რუსეთის სახემწიფო დუმამ, რომლის უმრავლესობაშიც პრეზიდენტ პუტინის პარტია „ედინაია რასიაა", საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა, თუმცა, ამავე დროს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით ის ამ ეკონომიკურ სანქციებს არ შემოიღებდა. რატომ აწყობს რუსეთის პრეზიდენტს საქართველოსთან ორმაგი თამაში?
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონასთან" ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინის მოჩვენებითი ლოიალობა ნიშნავს იმას, რომ იგი ცდილობს საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც თავისთავად პოლიტიკურ დამოკიდებულებასაც გაზრდის.
„ამ შემთხვევაში რუსეთის მიზანი პირველ რიგში გახლდათ საქართველოს დაშანტაჟება, ანუ რუსეთი აცნობიერებს იმას, რომ მას გარდა სამხედრო ბერკეტებისა, როდესაც რუსეთის სამხედრო ჯარები იმყოფებიან საქართველოს ორ ისტორიულ, ამ დროისთვის ოკუპირებულ დე ფაქტო ანექსირებულ რეგიონებში, რუსეთს კიდევ გააჩნია ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს წიაშე.
„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა რუსულ ბაზარზე გაიზარდა 37%-ით, რომ საქართველოს და რუსეთს შორის 2018 წლის მონაცემებით სავაჭრო ეკონომიკურმა მოცულობამ გადააჭარბა 1 მილიარდ 300 მილიონ აშშ დოლარს, ასევე გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოველთვიურად საქართველოში რუსეთიდან ხორციელდება 35 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის გადმორიცხვა, გარდა ამისა, ის, რომ ქართული ღვინის 60 %ის რეალიზაცია ხორციელდება რუსულ ბაზარზე, კერძოდ 2018 წელს ერთი თვის მონაცემებით რუსულ ბაზარზე გაიყიდა 550 ათას ბოთლზე მეტი ჩვენი ღინო.
„აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ერთის მხრივ რუსეთის სახელმწიფო დუმამ საქართველოს აჩვენა საკუთარი კლანჭები, რომ მის ხელშია ბერკეტები, თუ ვთქვათ საქართველო არ გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც იქნება რუსეთისთვის მისაღები. პუტინმა ამ შემთხვევაში ორმაგი თამაში ითამაშა, მან თითქოს კეთილი ბიძის როლი მოირგო, რომ პატივს სცემს ქართველ ხალხს და ამის გამო სანქციებს არ დააწესებდა, თუმცა მათ ქმედებებში შეინიშნება მზაკვრული გეგმები.
„კერძოდ ის მზაკვრული გეგმები, რომ პუტინი ცდილობს საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც შესაბამისად გაზრდის საქართველოს პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რუსეთისადმი ლოიალური ძალების გავლენის ზრდას საქართველოში პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სფეროში." - ამბობს იგი.
პოლიტოლოგისვე აზრით, პუტინის ამ ნათქვამით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა და ქართველი ხალხი ამ ხალხების გენოციდს ახორციელებდა, ნათლად ჩანს, რომ ქართველ ხალხს არანაირ პატივს არ სცემს.
„პუტინმა ერთის მხრივ თქვა, რომ საქართველოს პატივს სცემს, მაგრამ მეორეს მხრივ თქვა აბსოლუტური ტყუილი, რომ არც აფხაზეთი და არც ე.წ სამხრეთ ოსეთი არასდროს არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, პირიქით, საქართველო ოსი და აფხაზი ხალხების გენოციდს ახორციელებდა, ეს რა თქმა უნდა აბსოლუტური ტყუილია, აქედან გამომდინარე, ცხადია პუტინი ქართველ ხალხს არანაირ პატივს არ სცემს.
„გარდა ეკონომიკური ბერკეტებისა, პუტინს ექნება გარკვეული ბერკეტები ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რუსეთი იტყვის, რომ ჩვენ არ შემოვიღეთ სანქციები, (დღეს მათ დღის წესრიგშია რომ რუსეთი-საქართველო ფრენები კვლავ აღდგეს), ოღონდ საქართველომ უნდა გაატაროს რუსეთისათვის მისაღები პოლიტიკა, კერძოდ ის, რომ არ განხორციელდეს ანაკლიის პორტის პროექტი, განხორციელდეს ზეწოლა ოპოზიციაზე, ან პროდასავლურ ოპოზიციაზე და პროდასავლურ საზოგადოებაზე, რომელიც რუსეთისთვის მიუღებელია, რუსეთი ამ საზოგადოებას უწოდებს როგორც ექსტემისტულ ძალას."- ამბობს პოლიტოლოგი
ჩიტაძემ გიორგი გაბუნიას მონოლოგზეც გააკეთა კომენტარი.
„მგონია, რომ ეს არის ცალკეული ერთი ჟურნალისტის განცხადება, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ქართული სახელმწიფო ვალდებულია რუსეთს ბოდიში მოუხადოს. ბოდიში რა თქმა უნდა მოსახდელი აქვს რუსეთს იმის გამო,რასაც იგი ეწეოდა და ეწევა საქართველოს წინააღმდეგ საქართველოში ნებისმიერი ხელისუფლების არსებობის პირობებში.
„გაბუნიას განცხადება რუსეთისთვის იყო ერთერთი საბაბი,რომ საქართველოს აქვს ბოდიში მოსახდელი. რეალური მიზეზი კი ის არის რომ რუსეთს სურს საქართველოზე ზეწოლის გაგრძელება,"-აცხადებს პოლიტოლოგი „რეზონანსთან" საუბრისას.