თამარ შუკვანი
09.07.2019

 „მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო", - რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა, თუმცა ამ სანქციების დაწესების წინააღმდეგია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

პუტინი ასევე გამოეხმაურა ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას გამოსვლას: „დიდი პატივი იქნება მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. გააგრძელოს მაუწყებლობა," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" ანალიტიკოსს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბა.

„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რა თამაშს თამაშობს პუტინი? რასთან გვაქვს საქმე?

ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთი, პუტინის გადაწყვეტილებით, ცდილობს ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელი მოკლას; ერთი მხრივ, პრორუსულ ძალებს საქართველოში მისცეს კოზირი ხელში, რომ „რუსეთის პრეზიდენტი არის საღად მოაზროვნე ადამიანი," „მან დაგვინდო ჩვენ" და ა.შ. შესაბამისად, რაიმე ანტირუსული, ანტიპუტინური თუ ანტისაოკუპაციო ქმედებები და მოძრაობები კონტრპროდუქტიული იქნება და ამით საქართველოში ეს მუხტი გაანელონ.

მეორე მხრივ, როგორც ჩანს, რუსეთში აწონეს არსებული ვითარება და მიხვდნენ, რომ სანქციების შემოღებით, ასეთი ხისტი პოლიტიკის გატარებითა და ჩექმის დაჭერით, საქართველოში შესაძლოა კიდევ უფრო გაეღვიებინათ ანტირუსული განწყობები და მოსალოდნელი შედეგები. დიდად არა, მაგრამ რუსეთში ითვალისწინებენ დასავლეთის მოსაზრებებს. მათი მხრივ ინტენსიური სანქციების დაწესება ერთი კერძო ტელევიზიის ჟურნალსიტის გამოხტომის გამო, საერთაშორისო საზოგადოების თვალში რუსეთს კარგ სტილში არ წარმოაჩნედა.

„რ": თქვენი აზრით, უახლოეს პერიოდში საქართველო რუსეთისგან რას უნდა ელოდოს?

ზ.ა: მოსკოვი ალბათ დააკვირდება, უახლოეს პერიოდში რა პროცესები წავა საქართველოში. პოლიტიკურად აქტიური პერიოდი დადგა მას შემდეგ, რაც გავრილოვის ინციდენტი მოხდა. დააკვირდებიან, რა მიმართულებით წავა ეკონომიკური მდგომარეობა, დასტაბილურდება თუ გაუარესდება. რუსეთი შეეცდება საქართველოს წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს ისე, რომ მისი პირდაპირი დადანაშაულება ამაში ვერ მოხერხდეს. შესაძლოა შეეცადოს, რომ მართვად, ქაოსურ მდგომარეობაში იყოლიოს ქვეყანა, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც მას საქართველოში გააჩნია და ეს შესაძლებლობები ცოტა არ არის.

მაგალითად შეიძლება მოხდეს გარკვეული მღელვარების გაღვივება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში. არ მგონია, რომ თვალსაწიერ მომავალში, რუსეთი მასშტაბურ, აგრესიულ ქმედებებს მიმართავს ჩვენ წინააღმდეგ, თუმცა შესაძლოა კონფლიქტის ზონებში მცირე გამწვავებები მოხდეს ბორდერიზაციის, ადამიანების გატაცებების კუთხით და ა.შ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×