თი-ბი-სი ბანკის დამფუძვნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, მან ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქზე დაპოსტა. ამბობს, რომ მოძრაობის შექმნა გამოიწვია ბოლო დროს მიმდინარე პროცესების საგანგაშო ფორმამ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაანონსებულ მოძრაობაში გაწევრიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ვისაც დასავლური ყაიდის სახელმწიფოს შექმნის იდეა აქვს.
ხაზარაძის ფეისბუქ პოსტს პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები გამოეხმაურნენ.
„ვინც უკვე შექმნა პარტია და დაიწყო საქმიანობა, ვუთხარი, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს-მეთქი, რადგან გარემო მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდეს და პერსპექტივა გამოიკვეთოს. მამუკა ხაზარაძეს, ალბათ, მრჩევლები ჰყავს, ეს გაითვალისწინა და სწორი ნაბიჯი გადადგა რომ ახლა კი არა, სექტემბერში ქმნის ორგანიზაციას", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
„ნაცმოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიესალმება ყველა იმ პოლიტიკური ძალის გამოჩენას, როპმელიც ხელს შეუწყობს ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქიული მმართველობის" დასრულებას.
"ივანიშვილი არის ბოლო ძალა, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად უბიძგებს. მისი ჩამოშორება ნიშნავს საქართველოს ევროპულ გზაზე მყარად და შეუქცევადად დადგომას. ამიტომ დღეს მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად - პირადი ინტერესების შელახვამ, შურისძიებამ თუ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული რისკების გაცნობიერებამ. მთავარია, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა!"- აცხადებს გოცირიძე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს. რომ ხაზარაძის ეს იდეა გასაკვირი არ იყო. რადგან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მას შეეძლო ეს ადრეც გაეკეთებინა.
„როდესაც მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრთან დაკავშირებით პარლამენტში ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, ვფიქრობ, მას უკვე სრულიად ნათლად ჰქონდა დანახული, როგორ უნდა გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა. ამიტომ არაფერი გასაკვირი ამაში არ იყო, უბრალოდ მეგონა ცოტა უფრო ადრე იტყოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე ჩათვალა საჭიროდ. მე მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო." - აცხადებს ხიდაშელი.
„ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება.
"სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
"აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ.
"ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება," - აცხადებს ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქზე.