(რეზონანსი) ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში წუხელ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
თვითმხილველთა ინფორმაციით აფეთქებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. მათივე განმარტებით, გვიან ღამით დაინახეს, როგორ დაადეს ერთ-ერთ კაცს ხელბორკილი და საპატრულო პოლიციის მანქანით წაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ კაცი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ის სავარაუდოდ, იყო ნასვამი და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ხელა უშლიდა.
ადგილობრივების თქმით, სამივე დაშავებული კორპუსში სტუმარდ იმყოფებოდა.
აფეთქების შედეგად დაშავებული 18 წლის მამაკაცი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ ერთ მამაკაცს „ამტელის” კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ვარკეთილის სამხედრო დასახლების ერთ-ერთ კორპუსში გვიან ღამით ხელყუმბარა შეაგდეს. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ფაქტზე გამოძიება 19,109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა შეიძლება გამცხარიყო დანაშაულის მოტივი.
სამივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.