ელზა პაპოშვილი
12.07.2019

არ აპირებს გადადგომას, რადგანაც ახლა თანამდებობიდან წასვლა ყველაზე ადვილი გამოსავალია - ესაა გიორგი გახარიას პოზიცია, თანამდებობის  დატოვებასთან  დაკავშირებით, რომელიც მან გადაცემა „რეაქციაში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.  შს მინისტრმა აქციის დაშლიდან 21 დღის შემდეგ ასევე  დაადასტურა, რომ ბრძანება მან პირადად გასცა და არსებობს ამის დამადასტურებელი ხელმოწერილი ბრძანება. ასევე რამდენიმე სიტყვიერი ბრძანება გაიცა, რომელსაც სხვადასხვა პირები დაადასტურებენ. გახარიამ „რეაქციაში“ ბევრი ისეთი რამ თქვა, რაზეც აქამდე არ უსაუბრია. ოპოზიცია კი  ამბობს, რომ მის საუბარში რესპრესიების მუქარა ამოიკითხეს.   

აქმადე გახარია არ ამბობდა კონკრეტულად, რომ აქციის დარბევის შესახებ ბრძანება უშუალოდ მან გასცა. ის მხოლოდ ამბობდა, რომ ყველაფერი რაც 20 და 21 ივნის მოხდა მისი პასუხისმგებლობის საკითხია. 12 ივლის „რეაქციაში“ მან პირველად დაადასტურა, რომ ბრძანება გასცა. თქვა, რომ მან კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედა. სროლის ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც  აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

„ბრძანება მე გავეცი მას შემდეგ, რაც ამ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით. პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოულუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ვალდებულებაა ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი დაიცვან“, - განაცხადა გახარიამ. 

ნარინჯისფერ ტყვიებზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი ამბობს, რომ ეს ტყვიები ლეტალური არ არის. ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად. რაც შეეხება თანამდებობიდან მის წასვლას, მინისტრი ამბობს, რომ ამ მომენტში პოსტის დატოვება "არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა".

გახარია სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ იყო თავიდან სიტყვიერი განკარგულება, არანაირი სპეცსაშუალებები არ გამოეყენებინათ. „შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა“, - აღნიშნავს მინისტრი. ამბობს,  ჰქონდათ იმედი, რომ ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა. 

მინისტრმა 20 ივნისის ღამეზე საუბრისას ე.წ. საბურავების საქმეც გაიხსენა და არც ის გამორიცხა, რომ მტკიცებულებების შემთხვევაში პოლიტიკოსებიც დააკავონ.

„ახლა რომ მომიყვანეთ მაგალითი საბურავების, თქვენ გგონიათ, რომ მე ან ვინმე ბოლომდე არ მიიყვანს? ძაან ცდებით. პირადად გპირდებით. ეს ის შემთხვევაა, თუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურდება, რა თქმა უნდა,  ამას მივიყვანთ ბოლომდე და არავის ამაში ეჭვი არ შეეპაროს,“ - ამბობს გახარია.

მისი თქმით, მიტინგის დაშლის შემდეგ მას მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი პოლიციის მიერ ძალის გამოყენების თაობაზე. 

„მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. ამ პოზიციას იზიარებს გარკვეულ ნაწილში, გარკვეულ ნაწილში - არ იზიარებს. თუმცა, მე ვთვლი, რომ ჩვენი ძრითადი პასუხისმგებლობა გარდა პარტიულისა, არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ სპეცოპერაციის ღამეს ივანიშვილისთვის არ იყო ცნობილი მის მიერ გაცემული ბრძანებების შესახებ.

„თუმცა, რა თქმა, უნდა იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება. ისევე როგორც ჩვენ, ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევაში იყო გარკვეული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი.“ 

“ევროპული საქართველოს” დეპუტატი სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ მინისტრმა რამდენიმე ტყული თქვა. მისი თქმით მინისტრმა იცრუა, როცა თქვა, რომ  „ხმით გავაფრთხილეთ პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი გაზის გამოყენებამდეო. ტყუილია!“

კაპანაძე აბობს, რომ მეორე ტუილი იყო, როდესაც მინისტრმა განაცხადა, რომ პოზიციამ წინასწარ იცოდა გავრილოვის ვიზიტის შესახებ და დაგეგმა არეულობა და ჩამოსვლამდე ხმა არ ამოუღია. 

„ჩვეულებრივი ტყუილია. ორჯერ გააფრთხილეს ბრიფინგით კანდელაკმა და ბოკერიამ, რომ არ შემოეშვათ ქვეყანაში! ორივეჯერ დამცინავად გვიპასუხეს!“ - აღნიშნავს კაპანაძე. 

 „უფლება არ გვქონდა გავრილოვი არ შემოგვეშვაო. სამარცხვინო განცხადებაა. ნებისმიერი ადამიანი შეუძლია მიაბრუნოს საზღვრიდან შსს-მ. საერთოდ არ სჭირდება ახსნა! ეს უცბად რაც მოვისმინე! სამარცხვინო მატყუარა მინისტრი,” – ამბობს კაპანაძე. 

პოლიტიკოსები  ამბობენ, რომ გიორგი გახარია ერთადერთი რაშიც მართალი იყო, ესაა ის, რომ „ოცნებამ“ ამ აქციების დროს პოლიტიკური ფასი გადაიხადა და კიდევ გადაიხდის.  გახარიამ კი თქვა, რომ  ყველაფრის პოლიტიკური ფასი ,,ქართულმა ოცნებამ” გაიღო, რაც პროპორციული არჩევნები და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაა. 

,,პოლიტიკური ფასი იმის, რაც მოხდა „ქართულმა ოცნებამ” გაიღო საკმაოდ დიდი –პროპორციული არჩევნები და პარლამენტის თავმჯდომარე. მარტივი თემაა. პროპორციული არჩევნები არის ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მიზანი. ჩვენ ხომ ვხვდებით, რომ პროპორციული არჩევნები არის ის სისტემური ცვლილება, რომელმაც ხარისხობრივად უნდა შეცვალოს ქართული დემოკრატია.” – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×