ია აბულაშვილი
09.07.2019

 თიბის ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის. მისი განცხადებით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, რომელის მიზანიც ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. სავარაუდოდ მისი გუნდის წევრი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიესალმებიან მამუკა ხაზარაძის ამ გადაწყვტილებას და მზად არიან მასთან თანამშრომლობისთვის. ექსპერტთა წრეებში კი აცხადებენ, რომ ივანიშვილს ახალი პოლიტიკური თავსატეხი გაუჩნდა, ამჯერად ფინანსურად დატვირთული ბიზნემენის სახით, რომელიც მისი პირადი მეტოქე იქნება.

პოლიტოლოგი და რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს დიდი პოლიტიკური კაპიტალი აქვს და არ გაუჭირდება საკუთარი რესურსებით მომავალ არჩევნებში გამარჯვება.

დავით ზურაბიშვილი: მამუკა ხაზარაძე დიდი ხანია ერიდებოდა პოლიტიკაში ჩართულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ეს გადაწყვეტილება ბოლო მოვლენებით არის განპირობებული. იგი გამრჩეული ფიგურაა და დიდი ხანია აქვს სტაბილური ბიზნესი. აქვს პოლიტიკური კაპიტალიც და დიდი პერსპექტივა მოიზიდოს ელექტორატი. პოტენციალი შექმნას პოლიტიკური მოძრაობა ან პარტია. არ არის გამორიცხული, რომ ახალი მოძრაობის წევრი გახდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის დიდი ხნის მეგობარია.

"რეზონანსი": ხაზარაძის პოლიტიკურ ამბიციებს უკვე გამოეხმაურენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", რომლებიც ხაზარაძეს მძიმეწონიან მოთამაშედ მიიჩნევენ და მზად არიან მასთან თანამშრომლობისთვის. რა შანსები აქვს ხაზარაძეს მომავალ არჩევნებში, იმ შემთხვევაშიც თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადსვლის პროცესი ჩაიშლება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება?

დ.ზ: ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადაგამს მამუკა ხაზარაძე, იმის მიხედვით იქნება შესაძლებელი საუბარი მის შანსებზე პოლიტიკაში, თუმცა თავისი რესურსებით დიდი შანსი აქვს მომავალ არჩევნებში გამარჯვების და საკუთარი ადგილის მოპოვების მომავალ პარლამენტში. ოპოზიციური პარტიების მზაობას გამოხატავენ ითანამშრომლონ ახლად შექმნილ მოძრაობასთან, ბუნებრივია, რადგან ყველას უნდა, რომ პოლიტიკური სპექტრი იყოს მრავალფეროვანი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, პროექტი უკვე შეტანილია პარლამენტში და ყველა პარტია თანხმდება, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. არა მგონია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ან "ევროპულმა საქართველომ" ამას ხელი შეუშალონ, რადგან ეს არცერთი პარტიის ინტერესში არ შედის. აქედან გამომდინარე ნაკლებ სავარაუდოა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ჩაიშალოს. ვადამდელი არჩევნები კი ფიზიკურად ვერ მოესწრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×