„თუკი მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას, მისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე იქნება, რომ მის პარტიას ბანკირების პარტია არ დაერქვას. ეს წამგებიანია. ხაზარაძე ძალიან პოპულარული ფიგურაა. ბევრი მეგობარი, მადლიერი ადამიანი და მისი საქმიანობის დამფასებელი ჰყავს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ.
ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. „ნიუპოსტის" ინფორმაციით, მისი მთავარი პოლიტიკური მეწყვილე ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. მასთან ერთად შესაძლოა თვალის კლინიკის დამფუძნებელი გიორგი ჯავრიშვილიც ვიხილოთ. საუბარია დავით მაღრაძის გაერთიანებისა და ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას შორის თანამშრომლობაზეც.
რამაზ საყვარელიძე 2018 წელს კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. მისი განცხადებით, პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში კონკურენტები კვირიკაშვილს და ხაზარაძეს მათ საბანკო საქმიანობას გაუხსენებენ.
„კვირიკაშვილი საკმაოდ წარმატებული იყო პოლიტიკაში, მაგრამ ასევე წარმატებულია ამჟამად ბიზნესში. მოისურვებს თუ არა თავისი ბიზნესმოღვაწეობა ისევ პოლიტიკური მოღვაწეობით ჩაანაცვლოს, რთული სათქმელია
„ამ ცვლილების მიზეზი, ვგულისხმობ კვირიკაშვილის შეცვლას ბახტაძით, ერთ-ერთი ოფიციალური ვერსიით კვირიკაშვილის მხრიდან საბანკო სექტორის მხარდაჭერა გახლდათ, ამით მონოპოლიზაციის ხელშეწყობა, მოსახლეობის ეკონომიკისთვის მძიმე მდგომარეობის შექმნა და ა.შ. თუ კვირიკაშვილისა და ხაზარაძის ალიანსში შედგა, მაშინ პარტია კიდევ უფრო გამოიკვეთება, როგორც ბანკირების პარტია.
„შეიქმნება ბანკრების პარტია, მაგრამ საარჩევნო თვალსაზრისით ასეთ სურათს ერთი სირთულე გააჩნია; რატომ გადადგა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი (კვირიკაშვილის მოხსნა)? ბანკირების მონოპოლიზაციაზე საზოგადოებაში საკმაოდ ძლიერი კრიტიკული დამოკიდებულება იყო, იმდენად, რომ პრემიერ-მინისტრის დანიშვნის დროსაც კი ამ საკითხმა წამოიწია და ეს იყო ბახტაძის დანიშვის ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ბახტაძე აპირებდა მონოპოლიზაციის შემცირებას. შემდეგ ბახტაძემ ეს გააკეთა თუ არა, მეორე საკითხია, მაგრამ ამ სექტორში მონოპოლიზაციის შემცირება მეტ-ნაკლებად მომგებიანი იყო მოსახელობასთან ურთიერთობისთვის," - აღნიშნა მან.
ანალიტიკოსის აზრით, ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში, მისი კრიტიკოსების რაოდენობა მოიმატებს, თუმცა ასევე მიიჩნევს, რომ ბევრი მომხრეც გამოუჩნდება.
„ხაზარაძე, როგორც კი განაცხადებს პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ, კრიტიკოსების რაოდენობა კვადრატში ავა. ამ კრიტიკოსების ერთ-ერთი დარტყმის წერტილი ბანკირობის პერიოდში მისი მოღვაწეობა იქნება და კონკურენტები ეცდებიან მოსახლეობის აგრესია მის მიმართ გააღვიონ. პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და მისთვის ეს კარგი ნამდვილად არ იქნება, თუმცა პოლიტიკა ბრძოლაა იმ საშუალებით, რასაც ერთი მხარე მეორის წინააღმდეგ მიმართავს.
„ის ფაქტი, რომ, როგორც ამბობენ, ოლიგარქი არის ახლა სათავეში, ეს თემა ხაზარაძისთვის რთული იქნება. მან ძალიან კარგად იცის ამ ტიპის სირთულეების შესახებ და მგონია, რომ მას ამ სირთულეების დასაძლევადაც ექნება მომარაგებული სვლები," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.