20 ივნისის ღამიდან დღემდე, საქართველოში მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია, სტაბილური ვითარების შენარჩუნება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც უფრო ცხელ ფაზაში გადადის და ეს ვნებათაღელვა „გავრილოვის ღამის" შემდეგ არ ცხრება, რასაც კრემლის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სანქციები და შეზღუდვებიც მოჰყვა. თუმცა, ამ ყველაფერზე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები დუმილს ამჯობინებენ. მათი მხრიდან არ მომხდარა ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება.
რა პროცესთან გვაქვს საქმე და რას შეიძლება დავუკავშიროთ ეს დუმილი?
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი კრიზისული ვითარება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ოფიციალური განცხადების გაკეთებას საჭიროებდეს. ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ საელჩოების დონეზე, განცხადებები უკვე გაკეთდა.
„საერთაშორისო, წამყვანი მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ ამ საკითხებს. ეს პირველი ეტაპი იყო, რომელიც შიდა პოლიტიკურ კრიზისთანაა დაკავშირებული. აქ არ მომხდარა მასობრივი არეულობა, ან მკვლელობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, განსაკუთრებული ყურადღება ყოფილიყო, რადგან ყველა ქვეყანაშია ასეთი კრიზისი. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ეს მედიასაშუალებები ამ თემასაც აქტიურად აშუქებდნენ.
„ამერიკის საელჩომ გააკეთა განცხადება და ამასთან ერთად იყო რამდენიმე საელჩოს განცხადებაც. ოფიციალურ დონეზე რა უნდა გაკეთებულიყო? რევოლუცია არ მომხდარა. ეს არის ჩვეულებრივი, პოლიტიკური ჭიდილი.
"მესმის, რომ საქართველოსთვის დიდი ამბავია, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით, რა შეფასება უნდა მომხდარიყო? ამ შემთხვევაში შესაფასებელი არაფერი იყო. რაც მთავარია, დასავლეთში მასმედია ამას მუდმივად აშუქებს. თუ იმას ვფიქრობთ, რომ მაღალ დონეზე უნდა გაკეთდეს განცხადებები, აქ სიტუაცია ისეთ კრიზისულ დონემდე არ არის მისული, რომ მაღალი დონის განცხადებები გაკეთებულიყო," - აღნიშნა კაკაჩიამ.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ელჩების მიერ გაკეთებული განცხადებების უკან თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დგანან და სწორედ მათი სახელით გაკეთდა ის განცხადებებიც, რაც აქამდე მოვისმინეთ.
„საქართველოში ვეროკავშირის წევრი ქვეყნების განცხადებები ვნახეთ და ჩვენ თუ ველოდებით ევროკავშირი განცხადებას გააკეთებს, ეს, როგორც წესი, ასე არ ხდება-ხოლმე, როდესაც ქვეყანაში შიდა მოვლენებს აქვს ადგილი და საპროტესტო მუხტია, ასე ხელაღებით თქმა იმისა, რომ ამ ყველაფერზე დუმილია, გამიჭირდება. ის განცხადებები, რაც გაკეთდა, მნიშვნელოვანია და ეს არ არის მხოლოდ ელჩების განცხადებები. ამ განცხადებების უკან დგას უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
„რაზე უნდა ჰქონოდათ რეაქცია? ერთადერთი, რაც იყო, რუსეთთან ურთიოერთობის კუთხით, ეს ფრენების აკრძალვა გახლდათ. არ მახსენდება, რომ ევროკავშირს მსგავს რამეზე განცხადება გაეკეთებინოს. რუსეთმა გუშინ განაცხადა, რომ ის არ აპირებს ემბარგოს შემოღებას. აქედან გამომდინარე, არამგონია, რომ ამ კუთხით, დამატებით რაიმე შეიძლებოდა გაკეთებულიყო," - აცხადებს ჩხიკვაძე.
20 ივნისის „გავრილოვის ღამის" შემდეგ მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა და საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერა. 7 ივლისს კი, ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი უცენზურო ლექსიკით მოიხსენია, რის შემდეგაც ორშაბათს რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას და საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღუდგინა. ხოლო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლიდან ყირიმის უკანონო ანექსიის გამო მოქმედებდა. ევროსაბჭოს წევრების მიერ რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება შვიდი ქვეყნის დელეგაციამ და მათ შორის, საქართველომ გააპროტესტა.
კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ეს ცალკე განსახილველი თემაა, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას, ამ კონტექსტში, არ შეიძლება დავუკავშიროთ.
„ევროპის საბჭოს მიერ რუსეთის დაბრუნება შემადგენლობაში, ეს ცალკე განსახილველი საკითხია, მაგრამ, არამგონია, რომ ამასთან რაიმე კავშირში იყოს. აქ მთავარი ის ფაქტია, თუ რატომ მოხდა რუსეთის უკან დაბრუნება.
"ევროპულ სახელმწიფოებს მიაჩნიათ, რომ იქ რუსეთის ყოფნა უფრო სარგებლიანია. როდესაც ის ევროპის წევრია, უფრო მარტივად მოხერეხდება მისი კონტროლი, ვიდრე მის გარეთ იყოს და საერთოდ არავითარ წესრიგს არ ემორჩილებოდეს. დამატებით მნიშვნელოვანია ის ფინანსური შენატანი, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთს შეჰქონდა, რომელიც საკმაოდ დიდი იყო. ამასთან დაკავშირებით რაიმე თეორიების შექმნა არამგონია მიზანშეწონილი იყოს.
„მოვლენები დრამატულად არ განვითარებულა, რომ ვიღაცის ჩარევა გამხდარიყო საჭირო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს არ გვადევნებს. ასეთი აქტიურობა ალბათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არის მოსალოდნელი, როდესაც ტემპერატურა უფრო მეტად აიწევს. მაშინ ვნახავთ, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები ამ პროცესში ჩაერთვებიან.
„ემბარგო რომ შემოეღო, სამხედრო ჩარევა დაწყებული. ამას მოჰყვებოდა შეფასებები, თუმცა ჯერჯერობით რადგან მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომლის გამოც მთელი მსოფლიო უნდა აღშფოთდეს. გასაგებია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლოში უამრავი სხვა რამ ხდება, რომელიც დიდი სახელმწიფოების ყურადღებას იპყრობს და ამ ინფორმაციულ ომში საქართველო შეიძლება ისე არ გამოჩნდეს, როგორც ჩვენ გვინდა," - განაცხადაკორნელი კაკაჩიამ.
ვანო ჩხიკვაძე საბჭოს შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამ ნაბიჯს „ნაადრევს" უწოდებს.
„ევროპის მხრიდან ხმის აღდგენა რუსეთისთვის ნაადრევი იყო და მომენტი სწორად არ გახლდათ შერჩეული. მაშინ, როდესაც ოკუპაცია გრძელდება, უკრაინაში ყირიმი ანექსირებულია, რუსული სამხედრო ბაზები საქართველოშია განთავსებული, მგონია, რომ არასწორია ასეთი ნაბიჯის გადადგმა," - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.