"კონსტიტუციით ყველას აქვს უფლება, შექმნას პოლიტიკური პარტია, ხაზარაძის და კვირიკაშვილის პარტიაც იქნება 400-ე რეგისტირებული პარტია საქართველოში. დანარჩენს ყველაფერს არჩევნები დაალაგებს, ამიტომ წინაწარ შეფასებები, ის გაიმარჯვებს, თუ სხვა, ნაადრევია".
აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, ვისაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით რუსეთის რეაქციას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადებას, რომ არ აპირებს საქართველოსთვის სანქციების დაწესებას "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან მის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების მიუხედავად.
დემურ გიორხელიძე: პოლიტიკური თვალსაზრისი "რუსთავი 2" -ის ჟურანალისტი გიორგი გაბუნია არ წარმოადგენს იმ ფიგურას, რომლის ნააზრევი, ან ნათქვამი პოლიტიკურ კონტექსტში გასარჩევი იყოს.
მას არ შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური პროცესის განვითარება ან შენელება. უბრალოდ, ის რაც მოხდა, კარგად გამიზნული პროვოკაციაა, რაც პირველ რიგში აზარალებს თავად გაბუნიას და რა თქმა უნდა, ტელევიზიას.
თუმცა, არანაირი აგრესიული შეფასება გაბუნიას ან ტელევიზიიის მიმართ სწორი არ არის; ეს არის კერძო ტელევიზია, უნდოდათ და თქვეს.
როცა შეურაცხყოფას აყენებს ოფიციალური პოლიტიკური პირი, ეს უკვე არის შეურაცხყოფა, რადგან, ამ ოფიციალური პირის უკან დგას სახელმწიფო. ანუ მისი სახით ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს აყენებს შეურაცხყოფას.
ის პროვინციული კაკანი, რაც საქართველოში ატყდა, კომიკურია. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის საქართველოს უახლოესი ისტორიის ტრაგედია და მისი პოლიტიკანური მიზეზებით გამოყენება არის უპასუხისმგებლობა, ხოლო მორალის და ზნეობის თვალსაზრისით დიდი უზნეობა.
სამწუხაროდ, ამ იდეოლოგიურ წუმპეში ჩათრეული არიან ახალგაზრდები, რომლებიც პროტესტის არსში და კონტექსტში გარკვეულები არ არიან. რა თქმა უნდა ახალაგაზრდები მაქსიმალისტები უნდა იყვნენ და დამოუკიდებლებიც, მაგრამ საკუთარ მომავალზეც უნდა ფიქრობდნენ და არა ვიღაცის პოლიტიკას ემსახურებოდნენ.
ახალგაზრდის პიროვნებად ჩამოყალიბება, ეს არის განათლებაში, ხოლო პოლიტიკურ ნიუანსებში გარკვევას მას ასაკი თავად ასწავლის.
რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, პრინციპში მოსალოდნელიც იყო, რომ ამ პროვოკაციას გამოიყენებდნენ, რაღაც რეგირება მოახდინეს, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ უაზრობას ჩადიოდნენ და შეცვალეს ტაქტიკა.
სანქციები პირველ რიგში შეეხება და დაისჯება ის 100 ათასი ოჯახი, ვისი წევრებიც დღეს რუსეთში მუშაობს და ყოველთვიურად მათ გამოგზავნილ ფულს არიან მიჩერებული. ასევე, იმ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნელებს, რომლებიც თავისი შრომით არსებობენ.
მაგრამ საქმე მარტო ეკონომიკაში არ არის. ეს არის პოლიტიკური პრობლემა, რომლის გადაჭრის უნარი, ცოდნა და პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ ქართველ პოლიტიკოსებს. ეს ეხება, როგორ დღეს ხელისუფლებაში მყოფთ, ისე მათ ვინც, ადრე იყო ხელისუფლებაში, დღეს კი ოპოზიციაშია.
"რ": როგორც თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, სწორედ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგეს დააფუძნოს ახალი მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის გამთლიანებას და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ხაზარაძის მოძრაობას, რომლის დაფუძნებასაც სექტემბრისთვის აანონსებს.
დ.გ: კონსტიტუციით, ყველას აქვს უფლება შექმნას პოლიტიკური პარტია. ხაზარაძის და კვირიკაშვილის პარტიაც იქნება 400-ე რეგისტრირებული პარტია საქართველოში. დანარჩენს ყველაფერს არჩევნები დაალაგებს. ამიტომ წინასწარ შეფასებები ის გაიმარჯვებს თუ სხვა ნაადრევია.
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, კარგად არ მესმის ასეთი ბექგრაუნდის ადამიანმა ხმები როგორ უნდა მიიღოს. საბანკო საქმე არის ერთი სფერო, ხოლო პოლიტიკა მეორე. ხაზარაძე კარგი ბანკირია და შესანიშნავ ადგილზე იყო, საქმეს აკეთებდა, მაგრამ მისი დიდი შეცდომა ისაა, რომ ყველაფერი მოინდომა. როცა შენ გინდა ყველაფერი და სხვას არაფერი, უნდა იცოდეს, რომ ის სხვები, რომელებიც ბევრია, შენ ამისთვის პასუხს გაგცემენ.