ცხინვალის ე.წ. მთავარი პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსან სერგეი ლიპინს თანამზრახველებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს.
ე.წ. უწყების ინფორმაციით, „ლიპინინმა და მისმა თანამოაზრეებმა 2008 წელს საქართველოს სპეცსამსახურებს სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, რომელსაც ქართული ჯარი აგვისტოს ომის დროს რეაქტიული სისტემების ცეცხლის კორექტირებისთვის იყენებდა, ასევე მჭიდროდ დასახლებული რაიონების, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სამხედრო ობიექტებისა და კოლონების მისამართით ცეცხლის გახსნისთვის იყენებდნენ".
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება, მაგრამ მიუხედავად ამისა ვრცელდება ცნობები, რომ ლიპინი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციიდან დაითხოვა.
საინფორმაციო სააგენტო „ალანია ინფორმი" წერს, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, 3 ივლისს სერგეი ლიპინმა საკუთარი სურვილით დატოვა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეებთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დატოვა.
სერგეი ლიპინი სხვადასხვა დროს ე.წ. რესპუბლიკის მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, ის ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციას "როსის" ხელმძღვანელობდა.
როგორც აღინიშნა, გამოძიება ჯერჯერობით არ დასრულებულა და ე.წ. გენერალური პროკურატურა კაგებე-სთან ერთად აგრძელებს მუშაობას, რათა დაადგინონ ლიპინისა და მისი თანამზრახველების სავარაუდო ჯაშუშობა არა მხოლოდ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საქართველოს სპეციალური დანიშნულების სამსახურების სასარგებლოდ.
გარდა ამისა, ჯერჯერობით უცნობია ლიპინის გარდა კონკრეტულად ვის და რა თანამდებობის პირებს ედავებიან თბილისისთვის ჯაშუშობას აგვისტოს ომის დროს.
გამოძიების ფარგლებში დადაგენილი სხვა ფაქტები ჯეჯერობით არ ვრცელდება.