაციო პოლიტიკას მიმართავს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

რამდენად რეალურია, რომ „ედინაია რასიას" ეს განცხადება, რომელიც ქართული პროდუქტის ექსპორტის ნაწილობრივ აკრძალვას გულისხმობს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დონეზე იყოს გადაწყვეტილი, ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ „სავარაუდოა, ისინი ერთ ხაზს მიყვებოდნენ."

„შემთხვევათა უმრავლესობაში, როგორც ღია პრაქტიკა აჩვენებს, „ედინაია რასიას" დეპიტატები აჟღერებენ უკვე წინასწარ შეთანხმებულ, პრაქტიკულად გადაწყვეტილ ნაბიჯებს. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც ზოგიერთ დეპუტატს განსაკუთრებული სურვილის გამო თავი გამოუჩენია და ინიციატივით გამოსულა. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სავარაუდოა, რომ ისინი ერთ ხაზს მიყვებოდნენ," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განცხადება, შესაძლოა აკრძალვების შესახებ, 8 ივლისს გააკეთა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში, კვლავინდებურად, რუსოფობიული განწყობებია, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს. ვხედავთ, ზოგიერთი გამძვინვარებული ელემენტი როგორ ესხმის თავს ჩვენ ტურისტებს და ახევენ „გეორგიევსკის ლენტებს".

"ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. სახელმწიფო დუმის საბჭოზე დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინის შემოტანისა და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ," - განაცხადა დეპუტატმა.

ნევეროვის აზრით, ეს ზომები საჭიროა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ არამეგობრულ ქმედებებს რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ხდება, ადეკვატური შეფასება მიეცეს" - აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი" ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×