"ახლა პრინციპში მთავრობის წინააღმდეგ ყველა პროტესტანტი მხარე სწორად მოქმედებს, ყველა მოითხოვს ამ სატანების ბუდის დაშლას, ხოდა მივუშვათ, მეც მივიღებ მონაწილეობას," აცხადებს სცენარისტი და კინორეჟისორი გიორგი შენგელაია რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
გიორგი შნგელაია: მე მინდა გამოვეხმაურო საქართველოში ბოლო დღეებში მომხრდარ ამბებს, ჩემი აზრი ახლანდელ მთავრობაზე არის აბსოლუტურად ნეგატიური, ამ ფონზე გამოჩნდა ახალგაზრდა ხალხი, რომლებმაც მიიტანეს იერიში პარლამენტზე. ამან ძალიან გამახარა, ამის გამო ორ დიდ მიტინგში მივიღე მონაწილეობა და ჩემი აზრიც გამოვთქვი.
დავიწყე ფიქრი, როგორ მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში. სპეციალურად დავამზადე დროშა წმ. გიორგის გამოსახულებით, და წავედი მიტინგზე. უცებ ამ მიტინგის მესვეურები და შოთა დიღმელაშვილი მეუბნებიან, ჩვენ ამ დროშას აქ ვერ დავდგამთო. მივხვდი, რომ მათ ბოლომდე გააზრებული არ აქვთ რას აკეთებენ, ამ მთავრობას მოუმზადებლები უტევენ. ეს არის უფროსი თაობის იგნორირება ჩემი სახით, რომლებმაც ბევრი ვიცით. თქვენ უკვე ხედავთ, რომ გაგრძელდა ეს პროცესი და სულ ერთიდაიგივე ხდება, ასე ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. გუშინ მიტინგებზე მეორე ძალა კი გამოჩნდა და ეს იყო კარგი მიზანსცენა, საქართველოში რომ არის ორი ძალა, ეს უკვე კარგია.
„რეზონანსი": თქვენ თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა, რომელიც აქციაზე არ გაჟღერებულა?
გ.შ: დიახ! მე კატეგორიულად მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, მეცოდება ქართველი ხალხი, რომ კიდევ 2020 წლამდე დარჩეს ამ სატანების და გონებრივად განუვითარებელი ხალხის ხელში. ერთხელ ბიძინაზე ვთქვი, რომ ეს კაცი არის უკითხავი, მქონდა მასთან კონტაქტები და მივხვდი, რომ საერთოდ არაფერი არ იცის, როგორ შეიძლება სახელმწიფოს მართავდეს კაცი, რომელმაც არაფერი არ იცის?! ივანიშვილი უნდა გავუშვათ თავის პრემიერ-მინისტრიანად.
„რ": როგორ ფიქრობთ, გახარია გადადგება?
გ.შ: გახარია არ გადადგება, მე რომ მიტინგზე მივედი, ხალხსაც ვუთხარი, რომ მოეთხოვათ ბიძინას დათხოვნა და ჩათვალეთ, რომ გახარიაც აღარ არის.
„რ": თქვენი აზრით, მთავრობა ხომ არ ელოდება, რომ ხალხი გამოსვლებით დაიღლება და ერთ დღესაც აქცია აღარ გაიმართება?
გ.შ: არა! მე ვატყობ ამ ახალგაზრდებს ისეთი პათოსი აქვთ, რომ არ დაიღლებიან, მეორე ძალასაც ძალიან ძლიერი პათოსი აქვს. ეს მომწონს, ეს იმის ნიშანია, გაიღვიძა საქართველომ.
მეც მაქვს პათოსი რომ შევუერთდე, მაგრამ არ მივდივარ. მარტო იმაზე კი არ ვარ ნაწყენი, რომ დამიბრაკეს წმინდა გიორგის დროშა, არა, მე როგორც ხნიერ კაცს, მიყურებენ სკეპტიკურად, ერთად უნდა გამოვიდნენ ახალგაზრდები და ძველგაზრდები იმიტომ, რომ ძველებმა ბევრი იციან და ახალგაზრდებს ბევრი ენერგია აქვთ, ასე ერთად ყველაფერს შეძლებენ.
მე მოძრაობა უკვე შქმნილი მაქვს, ამ მოძრაობას ჰქვია „ხალხის ნება". ეს ავიღე თომას ჯეფერსონის უფლებათა დეკლარაციიდან, იქ პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებას ფლობს ხალხი, აქვს ნება ეს მთავრობა კი არ გადაირჩიოს, მოიშოროს.
