
შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ტვ პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური ძალები დიამეტრულად აფასებენ. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მინისტრმა იმაზე ისაუბრა, რაც ყველამ ისედაც კარგად ნახა ტელევიზიით, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ რაც გახარიამ ილაპარაკა ყველაფერი ტყუილი იყო.
გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სიცრუეს უწოდებს. აცხადებს, რომ მინისტრმა "პრაქტიკულად ყველაფერი მოიტყუა".
„რასაც ვუსმენდი პრაქტიკულად ყველაფერი მოიტყუა, ოპოზიცია არ გვაფრთხილებდა გავრილოვზეო - „ევროპული საქართველო“, გიორგი კანდელაკი, მერე მეც, დღეებით კი არა კვირეებით ადრე ვაფრთხილებდით, რომ მისი შემოშვება იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო - პირველი ტყუილი.
მეორე ტყული თქვა, თითქოს სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა არშემოშვებისო - არანაირი ფორმალური საფუძველი არ სჭირდება, თუმცა საფუძველიც იყო, აფხაზეთის ომის მონაწილეა და არასასურველი ფიგურაა და არ უნდა შემოეშვათ. გაებრუნებინა უკან, ვინ უშლიდა? მესამე ტყული იყო , როცა ამბობდა, რომ ვითომ აქციები წინასწარ იყო დაგეგმილი. კობახიძე რომ გადამდგარიყო პირველ დღეს, აქცია მთავრდებოდა საერთოდ. ამის მაგივრად თქვეს, რომ არც განვიხილავთ საერთოდო. მეოთხე - თუ უნდოდათ, რომ ნაკლები რისკი ყოფილიყო, პოლიცია, სპეცრაზმი რატომ გამოიყვანეს ჯებირს გარეთ? თუ ვინმე შეჭრას ცდილობდა პარლამენტში, თუ ვინმე შეიჭრებოდა, დაეკავებინათ, რა პრობლემაა. მეხუთე - გავაფრთხილეთო, ეს რა უტიფრობაა, სად გააფრთხილეს, დინამიკი ვერ მოიტანეს, რომ ხალხს გაეგო ამის შესახებ? მეექვსე - თურმე ათი, თუნდაც ასი კაცი იქცეოდა ძალადობრივად და მეც ვნახე, რომ იქცეოდა, დანაშაულს სჩადიოდნენ. რა შუაშია დანარჩენი 10 ათასი?“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერია ასევე ფიქრობს, რომ ივანიშვილს ეშინია, მასზე არ თქვან, რომ სწორედ მისი პირადი ბრძანება იყო ძალის გამოყენება და ამიტომ არ ატოვებინებს თანამდებობას შს მინისტრს.
მმართველი გუნდის წვერი ირაკლი სესიაშვილი კი ამბობს, რომ იმ "რადიკალური ჯგუფების" შეფასებები, რომელთაც ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა ძალადობის ესკალაციაზე, მისთვის აბსოლუტურად აზრს მოკლებულია.
სესიაშვილი 20 ივნისის აქციაზე შს მინისტრის განმარტებების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან გახმოვანებულ კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. ამბობს, რომ სწორედ ოპოზიციის გეგმა იყო დაძაბულობის შეტანა ქვეყანაში. ის შს მინისტრის განცხადებების შინაარსით კმაყოფილია და ამბობს, რომ გახარიამ ამომწურავად უპასუხა კითხვებს.
„მთავარია, საზოგადოება როგორ შეაფასებს და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ გუშინ გახარიამ ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გასცა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ აღიქვა ის რეალობა, რაც სინამდვილეში მოხდა, რასაც ყველანი პირდაპირ ეთერში ვუყურებდით და მიიღო პასუხი ყველაფერ იმაზე, რაც შეიძლება გარკვეულ კითხვებს ტოვებდა. ცხადია, ბევრს ეს არ მოეწონებოდა, იმიტომ, რომ სიმართლე მწარეა და სიმართლე არის ის, რომ როცა ძალადობის ესკალაციას ახდენენ ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები - ენმ და მისთანები, შემდეგ გარბიან, იმალებიან და პასუხისმგებლობას გაურბიან, არ მოუწოდებენ თავიანთ მომიტინგეებს, რომ შეწყვიტონ ძალადობა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს იყო მათი გეგმა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.