თამარ შუკვანი
12.07.2019

 შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა, "ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს," დიდი ბრიტანეთის ელჩი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის ელჩი არ ადასტურებენ. ამის შესახებ „ტაბულას" საელჩოებში განუცხადეს.

აქციის დაშლის დროს პარლამენტში ყოფნა უარყვეს, ასევე, ნიდერლანდებისა და უკრაინის ელჩებმა. თუმცა მათმა ნაწილმა კომენტარზე უარი თქვა.

„დილის შვიდ საათამდე დარჩენილი ჯგუფი უბრალოდ არბევდა ქალაქს. ახლა რაც შეეხება მე სად ვიყავი, მე ვიყავი იქ და ვუყურებდი ამას ყველაფერს და უშუალოდ ვხედავდი ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას," - განაცხადა გახარიამ „ტვ პირველის" ეთერში.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს საკანონმდებლო ორგანოში დიპლომატები იმყოფებოდნენ, თუმცა პარლამენტში დარბევისას რომელი ქვეყნის ელჩები იყვნენ, ზალკალიანი ვერ აკონკრეტებს. მინისტრს ეს ფაქტი კარგად არ ახსოვს და ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩების მობილიზაცია არ მოუხდენია და ისინი თავის სურვილით მივიდნენ პარლამენტში.

„20 ივნისს სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა და სიტუაციის განვითარების მიხედვით, ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩვენ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის, რომ მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მათი ინფორმირების კუთხით. მათ აქვთ საკუთარი წყაროებიც. ბუნებრივია, ინფორმირებული იყვნენ საკუთარი წყაროებიდანაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ, რომ მათ მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებდით.

„აქ საუბარი არ არის ფიზიკურ მობილიზაციაზე, რომ ჩვენ ვთქვათ, ფიზიკურად იქ მივიყვანეთ. იქ რამდენიმე ელჩი მივიდა. გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მგონი კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ და იქ ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აქ არაფერი გასაკვირი არაა, ჩვეულებრივი პროცესია," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გახარიას განცხადების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილს არ სჯერა.

„ეს არის ძალიან საშიში რამ, რაც მან განაცხადა იმიტომ, რომ პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის რაღაც მცდელობა ამოეფაროს ვიღაცის კალთას, დიპლომატების კალთას. მისი განაცხადი, რომ თითქოს დასავლეთის ქვეყნის ელჩები იმყოფებოდნენ იქ, როდესაც ის არბევდა დემონსტრანტებს, ეს არის პირდაპირ მცდელობა, რომ განხეთქილება შეიტანოს სწორედ ამ ურთიერთობებში და გარკვეულწილად გაუცხოება გამოიწვიოს დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებსა და დემოკრატიულ ძალებს შორის ქვეყანაში. და ეს მას რა თქმა უნდა არ გამოუვა იმიტომ, რომ ამ ტყუილებს არავინ არ ჭამს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისათვის, გახარიამ გუშინ, 11 ივლისს, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×