„რ": მოითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. რამდენად რეალურია, რომ მთავრობამ ეს არჩევნები დანიშნოს?
გ.შ: ჯერ მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას, პარლამენტის დაშლას (ყველგან აქვს ნაგავი მაგ კაცს,ივანიშვილს. პარლამენტის 1/3 ფულზე აქვს ნაყიდი). ეს მიწოლის საქმეა, და მეორეც ჩვენ ასეთ მიამიტები არ ვართ, გვიყურებს ამერიკა, რომელიც არ დაუშვებს, რომ ასე გაგრძელდეს. თუ გამოვა მოედანზე 10 ათასი კაცი, ამერიკა მაშინვე დგება ხალხის მხარეს.
„რ": კიდევ აპირებთ მიტინგზე გასვლას?
გ.შ: გამოვალ როგორც კი სიტუაცია დალაგდება. ჯერ არ ვიცი, რომელ მიტინგზე გამოვალ. ველოდები, ყველაფერს ვუყურებ და ამის შემდეგ გადავწყვეტ.
„რ": გიორგი გაბუნიას მონოლოგზე რას გვეტყვით?
გ.შ: უნდა ვთქვა ერთი რამ - გაბუნია და გვარამია სააკაშვილის მიერ მოპარული ჭუჭყიანი ფულით ცხოვრობენ, ეს არის ქართველი ხალხისგან მოპარული ფული. „რუსთავი 2"-ს ძალიან კარგი პროფესიონალები ჰყავს მე ვუჭერ მხარს მათ, მაგრამ რატომ ჰყავთ, იცით? მათ ძალიან ჯამაგირს აძლევენ და ყველა კარგი ჟურნალისტი, ვინც იყო საქართველოში, ფულის გამო მანდ მოხვდა. ერთხელ ვკითხე მათ ჯამაგირზე და მითხრეს, რომ არ გვაქვს უფლება ამაზე საუბრისო.
„რ": ეთანხმებით თუ არა პროპორციულ არჩევნებს და 0%-იან ბარიერს?
გ.შ: არა! ეს არის სისულელე. ეს იმას ჰგავს, როცა ივანიშვილმა ბანკებში ვალები გაუნულა და ვითომ აჩუქა ხალხს. სინამდვილეში კი ეს ხმებისთვის გააკეთა. ზღვარი უნდა იყოს 5% ან 7%.
„რ"5 20 ივნისის ღამეს როგორ შეაფასებთ?
გ.შ: აქ გამოიკვეთა ერთი ძალიან დადებითი რამ - სწორედ ამან გამახსენა მე რუსთაველი და ტარიელი, როცა ამ ახალგაზრდებმა შეუტიეს ამ მონსტრებს. ჩვენი პოლიციელები ეშმაკებს ჰგავდნენ. აქციის მონაწილეებს ხელები შიშველი ჰქონდათ, ისინი კი ჩაფხუტებით, ფარებით და თოფებით იყვნენ. მე, როგორც რეჟისორმა, ეს სცენა წარმოვიდგინე როგორც ტარიელის ქაჯებთან ბრძოლა. გახარია კი არ უნდა წავიდეს უნდა გასამართლდეს იმითი, რომ შუსაბამო ტყვიები იხმარა ადამიანების წინააღმდეგ. პოლიციელებს მითითება ჰქონდათ ვისგან? გახარიასგან, ეს ფაქტი 9 აპრილის დონის სამსჯელოა.
მე ვხედავ მომავალს ასე: უკვე დაიწყო საქართველოს გაწმენდა ხელისუფლებისა და მისი დამქაშებისგან. არც ერთი ძალა არ არის სრულყოფილი, ერთნი ვერ ხედავენ, რომ ტრადიციები უნდა შეინარჩუნოს ქვეყანამ, ხოლო მეორე ჯგუფი ვერ ხედავს, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს. ისინი უკიდურესობაში მიდიან, რომ თავისუფლება გვინდაო. მე ჰეგელის ერთ გამონათქვამს მოვიყვანდი, რომ „თავისუფლება არის გააზრებული აუცილებლობა."
ახლა პრინციპში მთავრობის წინააღმდეგ ყველა პროტესტანტი მხარე სწორად მოქმედებს, ყველა მოითხოვს ამ სატანების ბუდის დაშლას, ხოდა მივუშვათ, მეც მივიღებ მონაწილეობას.