“იურიდიულად, “ოცნებას” ჰქონდა ელჩის კანდიდატურის დაბლოკვის შესაძლებლობა, მაგრამ რამდენად გაბედა ეს, სხვა საკითხია”
ტატა შოშიაშვილი
13.07.2019

  

20 ივნისის შემდგომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო თანამეგობრობა და მოკავშირე ქვეყნები აქტიურად ადევნებენ თვალყურს. საპროტესტო აქციის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ერთერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ქვეყანაში არსებულმა აშშ-ის საელჩომ მხოლოდ რამდენიმე განცხადება გააკეთეს, სადაც განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოში არ არის დანიშნული აშშ-ის ელჩი.

„რეზონანსი" შეეცადა იმის გარკვევას, თუ რატომ არ ხდება აშშ-ის მხიდან აქტიური რეაგირება და რა უდევს საფუძვლად იმას, რომ საქართველოში კვლავ არ არის დანიშნული აშშ-ის ელჩი.

ექსპერტების განმარტებით, აშშ-ს და სხვა ნეისმიერ ქვეყანას ვენის კონვენციით ეკრძალება სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევა, ხოლო ელჩის საკითხი კი გარკვეულ შეკითხვეს დღემდე აჩენს. თუმცა, შესაძლოა, რომ საკადრო საკითხთან დაკავშირებული სირთულეების გამო არაა ელჩობის კანდიდატი დღემდე წარდგენილი.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში ელჩის ოფიცილურად დანიშვნის საკითხი საკადრო პრობლემების გამო ჭიანურდება, თუმცა, კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი რთულია:

„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. როგორც იტყობინებიან, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გადაუწყვეტელი საკადრო საკითხების ძალიან დიდი რაოდენობა დაგროვდა, როგორც იტყობინებიან. მგონია, რომ ერთერთი მიზეზი (იმისა, რომ ელჩი ოფიციალურად არაა დანიშნული) ესაა იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს შემთხვევაში გვაქვს. ამის უკან რაიმე სხვა საკითხის დანახვა, სიმართლე გითხრათ, გამიჭირდებოდა", - განმარტავს ირაკლი მენაღარიშვილი.

პოლიტიკური ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს დანიშვნასთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი და იყო კიდეც წარდგენილი კანდიდატი, თუმცა ბოლომდე უცნობია, თუ რატომ არ დაინიშნა ოფიციალურად თანამდებობაზე:

„ელჩის დანიშვნის საკითხი მეტად აქტუალურია. ერთ-ერთი ვერსიით, ამ თანამდებებოაზე უნდა ყოფილიყო დანიშნული ბრიჯიტ ბრინკსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პოლიტიკური განყოფილების უფროსი იყო.

"მმართველი ძალა კი უარყოფს, მაგრამ, თითქოს მათ არ დაუჭირეს მის კანდიდატურას მხარი, რადგან თავის დროზე ის იწონებდა იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში ხორციელდებოდა „ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში.

„მინდა გითხრათ, რომ ვენის კონვენციის თანახმად, მიმღებ ქვეყანას, ამ შემთხვევაში, აქვს უფლება, რომ არ დაუშვას ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის დანიშვნა. იურიდიულად, მმართველ ძალას ჰქონდა დაბლოკვის შესაძლებლობა, მაგრამ რამდენად გაბედა „ქართულმა ოცნებამ" ამის გაკეთება, სხვა საკითხია. შესაძლოა, რომ თავად ამერიკული მხარე არ ჩქარობს, რადგან აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იყო საქართველოში, ახლაც დროებითი რწმუნებული მუშაობს საქართველოში და საელჩო, ფაქტობრივად, სრულ რეჟიმში ფუნქციონირებს", - თქვა ნიკა ჩიტაძემ.

ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 ივნისს მომხდარი მოვლენების შემდეგ გააკეთა რამდენიმე განცხადება, რის მეტსაც ვერაფერს მოიმოქმედებდა, რადგან აშშ არ ერევა თავისი მოკავშირე ქვეყნის პოლიტიკაში.

„ამერიკის შეერთებული შტატები, რეალურად, არასოდეს არ ერევა ჩვენს საშიანო საქმეებში. კონკრეტული საკითხების შესახებ ისინი მხოლოდ და მხოლოდ რჩევებს იძლევიან იმ სახითა და მიმართულებით, რომლითაც მდგომარეობის ნორმალიზაცია უნდა გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის საფრთხე გამორიცხოს.

"ასეთი განცხადებები და მოწოდებები, როგორც იცით, გაკეთდა, ხოლო რაც შეეხება ქართულ - რუსულ ურთიერთობებს - აქაც იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული მოწოდებები რუსეთისთვის საავიაციო მოძრაობის აღდგენის თაობაზე.

„რაიმე სხვა ნაბიჯს აშშ ჯერჯერობით უბრალოდ ვერ გადადგამს. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის, რაც ხდება ჩვენს ურთიერთობებში, რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას, შემაშფოთებელ ფაქტს სულაც არ წარმოადგენს.

"შესაძლებელია, საელჩო ისევე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში გარკვეულ ნაბიჯებს დგამს და გარკვეული სიგნალები არსებობს მათგან, რაც ჯერჯერობით ფართოდ არ არის აფიშირებული, მაგრამ ჩემთვის ცნობილი არაა.

"თუმცა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება ყოველთვის იმგვარი იქნება, როგორც გითხარით, არც მე მეპარება ამაში ჭვი და არა მგონია ვინმეს გაუჩნდეს ეს მოსაზრება", - დასძინა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ნიკა ჩიტაძის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩარევა და გარკვეული სახის მოწოდებების გაკეთება დიპლომატიური ნორმების დაღვევა იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლოა, რომ კულუარებში მიმინარეობს კიდეც მოლაპარაკებები:

„რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ არის ამერიკის საელჩო აქტიური და რატომ არ მოუწოდებს მხარეებს, რომ საქართველოში მოაგვარონ საკითხი, შეიძლება იმით განიმარტოს, რომ არც ამერიკას და არც სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს ან განაცხადოს, რომ ეთანხმება დემონსტრანტების მოთხოვნებს - ეს ნიშნავს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.

"საკუთარ პოზიციას პირდაპირ ვერ დააფიქსირებს ისევე, როგორც იმას, რომ გახარია უნდა წავიდეს ან დარჩეს. ხელისუფლების ვერც სასარგებლო და ვერც საწინააღმდეგო აზრს ვერ დააფიქსირებს, რადგან ეს დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა იქნება.

„რა თქმა უნდა, ყურადღებით ადევნებს თვალს იმ მოვლენებს, რომელიც საქართველოში ვითარდება. თუმცა, ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მუდმივი ელჩი არ ჰყავს საქართველოში, ან განცხადება არ გაუკეთებია მიმდინარე მოვლენების შესახებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ გულგრილია იმ პროცესების მიმართ, რაც საქართველოში მიმდინარეობს.

„შესაძლოა, „ვარდების რევოლუციის" დროს აშშ-ისთვის მისაღები იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, მაგრამ პირდაპირი მხარდაჭერა არც მაშინ არ იყო გამოხატული.

"არის რაღაც ქვეშ-ქვეშა დინებები, შესაძლოა, რომ კულუარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ევროკავშირის მხრიდან ვიცით, რომ დონალდ ტუსკი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს ბათუმში და დახურულ კარს მიღმა, რა თქმა უნდა, განიხილება საკითხები, რომელიც, ალბათ, მასმედიისთვისა და საზოგადოებისთვის არის მიუწვდომელი", - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×