
ორ თვეზე მეტი გავიდა საგარეჯოს რიონის სოფელ ყანდაურაში მომხდარი შემზარავი მკვლელობიდან, მაგრამ პასუხი კითხვაზე, რას შეეწირა 5 კაცის სიცოცხლე, არ არსებობს. ტრაგედია 3 მაისის დილას, გამყრელიძეების სახლში დატრიალდა – დაიღუპა 4 კაცი: ომარ გამყრელიძის ვაჟი და რძალი და მათი მეზობელი დედა-შვილი. ომარ გამყრელიძის მეუღლე, 71 წლის ელზა, საწოლში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იპოვეს, ქალი თვეზე მეტხანს ებრძოდა სიკვდილს და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დანაშაული იმავე დღესვე გამოაცხადეს გახსნილად და 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. მართალია, ის უარყოფდა დანაშაულთან კავშირს, მაგრამ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გაირკვა, რომ მკვლელობები ორი სხვადასხვა იარაღის გასროლით მოხდა. მოგვიანებით ძალოვანებმა განაცხადეს, რომ ამ დანაშაულში კიდევ ერთი პირია კავშირში – ომარ გამყრელიძის ვაჟი, ნოდარ გამყრელიძე, რომელიც იძებნება. პატიმრობაშია ნოდარის უმცროსი ვაჟიც, 22 წლის ომარ გამყრელიძე. მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდება აქვს წარდგენილი, მაგრამ ის არ აღიარებს დანაშაულს. ბაბუასა და შვილიშვილს ამჟამად კერძო ადვოკატი გილერ ენდელაძე იცავს:
"საბრძოლო მასალაზე მისი არც ანაბეჭდებია ამოღებული და არც დნმ აღმოჩნდა. ამიტომ მისი ბრალიც აბსურდულია.ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისროდნენ გარედან შიგნით, ისეთი ტრაექტორიით (ზემოდან ქვემოთ), რომ აშკარაა, ამას ომარ გამყრელიძე ვერ შეძლებდა. გამოძიება მალე მივა იმ დასკვნამდე, ომარ გამყრელიძე უდანაშაულოდ ცნოს.
სახლში საბრძოლო მასალები ვიპოვეთო, ამბობს გამოძიება, მაგრამ ექსპერტიზით არ დასტურდება მისი შეხება ამოღებულ საბრძოლო მასალასთან. არც ბაბუას და არც შვილიშვილს ბრალდებები არ უდასტურდებათ. გამოძიებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ იმედია, გამოასწორებს.
მესმის მათიც – ნახეს დახოცილი ხალხი, შევიდნენ სახლში და მარტო ომარი დახვდათ ცოცხალი, იდგა მეუღლის საწოლთან და გონდაკარგულ მეუღლეს დანით უხსნიდა კრიჭას, რომ ენა არ გადაეყლაპა. ამის მერე დაჰკითხეს მეზობელი, ფრიდონ გამყრელიძე, რომელიც თავისი ცოლ-შვილის მისვლამდე გამყრელიძეებთან იყო. ფრიდონმა იცოდა, რომ შინ მხოლოდ ომარი იყო.
წარმოიდგინეთ, კაცი გამოვიდა გარეთ და გაისმა სროლაც, დაინახა, როგორ ამოწყვიტეს ყველა, მათ შორის მისი ცოლ-შვილი, და იფიქრა, ომარმა ატეხა სროლაო" , - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" ადვოკატი.