ელზა პაპოშვილი
09.07.2019

 პოლიტიკაში ხელისუფლების "ბრიყვული ქცევის" გამო "იძულებით შემოსული" ხაზარაძე - ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ბანკირის განცხადებას, რომელიც სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული დასავლური მხარდაჭერის მქონე ხაზარაძე ქვეყნის მესამე ძალა გახდეს, რომელიც ხელისუფლესბის გეგმებს დაანგრევს. ექნება თუ არა ხაზარაძეს საზოგადოები მხარდაჭერა? ექსპერტები ამბობენ, რომ მას საკმაოდ დიდი სოციალური კაპიტალი აქვს, რისი მეშვეობითაც საკმარის ელექტორატს გაიჩენს. 

მამუკა ხაზარაძემ კი მოსახლეობას აცნობა, რომ  თანამოაზრეებთან ერთად, საზოგადოებრივი მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ ხაზარაძე მიმართვაში საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. წერს, რომ ქვეყანაში არსებული პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, რაც საზოგადოების დაპირისპირებისკენაა მიმართული. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მოძრაობა სექტემბერში დაფუძნდება და მასთან ერთად, მისი თანამოაზრეები იქნებიან. მოძრაობის მიზანი კი როგორც ხაზარაძე ამბობს, ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

"ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 

20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება. თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას.

 ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს. სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

"აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. 

"ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება. გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი," - წერია ხაზარაძის განცხადებაში. 

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხაზარაძის პოლიტიკაში შესაძლო შემოსვლასა და მის შანსებზე საუბრობს. ამბობს, რომ  ხელისუფლებამ თავისი ბრიყვული ქმედებებით მას, პრინციპში, სხვა გზა არ დაუტოვა. „ოცნებამ“ ამით  კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი მაზოხისტური ბუნება, როდესაც საკუთარ პრობლემებს თავადვე  წარმოშობს.  ხელისუფლებამ საზოგადოებაში დასაყრდენი დაკარგა და ამიტომ ფიქრობს, რომ არჩევნები იყიდოს. ხაზარაძე კი ხელისუფლების ამ გეგმას ანგრევს.

„პოზიტიურად ვუყურებ ამას ყველაფერს, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას საზოგადოებაში საყრდენი დაკარგული აქვს. შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ არჩევნები კი არ მოიგოს, არჩევნები იყიდოს. არჩევნები რომ იყიდო, ამისთვის უნდა მოახდინო რესურსების მონოპოლიზაცია. ხაზარაძე, როგორც ალტერნატიული რესურსების ცენტრი, მათ ამ მთელ გეგმებს, ფაქტობრივად, ანგრევს და პოლიტიკურ სივრცეს ხსნის, რაც სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.  

მისივე თქმით, ხაზარაძეს საკმაოდ დიდი სოციალური კაპიტალი აქვს და ის ტიპიური ბანკირი არ არის, რომლის მიმართაც საზოგადოება აგრესიულად იყოს განწყობილი. ამიტომაც 2020 წლის არჩევნებში თუ კი ის პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, საკმაოდ კონკურენტული ფიგურა იქნება და ხელისუფლებას "კარგ თავის ტკივილს" გაუჩენს.  

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე კი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული, რომელიც შეძლებს,  საზოგადოებაში გააჩინოს მათი დამცველის იმიჯი. თუნდაც ეს იყოს დაცვა   „ნაციონალური მოძრაობისგან“  ან  პოლიტიკური რყევებისგან. მისი აზრით,  ხაზარაძე სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ამის რესურსი აქვს. ფიქრობს, რომ  ქვეყანაში დრო და ნიშა ახლა ხაზარაძისთვის ძალიან ხელსაყრელია.

„ქვეყანაში 60%-მდეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ახალ პოლიტიკურ ძალას მიესალმება. განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის ეშინია, პოლიტიკური ძალის სახით უსაფრთხოების ქოლგა სჭირდება. ეს არის ის ხალხი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა. არა იმიტომ, რომ ზურაბიშვილი ან „ქართული ოცნება“ ეხატებათ გულზე, არამედ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის შეეშინდათ. ამიტომაც ამისგან თავის დასაცავად ერთადერთი პოლიტიკური ძალა ეგულებოდათ „ქართული ოცნება“, - აცხადებს ლაგაზიძე. 

მისივე აზრით, „უსაფრთხოების ქოლგის“ როლს „ქართული ოცნება“ ვეღარ ასრულებს. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ  მას ბრძოლას დაუწყებს ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მას მოსახლეობას შეუძლია ძალიან სწორი და კარგი ეკონომიკური ხედვა შესთავაზოს. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×