დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში სამხედრო მზადყოფნას აცხადებენ და რეზერვში მყოფი ჯარისკაცების გაწვევაც აქტიურად დაიწყეს, რასაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვით ხსნიან.
ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „მოსკოვსკი კომსომოლეცი" სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიერ ხელმოწერლ განკარგულებაზე დაყრდნობით იუწყება.
ბიბილოვის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნახსენებია, რომ მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში ჩართვა 2019 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს:
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო 2019 წელს რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო წვრთნას გამართავს", - წერია განკარგულებაში.
კერძოდ, „რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია რუსეთისგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას ითხოვს, რამაც დე ფაქტო რესპუბლიკაში შეშფოთება გამოიწვია და გადაწყდა, რომ სამხედრო მზადყოფნის გამოცხადებით დაელოდებიან მოვლენების განვითარებას.
განკარგულების თანახმად სამხედრო მზადყოფნის გამოცხადება საჭიროა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო შენაერთების საშტატო კომპლექტაციისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებულ ძალებში 1 300 ჯარისკაცია, ხოლო 15 000-მდე კი რეზერვში.
სამხრეთ ოსეთის არმიის ზოგიერთი ერთეული რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია.
გარდა ამისა, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო ნაწილებში მსახურობენ, რომლებიც „რესპუბლიკის" ტერიტორიაზე მდებარეობს.